ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 25-ე ტური ხუთშაბათს დაიწყება და შაბათს დამთავრდება. ამის მთავარი მიზეზი კი სტადიონების გაუმართავობაა. ექვსიდან სამი შეხვედრა “მიხეილ მესხის” მთავარ და სათადარიგო მინდვრებზე გაიმართება. მოგეხსენებათ, ბოლნისის “სიონი,” ცხინვალის “სპარტაკი” და ახლა უკვე დისკვალიფიცირებული ქუთაისის “ტორპედოც” (უმაყურებლოდ) “საშინაო” შეხვედრებს თბილისში ატარებენ.
სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი)
3 აპრილი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 16:00
მიმდინარე სეზონში: 0:1, 2:0
ქვემოქართლური დერბი საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან “ჩიხურას” კრიზისმა ორივე გუნდს მესამე ადგილზე გასვლის შანსი გაუჩინა, რაც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრას ნიშნავს. რუსთაველები მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან საჩხერელებს, “სიონი” კი დაკარგული ქულებით უკვე უსწრებს მათ, თუმცა “გურიასთან” გამოტოვებული მატჩი (8 აპრილს) კიდევ მოსაგები აქვს.
ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი)
4 აპრილი. ივანწმინდა. ცენტრალური. 16:00
დისკვალიფიცირებულები: ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი
მიმდინარე სეზონში: 1:6, 1:5
სავარაუდოდ, ეს მატჩიც უხვგოლიანი გამოდგება. “დინამო” “ჩიხურასთვის” ძალიან უხერხულ მეტოქედ იქცა. მიუხედაცად იმისა, რომ ერთმანეთში ბევრჯერ არ უთამაშიათ, თბილისელებს თითქმის აბსოლუტური უპირატესობა აქვთ. 8 მატჩიდან 7 დინამოელებმა მოიგეს და ერთი შეხვედრა ფრედ დამთავრდა. ბურთების შეფარდება 31:7. თანაც დინამოელები დიდი ანგარიშით გამარჯვებებსაც შეეჩვივნენ. მაგალითად, მიმდინარე სეზონში ორივე მატჩი სოლიდური სხვაობით – 6:1, 5:1 მოუგეს. ცალკე გამოსარჩევია დინამოელთა ესპანელი შემტევი ჩისკო, რომელმაც ზემოიმერლებს ბოლო ორი სეზონის განმავლობაში 12 გოლი გაუტანა (აქდან სამჯერ ჰეთ თრიქი შეასრულა).
თბილისელებმა წინა ტურში უშუალო კონკურენტი “ზესტაფონი” დაამარცხეს, ამისდაკვალად, ჩემპიონობა ფაქტობრივად, გაინაღდეს და ივანწმინდას კარგ ხასიათზე ეწვევიან, “ჩიხურას” კი მძიმე კრიზისის დრო უდგას. გაზაფხულზე მათ ზედიზედ ხუთი შეხვედრა წააგეს.
ზესტაფონი – გურია (ლანჩხუთი)
5 აპრილი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00
დისკვალიფიცირებულები: ზაზა ჭელიძე (“ზესტაფონი”); ჩუენსუ არნაუ, ალექსანდრე შენგელია, ნიკა კილაძე
მიმდინარე სეზონში: 1:0, 1:0
“ზესტაფონი” აღმავლობის გზაზეა, გასულ “ტურში” “დინამოსთვის” რომ მოეგოთ, პირველობისთვის ბრძოლაში სერიოზულად ჩაებმებოდნენ და ჩემპიონატის ინტრიგაც გაცოცხლდებოდა. თუმცა, სანამ თეორიული შანსი არსებობს, ბრძოლაა საჭირო. მანმადე კი მარგველებმა მართლაც ჩინებული, ზედიზედ შვიდმოგებიანი სერია აჩუქეს საკუთარ გულშემატკივარს და ის დრო გაახსენეს ყველას მათი რიდი რომ ჰქონდა.
“გურიამ” კი წინა ტური სამწუხარო ამბის გამო გამოტოვა. ლანჩხუთური კლუბის პრეზიდენტ კობა მირზაშვილს 22 წლის ვაჟი გარდაეცვალა.
1 | დინამო (თბ) | 24 | 17 | 3 | 4 | 55:17 | 54 |
2 | ზესტაფონი | 24 | 13 | 4 | 7 | 32:16 | 43 |
3 | ჩიხურა | 24 | 11 | 5 | 8 | 41:37 | 38 |
4 | სიონი | 23 | 10 | 6 | 7 | 29:24 | 36 |
5 | მეტალურგი | 24 | 10 | 6 | 8 | 28:27 | 36 |
6 | გურია | 23 | 11 | 0 | 12 | 25:32 | 33 |
ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი)
4 აპრილი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 16:00. უმაყურებლოდ
მიმდინარე სეზონში: 0:0, 0:3
ეს გუნდები მიმდინარე სეზონში უკვე ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ორჯერ ჩემპიონატში და ასევე ქვეყნის თასის გათამაშების მეოთხედფინაში. ორრაუნდიანი სათასო დუელი გორელებმა მოიგეს და ნახევარფინალში თბილისის “დინამოს” შეხვდებიან. ჩემპიონატშიც უპირატესობა ქართლელების მხარესაა - მოგება და ფრე. ბოლო დროს ორივე გუნდს საკმაო პრობლემები აქვს. “ტორპედოს” რევაზ ძოძუაშვილი, ფაქტობრივად, ნულიდან აშენებს. “დილა” კი წინა კვირაში მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სოღოლაშვილმა საკუთარი ნებით დატოვა და მის მაგიერ გია გიგატაძე დაინიშნა, რომელიც, სხვათა შორის, ცოტა ხნის წინათ “ტორპედოში” მუშაობდა.
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი)
4. აპრილი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 16:00
მიმდინარე სეზონში: 3:0, 2:1
გასულ ტურში “ვიტ ჯორჯიამ” გორში “დილას” სძლია და მნიშვნელოვანი სამი ქულა მიითვალა. ახლა ვიტელები თანაბარქულიან “ტორპედოსთან” და “დილასთან” ერთად ქვედა ექვსეულის ერთგვარ “ელიტას” ქმნიან. “მერანი” კი…მარტვილელთათვის ახლა ყოველი დაკარგული ქულა “სასიკვდილო განაჩენის” მოახლოვებას ჰგავს.
სპარტაკი (ცხინვალი) – ზუგდიდი
5 აპრილი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მინდორი. 16:00
მიმდინარე სეზონში: 1:1, 2:0
შაბათს “მიხეილ მესხის” სათადარიგო მინდორს ალბათ ბდღვირი აუვა. “სამკვდრო-სასიცოცხლო” ბრძოლაა. ერთმანეთს ცხრილის მეზობლები და გავარდნის კანდიდატები ხვდებიან. წინა ტურში ორივემ დაკარგა ქულები. “სპარტაკი” კიდევ ერთ აუტსაიდერ “მერანს” უგოლოდ დაშორდა, “ზუგდიდმა” კი სულაც შინ წააგო “ტორპედოსთან.”
1 | დილა | 24 | 8 | 8 | 8 | 30:26 | 32 |
2 | ვიტ ჯორჯია | 24 | 9 | 5 | 10 | 31:32 | 32 |
3 | ტორპედო | 24 | 9 | 5 | 10 | 25:32 | 24 |
4 | სპარტაკი | 24 | 7 | 3 | 14 | 21:32 | 23 |
5 | ზუგდიდი | 24 | 6 | 5 | 13 | 14:32 | 23 |
6 | მერანი | 24 | 5 | 4 | 15 | 18:42 | 19 |
მეგოლეები:
14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)
6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;