ინტერვიუები

1:05 | 25.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

გელა გომელაური: “ვიტ ჯორჯია” შემტევ სტილს არ უღალატებს”

გელა გომელაურს უმაღლესი ლიგის გუნდის თავკაცის რანგში ჩინებული დებიუტი გამოუვიდა. თბილისის “ვიტ ჯორჯიას” დამრიგებელმა დედაქალაქურივე “დინამოს” დამარცხება შეძლო და საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა. გომელაური ჯერ “ვიტ ჯორჯიას” დუბლშემადგენლობის თავკაცი გახლდათ და მისმა სამწყსომ დუბლების ჩემპიონატი პირველი ეტაპი პირველ ადგილზე ჩაამთავრა. ამის შემდეგ, იგი “ვეტერინართა” პირველი გუნდის შტაბში აქტიურად ამოქმედდა და სამწვრთნელო პროცესი, ფაქტობრივად, მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.
ალბათ ყველას ახსოვს, როგორი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა “ვიტ ჯორჯიამ” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში, როდესაც თბილისელებმა “ზესტაფონთან” გასვლით შეხვედრაში გამანადგურებელი მარცხი (0:3) არად ჩააგდეს და შინ მეტოქეს 4:0 სძლიეს.
სწორედ ამ მატჩის კვალად, გომელაური “ვიტ ჯორჯიას” მთავარი მწვრთნელი გახდა და წარმატებული სვლის გაგრძელებაც მოახერხა. “ვეტერინართა” თავკაცთან ინტერვიუ გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
- აქამდე უმაღლესი ლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელი არ ყოფილხართ, საპასუხისმგებლო საქმეს კი, მყის მოქმედ ჩემპიონთან ერთად შეუდექით...
- მთავარი მწვრთნელობა ჩემთვის უცხო არ ყოფილა, ვიყავი საქართველოს 19 და 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცი. მწვრთნელობა 1991 წლიდან დავიწყე, ”ნორჩი დინამოელში” მაშინ 13-14 წლის ბავშვები ჩამაბარეს, კარგი თაობა იყო, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი... ერთი სიტყვით, ამ საქმეში გამოუცდელი არ მეთქმის და როცა “ვიტ ჯორჯიას” გაწვრთნა შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია.
- “ვიტ ჯორჯია” ნოემბრის ბოლოს ჩაიბარეთ და ფაქტია, გუნდს თქვენი ხელი მალევე დაეტყო. მაინც რისი შეცვლა მოახერხეთ მცირე დროში?
- მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის თანამშრომლობის ფორმატის შექმნას დრო სჭირდება, თუ ვინმე იტყვის, რომ ეს უცბად ხდება, გულწრფელი არ იქნება. “ზესტაფონთან” სათასო შეხვედრაში ფეხბურთელებმა რიგიანად შეასრულეს დავალება და მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიეთ, მეორე წრის ბოლო მატჩში კი შინ აუტსაიდერ “ლოკომოტივს” ვერ მოვუგეთ... მერე იყო სუპერთასი. “დინამოსთან” უმაღლეს დონეზე გვქონდა სათამაშო დისციპლინა, რამაც შედეგი მოიტანა.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელებმა – ლექსო კვახაძემ, ლაშა ჯაფარიძემ, დავით ხურცილავამ, ირაკლი კლიმიაშვილმა საწყის ეტაპზევე კარგად აუღეს ალღო გუნდში შეტანილ ტაქტიკურ სიახლეებს. ამ მოკლე ხანში ასე ვითარდებოდა მოვლენები და უნდა ვაღიაროთ, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა.
- სუპერთასის მატჩს დავუბრუნდეთ. რა ფაქტორებმა განაპირობეს “ვიტ ჯორჯიას” გამარჯვება?
- ჩვენ არ გვეტყობოდა ნერვიულობა და მეც მშვიდად ვიყავი. ისე ვემზადებოდით, როგორც სხვა მატჩებისთვის. არ მინდოდა, რომ ზედმეტი ემოციები შემეტანა გუნდში. შევამცირეთ ვარჯიშების მოცულობა და ინტენსივობა. მატჩის წინა დღეს რუსთავის ხელოვნურსაფარიან მოედანზე რომ გვქონდა ვარჯიში, აქცენტი ვიზუალურობაზე გადავიტანეთ – ახალი მოედანი, ახალი სიტუაცია...
მეტოქეც კარგად გვყავდა შესწავლილი, ვიცოდით, რომ მეორე ტაიმში “დინამო” გადაეწყობოდა და მერებაშვილი ფლანგიდან ფლეიმეიკერის პოზიციაზე გადაინაცვლებდა.
შეცვლაზე შევუშვით გიორგი ვასაძე, ვისაც მეტწილად დუბლებში უწევდა თამაში და ისეთ სიტუაციაში გავამწესეთ “დინამოსთან”, რა სიტუაციაშიც ის დუბლების მატჩებში მოქმედებდა ეფექტურად.
ისიც მნიშვნელოვანი იყო, რომ ასევე შეცვლაზე შესული გიორგი კახელიშვილი მარცხენა ფლანგზე დავაყენეთ. ამ ფეხბურთელს ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდი, როცა “ლოკომოტივში” თამაშობდა და მაშინაც ერთობ ეფექტური იყო, როცა შეტევის მარცხენა ფრთაზე მოქმედებდა.
ამასთანავე, ჩვენი ფეხბურთელები კარგად აზღვევდნენ ერთმანეთს, გუნდის კაპიტანმა კვახაძემ კი მართლაც მოწოდების სიმაღლეზე ითამაშა.
- მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი “ვიტ ჯორჯიამ” მართლაც შთამბეჭდავად დაასრულა. ახლა შესვენებაა და მეორე ეტაპისთვის უკვე საკმაოდ გექნებათ დრო, რათა თქვენი იდეები ფეხბურთელებამდე ბოლომდე მიიტანოთ. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი გუნდი იქნება “ვიტ ჯორჯია” 2010 წელს?
- ამ მოკლე დროში, რაც “ვიტ ჯორჯიას” პირველ გუნდში ვარ, ჩემთვის ბევრი სიახლე აღმოვაჩინე. გამოცდილებას მეც ვაგროვებ და სამუშაოც ბევრი მაქვს. ჯერ უცნობია, რა კონტინგენტი ეყოლება “ვიტ ჯორჯიას” გაისად. ტაქტიკური მონახაზს ამის მიხედვით შევიმუშავებთ. ერთი რამის თქმა კი ახლავე შემიძლია: კურსი უცვლელი დარჩება, შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.

0.122773