სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:52 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გეგუჩაძე იწყებს

“ზუგდიდში” კვლავ არეულობაა


შაბათ-კვირას, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის II წრის პირველი ტური გაიმართება. მთავარი ამბავი კვირას, ზესტაფონში მოხდება, სადაც მარგველთა გუნდში დაბრუნებული გია გეგუჩაძე, ლიდერ თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ, თავის სადებიუტო მატჩს ჩაატარებს.

 

დილა (გორი) – სიონი (ბოლნისი)

9 ნოემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: დავით იმედაშვილი, კოკა მიკუჩაძე (ორივე “სიონი”)

მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. თოდრია, ა. კოკაია, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 2:1

პირველ წრეში ამათი მატჩი ვაკეში, “მიხეილ მესხზე” გაიმართა და სტუმარი “დილას” გამარჯვებით დამთავრდა. ბოლნისელი ლაშა თოთაძის გოლს, გორელებმა გრიგოლ დოლიძის დუბლით უპასუხეს. მაშინ “სიონს” გიორგი კიკნაძე წვრთნიდა, “დილას” – გიორგი დევდარიანი. ახლა, ერთს გიორგი ლოლაძე ავარჯიშებს,Mმეორეს – რამაზ სოღოლაშვილი. “დილა” წლეულს ის აღარაა, რაც შარშან, როცა გიორგი დარასელიას გაწვრთნილმა გუნდმა, ზედიზედ 11 მატჩი მოიგო. მანამდე, ეროვნულ ჩემპიონატში ყველა მეტოქე ერთმანეთის მიყოლებით არცერთ ქართულ გუნდს არ ჰყავდა დამარცხებული. სოღოლაშვილის თავკაცობით, გორელები ჯერჯერობით წარმატებით თამაშობენ, თასის მეოთხედფინალშიც გავიდნენ და ჩემპიონატში ბოლო ორი მატჩიც მოიგეს. პირველი წრე მე-5 ადგილზე დაასრულეს, მაგრამ, ცხადია, ამბიცია მეტი აქვთ. თასის მეოთხედფინალში გავიდა “სიონიც,” თუმცა ბოლნისელებს ჩემპიონატში მაინცდამაინც კარგად ვერ მისდით საქმეები. 25 აგვისტოს შემდეგ აღარ გაუმარჯვიათ, ეს კი, ზედიზედ 8 ტურია. ეგ არის, ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ და ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ ტოლ-სწორად თამაში.

 

სპარტაკი (ცხინვალი) – მერანი (მარტვილი)

9 ნოემბერი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 14:00

დისკვალიფიცირებული: ნიკა კვეკვესკირი

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, გ. ელიკაშვილი, ი. მაჩიტიძე, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:2

ამათაც ახალი მწვრთნელები ჰყავთ. წარმატებული გამოდგა გასულ ტურში კახა კაჭარავას დებიუტი. ცხინვალელებმა “მიხეილ მესხზე” “ვიტ ჯორჯია” დაამარცხეს და წლევანდელ სეზონში პირველად ასცდნენ ბოლო ადგილს. ბიჭების დიდი დამსახურებაა, რომ ეს მატჩი მოიგეს. ისინი დავაჯერე, რომ ბოლო ადგილზე ყოფნას არ იმსახურებენ და შეუძლიათ ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსვლაო, - თქვა შემდეგ გახარებულმა კაჭარავამ. მადა ჭამაში მოდისო და სპარტაკელები, ალბათ, ამჯერადაც გამარჯვების წყურვილით გავლენ მინდორზე, მით უმეტეს, რომ “მერანს” პრობლემები აქვს - ჭყონდიდელებმა ზედიზედ 5 მატჩი წააგეს, აქედან სამი, ახალი დამრიგებლის, კახა ჩხეტიანის თავკაცობით.

 

მეტალურგი (რუსთავი) – ტორპედო (ქუთაისი)

9 ნოემბერი. რუსთავი. “ფოლადი.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: გიორგი გავაშელიშვილი (“მეტალურგი”); გიორგი კუხიანიძე (“ტორპედო”)

მსაჯები: თ. გვანცელაძე, გ. ჩიგოგიძე, ბ. ჭიჭინაძე, ო. ხეცაძე (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:1

ოქტომბერი ქუთაისელთათვის ვერ გამოდგა იღბლიანი. ჟერარდ სარაგოსას ძალიან სიმპათიური გუნდი ჰყავს და სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენადაც შეიძლება ჩავთვალოთ “გურიასთან” ერთად, თუმცა ჯერ ახალგაზრდები არიან და სტაბილურობა აკლიათ, კარგ მატჩებს, ხანდახან უსახურებსაც ანაცვლებენ ხოლმე. ბოლო 3 მატჩიდან, ქუთაისელებმა ორი წააგეს და ქვეყნის თასზეც ძლივს, მხოლოდ პენალტების სერიაში შეძლეს “სპარტაკის” დამარცხება. შედეგად, პირველი წრის ბოლოს, მეორე ადგილი “ჩიხურას” დაუთმეს.

რუსთაველმა მეტალურგებმა კი, გასულ ტურში შინ “დინამოსთან” ხასიათი გამოავლინეს და ცოტა ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, გამარჯვებაც მათ დარჩებოდათ (მატჩი 0:0 დამთავრდა), რადგან თბილისელებზე გაცილებით მეტი საგოლე მომენტი შექმნეს. აკი, დინამოელთა დამრიგებელმა დუშან უჰრინმა ალალად თქვა კიდეც შემდეგ: ფრე ჩემი გუნდისთვის მოგების ტოლფასი იყოო. ასე რომ, რიონისპირელებს საკმაოდ რთული გამოცდა ელით რუსთავში. თანაც, წლეულს “მეტალუგი” შინ არ დამარცხებულა.

 

ჩიხურა (საჩხერე) – ზუგდიდი

10 ნოემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 14:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი პაჭკორია (“ზუგდიდი”)

მსაჯები: ბ. ნინუა, ზ. ფიფია, ლ. ვარამიშვილი, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 3:1

“ჩიხურა” წლეულსაც ამტკიცებს, რომ შარშან ლიდერებში ტყუილად არ გარეულა. სოსო ფრუიძემ გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებით დააკომპლექტა და შედეგიც სახეზეა. გასულ ტურში, საჩხერელებმა ქუთაისში დაამარცხეს ადგილობრივი “ტორპედო” და მეორე ადგილზე დადგნენ, თუმცა ქუთაისის სტადიონი, ზემოიმერელთათვისაც ლამის, “მშობლიურია.” ჯერჯერობით მოწინააღმდეგეებს ივანწმინდაში ვერ მასპინძლობენ. თუმცა, როგორც ამბობენ, მალე დაუბრუნდებიან საკუთარ არენას, სადაც ხარისხიანი მინდვრის პრობლემა იმდენად არ არის, რამდენადაც კომუნიკაციებისა და უსაფრთხოების ნორმებისა.

აი, ზუგდიდში კი კაცი ვერ გაიგებს რა ხდება. რამდენიმე დღის წინათ, მთავარი მწვრთნელი კობა წიტაიშვილი საკმაოდ ხმამაღალი განცხადებით წავიდა გუნდიდან: დირექტორ მალხაზ ჭეჟიას ვერ შევეწყვეო. მასთან ერთად, გუნდი კიდევ სამმა ფეხბურთელმა - კაპიტანმა ზვიად სიხარულიამ, ნუკრი აფაქიძემ და რომან კანკიამ დატოვა. როგორც ზუგდიდის პრესსამსახურში გვითხრეს, სავარაუდოდ, კლუბი მათ კიდევ შესთავაზებს დარჩენას, თუ არა და, კონტრაქტით გათვალისწინებულ სანქციებს აამოქმედებს. მოგეხსენებათ, წიტაიშვილმა ზუგდიდში ორი ეგვიპტელი ფეხბურთელიც ჩაიყვანა, რომელთაგან ერთი, ჯამალ ჰამზა, უკვე სამშობლოში დაბრუნდა, 30 წლის მოჰამედ მეგაჰედი კი კვლავ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. შევიტყვეთ, რომ გუნდში 2 თვის სახელფასო დავალიანება ყოფილა და ეს დავიდარაბაც იმიტომ ატყდა. თუმცა, ხელმძღვანელები ამბობენ, 24 ნოემბრამდე ყველა ვალს დავფარავთ და შემდგომშიც ვითარება სტაბილური გახდებაო. უახლოეს დღეებში, ზუგდიდელები ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენენ, ქუთაისში კი გუნდს მინდორზე დამხმარე მწვრთნელი, ვლადიმერ თუთბერიძე გაიყვანს.

 

გურია (ლანჩხუთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

10 ნოემბერი. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: გურამ ადამაძე, გურამ მჭედლიშვილი (ორივე “ვიტ ჯორჯია”)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზ. ბერულავა, ზვ. ერქვანია, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:3

პირველ წრეში ვეტერინარებმა ელგუჯა ლობჯანიძის დუბლისა და გიორგი ჯანელიძის პენალტის წყალობით 3:0 დაამარცხეს ლანჩხუთელები. თუმცა, ეს ამბავი აგვისტოს დასაწყისში იყო და მას შემდეგ ვითარება შეიცვალა, “გურია” თანდათან მოფერიანადა და პირველი წრის შდემდეგ მე-4 ადგილზეა. ვიტელებმა წინა ტურში აუტსაიდერ “სპარტაკთან” წააგეს და ახლა რეაბილიტაციას შეეცდებიან. მაგრამ არ დაგვავიწდეს: “დინამოს” მსგავსად, პირველ წრეში “გურიამ” ყველა საშინაო მატჩი მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ ხან ფოთში უწევს მეტოქეთა “მასპინძლობა” და ხან ქობულეთში.

 

 

ზესტაფონი – დინამო (თბილისი)

10 ნოემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

დისკვალიფიცირებული: თევდორე გრიგალაშვილი (“ზესტაფონი”)

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ზ. მენთეშაშვილი, დ. ჩიგოგოძე, ა. კრიჭაშვილი, ა. ნონიკაშვილი, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:2

ტურის ცენტრალურ მატჩს დამატებითი დატვირთვაც აქვს: ზესტაფონში მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაბრუნდა და მარგველებსაც გუნდის აღორძინების იმედი გაუჩნდათ. “ამ ეტაპზე, ზედა ექვსეულში მოსახვედრად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. კლუბის მომავალი განვითარებისთვის ეს აუცილებელია. ძალიან დიდი სამუშაო გველის წინ და ამის არ გვეშინია. თუ ზესტაფონის გულშემატკივარს ჩვენს საქმიანობაზე რაღაც კმაყოფილების გრძნობა გააჩნდა, ახლა უფრო მომთხოვნი იქნება. საერთოდ, მეტი გვინდა და ეს, ალბათ, ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა უნდა იყოს”, – უთხრა გეგუჩაძემ წარდგენისას ჟურნალისტებს. მის დროს, “ზესტაფონი” მართლაც ძალიან კარგი გუნდი იყო და თუ იმავეს მოახერხებს, ამით, პირველ რიგში, ქართველი ქომაგი დარჩება მოგებული. სადებიუტო მატჩში გამომცდელიც მშვენიერი ჰყავს – ლიდერი თბილისის “დინამო.”

შეხვედრას სირიელი არბიტრი აბდულა ბასლეჰლო განსჯის. პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

    
 1.      დინამო (თბილისი)                 11     8       2    1     27:6        26   
 2.  ჩიხურა (საჩხერე)  11  7  1  3  25:19    22
 3.  ტორპედო (ქუთაისი)  11  5  4  2  16:9    19
 4.  გურია (ლანჩხუთი)  11  6  0  5  11:14    18
 5.  დილა (გორი)  11  5  3  3  16:11    18
 6.  მეტალურგი (რუსთავი)  11  5  3  3  16:15    18 
 7.  ზესტაფონი   11  4  3  4  12:8    15
 8.  მერანი (მარტვილი)  11  4  0  7  12:25    12
 9.  ვიტ ჯორჯია (თბილისი)  11  3  3  5  15:17    12
 10.  სიონი (ბოლნისი)  11  2  4  5  11:15    10
 11.  სპარტაკი (ცხინვალი)  11  2  1  8   8:16    7
 12.  ზუგდიდი  11  1  4  6   5:6    7

 

 

მეგოლეები:

9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)

8 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ვილი ისიანი (“გურია”),

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ჯამბულ ჯიღაური, გიორგი გაბედავა (ორივე - “ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

სსს-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.103772