მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურს გათამაშების ცხრილში ბევრი არაფერი შეუცვლია, “ციფრებსგარეთა” ვნებათაღელვანი ერთობ საცნაური იყო. მთავარი ამბავი, ცხადია, “ზესტაფონიდან” მთავარ მწვრთნელთა ტანდემის – დავით მუჯირისა და ზაზა ზამთარაძის წასვლაა. თუმცა, სანამ დღევანდელობაზე ვისაუბრებდით, ცოტა ახლო წარსულიც გავიხსენოთ და შევეცადოთ მომხდარი როგორმე ავხსნათ.
“ზესტაფონის” პრობლემები შარშან აგვისტოში დაიწყო, როცა ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენაში, ავსტრიის “შტურმთან” მარცხის (0:1) შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მოულოდნელად გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. გეგუჩაძე ნიჭიერი, საქართველოში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ უთქმელი კაცია, გულისნადების გაზიარება მაინცდამაინც არ უყვარს და ამისდაკვალად, მისი წასვლაც ცოტა უცნაური და ერთგვარად მითიური გამოდგა: მიზეზი შეიძლება ცოტა რთულად გასაგები იყოს, მაგრამ ყველა მწვრთნელს თავისი მოსაზრება და ამბიცია აქვს.
სიმართლე გითხრათ, მიზნად გუნდის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა დავისახე და რადგან ეს ამოცანა ვერ შევასრულე, საჭიროდ ჩავთვალე გუნდიდან წავსულიყავიო – თქვა მაშინ გეგუჩაძემ. არადა, ბელგიურ “ბრიუგესთან” ევროპის ლიგის მატჩამდე 2 დღე რჩებოდა.
არა გვგონია, ქართველები ისე ვიყოთ ევროთასებზე განებივრებული, რომ რომელიმე ლიგის ჯგუფში ვერმოხვედრა კატასტროფა იყოს. ასე ჩავთვალე საჭიროდო – ამტკიცებდა გეგუჩაძე.
ცხადია, ამ გადაწყვეტილებამ ათასი ჭორ-მართალი ააგორა, მაგრამ ახლა წვრილმანებს აღარ ჩავუღრმავდებით და მხოლოდ დავსძენთ, რომ 2008 წელს მარგველთა კლუბში მისულმა გეგუჩაძემ, გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ აშენა და 2011-ში უკვე სოლიდური სამწყსო ჰყავდა, თანაც ისეთი, კიდევ რომ მოუმატებდა და რომელიმე ევროთასზე ნამდვილად შორს წავიდოდა. მაგრამ მისი “გადადგომის” შემდეგ გუნდი მისმა თანაშემწემ გია ჭიაბრიშვილმა ჩაიბარა და “ზესტამაც” ერთი ხანი ინერციით იარა. მერე, ნელ-ნელა არასტაბილურობის ნიშნებიც გამოჩნდა, შარშანდელმა ჩემპიონმა “დაამუხრუჭა” და საპრიზო ადგილი კი არა, ექვსეულში მოხვედრაც პრობლემურად ექცა. შედეგად, სექტემბერში ჭიაბრიშვილის ადგილი მუჯირ-ზამთარაძის ახალგაზრდულმა დუეტმა დაიკავა. “მუმუ” ერთი ხანობა მწვრთნელ-ფეხბურთელის ამპლუასაც ითავსებდა, მაგრამ საბოლოოდ გუნდის სკამიდან გაძღოლა არჩია.
ამ ყველაფერს მკრთალ აჩრდილად ფინანსური პრობლემებიც თან ერთვოდა. რამდენიმე დღის წინათ შევიტყვეთ, რომ გუნდში ვითარება დაიძაბა, “ვიტ ჯორჯიასთან” მარცხის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ძირითადი გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელს ხელფასის 50 პროცენტი დაუკავა და ამის შესახებ მწვრთნელებისთვის არაფერი უთქვამს. “როგორ უნდა ვიმუშავოთ კლუბში სადაც მწვრთნელს არაფრად აგდებენ და არაფერს ეკითხებიან? – უთხრა მუჯირმა “მსოფლიო სპორტს”.
მანამდე შევიტყვეთ, რომ თამაშის წინა დღეს ფეხბურთელებმა არ ივარჯიშეს, რაც შემდეგ გუნდის მოუმზადებლობის საბაბით “ჩიხურასთან” მატჩის გადადების მიზეზი გახდა. ეს შეხვედრა 11 დეკემბერს გაიმართება. სიტუაცია გაუგებარია, ხელმძღვანელობა კომენტარისგან თავს იკავებს. არადა, იმერული გუნდის გულშემატკივრები ვერ გარკვეულან - თუ ზესტაფონელთა ბოლოდროინდელი წარმატებები პირადად კოკაიას უკავშირდება, მაშ ახლა რა ხდება, თავისსავე აშენებულს თავადვე ანგრევს?
ამასთან დაკავშირებით უამრავი აზრი არსებობს. ერთი კი ცხადია: ეს სიმპათიური გუნდი დიდი პრობლემების წინაშე დგას და იქ რაღაც ახალი ეტაპი იწყება. როგორი იქნება მომავლის “ზესტაფონი” დრო გვიჩვენებს. ჩვენ კი წარმატება ვუსურვოთ მათაც და მუჯირ-ზამთარაძის წყვილსაც.
გორში, “დილამ” გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით შინ პირველად წააგო. “ტორპედო” უფრო ყოჩაღი გამოდგა და საბანაძის გოლით 1:0 გაიმარჯვა, მაგრამ საკუთრივ თამაშზე მეტად მაყურებლებმა “გამოიჩინეს” თავი. “დილას” ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: ”ასპარეზობის პერიპეტიებზე არ შევჩერდებით, ვიტყვით მხოლოდ იმ ეპიზოდზე, რომელმაც მატჩის შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. მიმდინარეობდა მატჩის 43-ე წუთი, როცა “ტორპედოს” საჯარიმოში მყოფი რომან ახალკაცი ქუთაისელთა ცენტრალურმა მცველმა ზაზა ჭელიძემ აკრძალული ილეთით წააქცია. შემთხვევის ადგილიდან ორიოდე მეტრში მყოფმა, დამატებითმა არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა “თვალი დაიბრმავა” და წესის დარღვევა არ დააფიქსირა. წესით, თუ არბიტრები თამაშის წესის დარღვევას არ დააფიქსირებდნენ, ახალკაცისთვის სიმულაციის გამო ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინათ. მოკლედ, მსაჯებმა არც ერთი გააკეთეს, არც მეორე და თავიანთი არაპროფესიონალური (სამწუხაროდ, ანგარებითი მომენტის მტკიცებულება ჩვენს ძალებს სცილდება) ქმედებით ტურის ცენტრალური მატჩის შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონიეს.
მატჩის ბედი “დილას” გამოცდილი ხორვატი კიპერის მიუტევებელმა შეცდომამ გადაწყვიტა. 83-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილის მიერ დარტყმული ბურთი მარინ სკენდერმა ვერ შეიმაგრა და პრაქტიკულად თავადვე შეაგორა კარში. “ტორპედოს” ფორვარდმა ნიკა საბანაძემ ისედაც კარში მიმავალ ბურთს დაამატა – 0:1.
ხეცაძის საფინალო სასტვენის შემდეგ, მსაჯთა მიკერძოებული, არაკვალიფიციური მუშაობით აღშფოთებული გორელი გულშემატკივრის შიშით, “შავოსნების” 6-კაციანი ბრიგადა კარგა ხანი ვერ ახერხებდა სტადიონის დატოვებას. სტადიონის და “დილას” მესვეურთა უშუალო ჩარევა რომ არა, ძნელი სავარაუდო იყო მსაჯებს მშვიდობიანად დაეტოვებინათ ჯერ სტადიონის, მერე ქალაქის ტერიტორია”.
“მსოფლიო სპორტის” ჟურნალისტი ლაშა თაბაგარი წერს: “ბურთის გაშვების შემდეგ, აღმოსავლეთ ტრიბუნაზე მსხდომი გორელი ფანები ძალიან გაცხარდნენ და ჯავრი თანამსაჯ გიორგი ელიკაშვილზე იყარეს, რომელსაც ფეხებში ე.წ. ხმაურიან სატკაცუნოებს ესროდნენ და მთავარი არბიტრი ოთარ ხეცაძე იძულებული გახდა, თამაში შეეჩერებინა. მან კლუბის გენერალურ დირექტორ ზურაბ დალაქიშვილს და გორელთა მენეჯერ გია ისიანს მოუწოდა, რომ გულშემატკივრები დაეშოშმინებინათ. დალაქიშვილი აღმოსავლეთ ტრიბუნისკენ გადავიდა და ვითარების განმუხტვას შეეცადა. თამაშის დასრულების შემდეგ, არბიტრები გასახდელში მატჩის დელეგატის ვახტანგ ქორიძისა და დალაქიშვილის თანხლებით შევიდნენ, თუმცა გორელი ფანების ლანძღვა-გინება არ დაკლებიათ. ქომაგების ნაწილი გასახდელების შესასვლელთან შეიკრიბა და მსაჯების გამოსვლას იქ ელოდა. მსაჯების ოთახს გაძლიერებული დაცვა იცავდა, ხოლო “დილას” ხელმძღვანელობამ ფანებს დაშლისკენ მოუწოდა. პასუხად ზოგმა ისიც თქვა: “გორში ვარ და ბირჟაზე ვდგავარ, სად უნდა წავიდეო”. გარკვეული დროის გასვლის მერე, მათი რიგები შეთხელდა”.
თბილისის “დინამომ” პირველი წრის მსგავსად ბოლნისის “სიონი” ახლაც დიდი ანგარიშით 5:0 გაანადგურა და უახლოეს მდევარს 6 ქულით გაუსწრო.
ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ ჩემპიონატის განრიგში ცვლილებები მოხდა: მე-20 ტურის მატჩები გაიმართება 15 დეკემბერს; 21-ე ტური - 19 დეკემბერს, ხოლო ჩემპიონატი 23 დეკემბერს (22-ე ტური) გეგმისამებრ დამთავრდება.
მე-19 ტური. 8 დეკემბერი: დილა – ტორპედო 0:1, სიონი – დინამო (თბ) 0:5, კოლხეთი – დინამო (ბთ) 1:2, ვიტ ჯორჯია – მეტალურგი 0:1, ზუგდიდი – მერანი 3:2
1. | დინამო (თბ) | 19 | 14 | 4 | 1 | 57:16 | 46 | |
2. | დილა | 19 | 13 | 1 | 5 | 30:12 | 40 | |
3. | ტორპედო | 19 | 12 | 2 | 5 | 35:17 | 38 | |
4. | ჩიხურა | 18 | 11 | 2 | 5 | 29:19 | 35 | |
5. | ზუგდიდი | 19 | 10 | 5 | 4 | 26:16 | 35 | |
6. | ზესტაფონი | 18 | 8 | 4 | 6 | 23:16 | 28 | |
7. | მეტალურგი | 19 | 8 | 2 | 9 | 15:24 | 26 | |
8. | მერანი | 19 | 6 | 2 | 11 | 16:30 | 20 | |
9. | ვიტ ჯორჯია | 19 | 5 | 5 | 9 | 13:25 | 20 | |
10. | სიონი | 19 | 4 | 5 | 10 | 13:33 | 17 | |
11. | დინამო (ბთ) | 19 | 3 | 3 | 13 | 20:42 | 12 | |
12. | კოლხეთი | 19 | 0 | 3 | 16 | 10:37 | 3 |
მე-20 ტური. 15 დეკემბერი: დინამო (თბ) – ზუგდიდი, მერანი – კოლხეთი, ზესტაფონი – სიონი, მეტალურგი – ჩიხურა, დინამო (ბთ) – დილა, ტორპედო – ვიტ ჯორჯია
მეგოლეები:
15 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)
14 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
10 – ალვარო (“დინამო” თბილისი)
9 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
8 - საბა ლომია (“მერანი”)
7 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”)
6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი”), ლევან ხმალაძე (“დინამო” თბილისი), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”)
5 - ბესიკ ჩიმაკაძე (1, “ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დიმიტრი ტატანაშვილი (“მეტალურგი”)
4 – დავით კირკიტაძე ("ჩიხურა"), რატი წინამძღვრიშვილი, თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი კუხიანიძე (2), ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი),
3 – გიორგი ბერიაშვილი, (“ტორპედო”), ნიკო კვასხვაძე (“ჩიხურა”), შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (“ზუგდიდი”), ირაკლი მოდებაძე (1), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, გიორგი ონიანი (“დილა”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე (“ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი (“კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი),
2 – შოთა ბაბუნაშვილი, ალექსანდრე ბენაშვილი (“ზესტაფონი”), ლევან კუტალია (1), გიგა ამბროლაძე ("მერანი"), რევაზ გოცირიძე, გაგა ჩხეტიანი, ბესო დეკანოიძე, თემურ შარაშენიძე (“ჩიხურა”), ლაშა შერგელაშვილი, გიორგი მიქაბერიძე (“მეტალურგი”), რომან ახალკაცი, ნათან ჟუნიორი, სანდრო გურული (1), ირაკლი კლიმიაშვილი (“დილა”), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე (“ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე (“დინამო” ბათუმი), ელგუჯა ლობჟანიძე, ლაშა გაბრიჩიძე (“ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, პატრიკ მილხრაუმი, ოთარ კვერნაძე, მიხეილ სარდალიშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, ალექსანდრე ბენაშვილი, ბერდია შარვაძე (“ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, ნოდარ ნოზაძე, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, მამუკა ტორონჯაძე (“მერანი” მარტვილი), რობერტინიო, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (“დინამო” თბილისი), გელა გოგიტიძე, ამირან მუჯირი, ალექსანდრ ტიმჩიშინი (“დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, გიორგი ფეიქრიშვილი, ვილი ისიანი, გიორგი ჭედია (“სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე (“ჩიხურა”), ალექსანდრე კვახაძე, ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა, ბექა ტუღუში (“ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე (“ვიტ ჯორჯია”), დაჩი ფოფხაძე, ალექსანდრე კოშკაძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე (“ზუგდიდი”), ვალერი კაციტაძე, დათო კვირკველია, მიხეილ გორელიშვილი, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია (“დილა”), შალვა კვანტალიანი, ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, ჯემალ გაბუნია (“კოლხეთი”), ანზორ სუხიაშვილი, დავით ჯანელიძე (“მეტალურგი”)
ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი, გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”).
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა
სოლომონ გულისაშვილი