საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი მოციგურავე, 2010 და 2012 წლების ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი ელენე გედევანიშვილი 14 თებერვალს, სტამბოლიდან ტრანზიტით სოჭში კანადიდან ჩაფრინდა. ადლერის აეროპორტში ელენეს და მის მწვრთნელს ბრაიან გისლაინს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და სოჭში მყოფი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ასოციაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი დახვდნენ.
24-წლის გედევანიშვილი სოჭში ჩასვლისთანავე მოექცა ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების გარომოცვაში, რომლებიც მას აეროპორტში დახვდნენ. ელენე ცოტა დაღლილი გამოიყურებოდა – ფრენა კანადიდან სოჭში ხანგრძლივი და დამღლელი იყო, განსაკუთრებით სტამბოლში მოსაცდელი საათები.
დაღლილობის მიუხედავად ელენემ უკვე 14 თებერვალს პირველი ვარჯიში ადლერში ჩაატარა. მისი გამოსვლა ოლიმპიადაზე 19 და 20 თებერვალსაა დაგეგმილი, იქამდე კი ელენე ადლერში ყოველდღე მოემზადება. ოლიმპიადისთვის ძირითადი მზადება ელენემ კანადაში გაიარა – იქ სადაც ბოლო წლებია ცხოვრობს და წვრთნებს გადის.
თენგიზ პაჭკორია, ადლერი (სოჭი), სპეციალურად www.worldsport.ge –სთვის