“ზესტაფონს” რუსთავში სამი ქულა იოლად არ რგებია, რასაც დაფიქისრებული ანგარიში მეტყველებს. სტუმრებმა მასპინძლების წინააღმდეგობა მატჩის მიწურულს დაძლიეს. მიუხედავად იმისა, რომ გია გეგუჩაძის შეგირდები მეორე ტაიმში უპირატესობას ფლობდნენ, გადამწყვეტი გოლი ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გაიტანეს.
რუსთაველებმა თავი არც ამჯერად დაზოგეს, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ ქულის აღების შანსიც ჰქონდათ, თუმცა ბედმა ზესტაფონელებს გაუღიმა.
შეხვედრის საწყისმა 40 წუთმა უღიმღამოდ ჩაიარა. მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელი მხოლოდ ორი ეპიზოდი აღმოჩნდა. მე-19 წუთზე, გრიგოლ დოლიძემ მარჯვენა მახვილი კუთხიდან დაარტყა და კოტე სეფიაშვილმა ბურთი მუშტებით მოიგერია. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, “მეტალურგის” შეტევის დროს, ზესტაფონელებმა ბურთი ცუდად მოიგერიეს და მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გიორგი მიქაბერიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან “ცაციათი” კარს ააცილა.
44-ე წუთზე, მარჯვნიდან დოლიძემ კუთხური შეასრულა და რუსთაველთა კართან ახლოს მყოფმა დიმიტრი ტატანაშვილმა თავით გოლის გატანის ძალიან რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. საპასუხო შეტევაში, დავით საჯაიამ მარცხნიდან დიაგონალური გადაცემა რუსთაველთა საჯარიმოში გააკეთა, სადაც მყოფმა ივანე ხაბელაშვილმა თავით გიორგი ჩირგაძეს უპასა, რომელმაც ვარდნაში დაარტყა და სტუმრები ბურთის გაშვებისგან ზაზა ჭელიძემ გადაარჩინა.
მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, რომ თემურ ღონღაძემ, საუცხოო პასი მისცა “მეტალურგის” საჯარიმოში გახსნილ ნიკა საბანაძეს, რომელმაც მარცხენა მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა. მალევე, დოლიძემ მარჯვნიდან ქვემოქართლელთა კართან ტატანაშვილი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით მიზანს ააცილა. 55-ე წუთზე, ტატანაშვილს ბურთის კარში გადაგზავნაში ხელი სეფიაშვილმა შეუშალა.
შეტევაში გართულმა “ზესტაფონმა” კინაღამ ბურთი თავის კარში მიიღო. ცენტრალური მცველების ზაზა ჭელიძისა და რენე ფერეირას შეცდომის შემდეგ, გიორგი მიქაბერიძემ რუსთაველთა მეკარეს გიორგი ჩირგაძე შეატოვა, მაგრამ მასპინძელთა ფორვარდმა ძალიან უხეიროდ დაარტყა.
66-ე წუთზე, მარჯვნიდან დოლიძემ ჩააწოდა და მერაბ გიგაურს მოგერიებისას ბურთი მოეჭრა, რომელიც “მეტალურგის” კარის ზედა ძელს მოხვდა. შეტევა გაგრძელდა და ფანცულაიას პასის მერე, მეკარის ბაქანში მდგომი საბანაძე ბურთს ვერ მიწვდა. 78-ე წუთზე, რენე ფერეირამ ცუდი პასი მისცა ბოიან პავლოვიჩს, რომელმაც საჯაიასთან ორთაბრძოლაში ბურთი მოიგერია, მაგრამ რუსთაველი ფეხბურთელი საჯარიმოში წაიქცა. ამას ისიც დაემატა, რომ ღონღაძესთან ორთაბრძოლაში ბესიკ ჩიმაკაძეც დაეცა. “მეტალურგის” სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები ორივე შემთხვევაში პენალტს ითხოვდნენ, თუმცა ჯენერი ხორავამ წესების დარღვევა არ დააფიქსირა.
85-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან დოლიძის მორიგი გადაცემის შემდეგ, რუსთაველი მცველები თავის საჯარიმოში შეცდნენ და შეცვლაზე შესულმა გიორგი ჭანკოტაძემ ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი აუღებლად დაარტყა. მატჩში ბოლო შეტევა “ზესტაფონმა” განახორციელა, როდესაც გიორგი ფანცულაია “მეტალურგის” საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და დაარტყა, მაგრამ სეფიაშვილმა ხიფათი გაანეიტრალა.
გია გეგუჩაძე: “ყოველთვის სასიამოვნოა თამაშს რომ მოიგებ. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გვექნებოდა. ის საუბარი, რომ რუსთაველები უმოტივაციოდ არიან გადაჭარბებულია. სასიამოვნო გუნდი ვიხილეთ. მეტოქის ფეხბურთელთა უმრავლესობის შესაძლებლობას ვიცნობდი. ჩვენ უფრო იღბლიანები აღმოვჩნდით”.
ვარლამ კილასონია: “გუნდმა საკმაოდ ორგანიზებული თამაში აჩვენა. ყოველ მატჩში გვაქვს შეცდომები რომელთა გამოსწორებას ვცდილობთ. ინდივიდუალურმა შეცდომებმა ჩვენ თამაშს თავისი დაღი დაასვა”.
მეტალურგი (რუსთავი) – ზესტაფონი 0:1 (0:0)
27 აპრილი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.
მეტალურგი: სეფიაშვილი, მახვილაძე (კ), სეთურიძე, ვარლამ გიორგის ძე კილასონია, დავით საჯაია, დობროვოლსკი (ცნობილაძე, 58), ხაბელაშვილი (ჩიმაკაძე, 74), ქავთარაძე, მიქაბერიძე (კაკაშვილი, 83), გიგაური, ჩირგაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.
ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე (კ), რენე ფერეირა, ზაზა ჭელიძე, ენდელაძე, კუხიანიძე, ჭანტურიშვილი, დოლიძე (სარდალიშვილი, 90), გეწაძე (ჭანკოტაძე, 64), საბანაძე, ტატანაშვილი (ფანცულაია, 64).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.
გოლი: 0:1 ჭანკოტაძე (85).
გაფრთხილება: გიგაური (44), ენდელაძე (47).
მთავარი მსაჯი: ჯენერი ხორავა.
გურია (ლანჩხუთი) – დინამო (თბილისი) 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ჩისკო (29 პენალტით), 1:1 ისიანი (54), 1:2 მარცვალაძე (74)
სიონი (ბოლნისი) – ჩიხურა (საჩხერე) 3:2 (1:2)
გოლები: 1:0 ლობჟანიძე (12), 1:1 ჭელიძე (37), 1:2 კვასხვაძე (38), 2:2 უგულავა (75), 3:2 ლობჟანიძე (87)
1 | დინამო (თბ) | 28 | 19 | 4 | 5 | 60:20 | 61 |
2 | ზესაფონი | 28 | 16 | 4 | 8 | 37:19 | 52 |
3 | სიონი | 28 | 15 | 6 | 7 | 39:28 | 51 |
4 | ჩიხურა | 28 | 12 | 6 | 10 | 48:43 | 42 |
5 | მეტალურგი | 28 | 11 | 6 | 11 | 31:33 | 39 |
6 | გურია | 28 | 11 | 0 | 17 | 28:43 | 33 |
ზუგდიდი - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:3 (1:2)
გოლები: 0:1 მაისურაძე (26), 1:1 მირცხულავა (30), 1:2 ჯავაშვილი (38 საკუთარ კარში), 1:3 კორიფაძე (81), 2:3 კირკიტაძე (89 პენალტით)
სპარტაკი (ცხინვალი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 შონია (38), 1:1 ჩიკვილაძე (55), 1:2 ხურციძე (84)
მერანი (მარტვილი) – დილა (გორი) 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 ქვილითაია (18), 0:2 ბოლქვაძე (45 პენალტით), 0:3 ქვილითაია (70)
1 | ვიტ ჯორჯია | 28 | 11 | 6 | 11 | 36:37 | 39 |
2 | ტორპედო | 28 | 11 | 6 | 11 | 33:39 | 39 |
3 | დილა | 28 | 10 | 8 | 10 | 39:31 | 38 |
4 | სპარტაკი | 28 | 9 | 4 | 15 | 28:36 | 31 |
5 | ზუგდიდი | 28 | 7 | 6 | 15 | 20:39 | 27 |
6 | მერანი | 28 | 6 | 4 | 18 | 21:52 | 22 |
მეგოლეები:
15 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
10 - ვილი ისიანი (“გურია”)
9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)
6 – ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;