ბლოგი

13:37 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაუმარჯოს “დინამოს” ჭეშმარიტ ქომაგებს!

 

ამის შემდეგ აღარავინ თქვას, ქართულ ფეხბურთს რაც სჭირს, სულ ქომაგობის არცოდნისა და ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმის ბრალიაო. “დინამო”-“ტოტენჰემის” მატჩზე თბილისური გუნდის ფან-კლუბის უკან მომიწია ტრიბუნაზე ჯდომა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოვიხიბლე ამ ბიჭების უდიდესი ჟინით, მონდომებითა და საყვარელი კლუბის ერთგულებით.

ჩემს გარშემო ტრიბუნაზე იჯდა ხალხი, რომლებიც მატჩის ბოლოს, როდესაც “დინამო” გამანადგურებელი ანგარიშით აგებდა, ცინიკურ-ირონიულ ფრაზებს არ იშურებდა “დინამოს” ფანების მიმართ. “ნეტაი ამათ, მეტი საქმე არა აქვთ”, “რა გაყვირებთ თქვე უპატრონოებო, ვერ ხედავთ, რა “ფარჩაკი” გუნდიცაა”, “ალბათ ფულს უხდიან ამ ბღავილში, თორემ აბა გიჟები ყოფილან ასეთ დროს მაინც რომ მღერიან” – მესმოდა აქეთ-იქიდან. ყოველ ასეთ საძაგელ წამოძახილზე სულ უფრო მიმძაფრდებოდა სურვილი იმისა, რომ კარგა გემრიელი პანღური მეთავაზებინა ამ “ფეხბურთის ექსპერტებისათვის”, მაგრამ... ღმერთმა გაახაროს ჩემი მეგობრები, რომლებიც ერთგულად ცდილობდნენ სიტუაციის დაშოშმინებას.

მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თბილისის “დინამოს” ჭეშმარიტ ფან-კლუბს. ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებმაც პირადად მე მომავლის იმედი ჩამისახეს და დამანახეს, რომ თანდათან წარსულს ბარდება მარადიული ქართული სენი – გულშემატკივრობის არცოდნა. თბილისური კლუბის ფანკლუბი სულ რამდენიმე ასეულ ადამიანს აერთიანებს. ჩვენს მთავარ სტადიონზე, როგორც წესი, “ტოტენჰემისა” და სხვა ცნობილი კლუბების სანახავად უფრო მეტი ადამიანი დადის (და ალბათ მომავალშიც ივლის) ვიდრე ჭეშმარიტად საქომაგოდ, მაგრამ ბიჭებო, თქვენ გული არ გაიტეხოთ! თქვენ არ შედრკეთ, რადგან ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ!

ისტორიას ბევრი უფერული და არცთუ თვალსასეირო ფეხბურთის მოთამაშე კლუბი თუ ნაკრები ახსოვს, მაგრამ ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტით – ქომაგობით ამ გუნდებს დიდი პატივისცემა მაინც დაუმსახურებიათ. რაღა შორს წავიდეთ, გაიხსენეთ უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატი და ამ ჩემპიონატზე მოთამაშე ირლანდიის უსუსტესი ნაკრები, რომელმაც ყველა შეხვედრა წააგო, მაგრამ მაინც მთელი მსოფლიო აალაპარაკეს - ირლანდიელი ქომაგები ხომ ყოველი შეხვედრის დროს მთელი მატჩის განმავლობაში გულმხურვალედ ქომაგობდნენ “სამყურებს”. მღეროდნენ, ყვიროდნენ, ხანდახან შეწყობილი ხმითაც იგინებოდნენ და ყველას კიდევ ერთხელ დაანახეს, რომ ირლანდია უკვე კარგა ხნის შემდგარი ქვეყანაა, ირლანდიელები კი შემდგარი ერი!

რაც შეეხება ”დინამოს” დიდი ანგარიშით მარცხს... არც ერთი წუთით ვაპირებ გავამართლო ჩვენი გუნდის მიერ დაშვებული აურაცხელი შეცდომები და განსაკუთრებით მატჩის მეორე ტაიმში გამოვლენილი სრული ნიჰილიზმი და უიმედობა. მაგრამ, სტადიონზე ფურთხებისა და ქვების სროლის მოყვარულთ მაინც მინდა შევახსენო, რომ ეს ის “დინამოა”, რომელსაც სულ რაღაც 5 კვირის წინათ (როდესაც ფარერების სუსტ გუნდს ხვდებოდა) მთელი ქვეყანა ტაშს უკრავდა და “ჩვენს ბიჭებს” ეძახდა.

ადამიანებში ყველაზე საძულველი თვისება ალბათ მაინც თავქარიანობაა. როდესაც ადამიანი ერთი კვირა “დინამოს” მაისურით დადის და სხვასაც იგივესკენ მოუწოდებს, მეორე კვირას კი მის ასე ”ხელიხელსაგოგმანებ” კლუბს მკვდარსა და ცოცხალს უტრიალებს, ვერასოდეს დაემსგავსება “დინამოს” ჭეშმარიტ ფანებს - ბიჭებს, რომლებიც მთელი მატჩი არ გაჩერებულან და მთელი გული ჩადეს იმ ერთ, თუნდაც წაგებულ შეხვედრაში. ამ ორი კატეგორიის ადამიანებში, ვინ არის უფრო ღირსეული, ამის დანახვას სათვალე ნამდვილად არ სჭირდება!

0.115951