გულშემატკივრის სვეტი

11:20 | 2.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

გაუღეთ კარი ქართველ მორაგბეებს!

არ გამოსდით და რა გინდა, რომ ქნა? განა, არ უნდათ, ან მონდომება არა აქვთ... მონდომებაც აქვთ და თავსაც არ ზოგავენ, მაგრამ ამ რუს მორაგბეებს საქართველოს ნაკრები ნამდვილ ჯადო-წინაღობად ექცათ და ერთი ”წვერებიანი” გამოთქმისა არ იყოს – “არ გამოსდით ”ბორჯღალოსნების” ძლევა და არც ეშვებიან”. მოკლედ, რუსეთის სარაგბო ნაკრებს კიდევ ერთხელ ვაგემეთ მწარე ალიყური და თან მათსავე მოედანზე, ბედის ირონიით, დიდი სლავა მატრეველის სახელს რომ ატარებს. მაგრამ, გაგიკვირდებათ და თუ კარგად დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ დღეს რუსული რაგბი ჩვენზე კარგ მდგომარეობაშია და ჩვენს გუნდთან აურაცხელი მარცხის მიუხედავად, ყოველი მარცხნაჭამი შეხვედრის შემდეგ, მაინც მათი საქმე კეთდება. ალბათ, იფიქრებთ, რა აბსურდს გვიყვება ეს კაციო, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე.…
 ყველაფერი ძალიან მარტივადაა. თუკი მსოფლიო რაგბის ბოსებმა კარჩაკეტილობა ძველებურად განაგრძეს და საქართველოს ნაკრებს დიდ ექვს ერში შეღწევის შანსი კვლავ არ მისცეს, ჩვენი რაგბის განვითარება უბრალოდ შეჩერდება. უფრო კონკრეტულად კი, სტიმული დაიკარგება. ამასობაში, ჩვენგან მრავალგზის გვემული რუსეთიც მოიდგამს წელს, ერთხელ წააგებენ, ორჯერ, ათჯერ, მაგრამ როცა იქნება ისინიც იპოვნიან საკუთარ თავში ძალას. ჩვენთვის კარგად ნაცნობი პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრები ხომ წლიდან წლამდე ისედაც პროგრესიერებს და არც ისინი იქნებიან ჯაბანნი. ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაძაბავს ჩვენს ჯგუფს, მაგრამ დაძაბავს იმის ხარჯზე, რომ დიდ გუნდებთან ყოველ წელს ოფიციალურ მატჩში შეხვედრის საშუალებასმოკლებული საქართველოს ნაკრებისათვის უბრალოდ ინტრიგას დაკარგავს ჩვენი ჯგუფი და მიუხედავად იმისა, რომ არავის გვინდა ასე მოხდეს, თუკი განვითარების საშუალება მომავალში მაინც არ მოგვცეს, არაფერი არ იქნება გამორიცხული.
 ამ ბედნიერ დღეებში, როდესაც რუსეთის ნაკრების მორიგ ძლევას ვზეიმობთ და კიდევ ერთხელ ვართ ჩვენი გუნდისგან გახარებულნი და გაამაყებულნი, ვიცი, რომ მთლად სასიამოვნო არ არის ცუდ პერსპექტივებზე საუბარი. მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ, რომ ქართულ რაგბიში კიდევ უფრო კარგი თაობები მოდის და დღითიდღე წინ მივდივართ. ამას გარდა, ბოლო დროს სარაგბო არენებისა და ბაზების მშენებელობასაც დაადგა საშველი და ეს კიდევ ცალკე გვისახავს უკეთესი მომავლის იმედს. მაგრამ, მაინც ვერაფერს მოვუხერხებთ იმ ცუდ ფიქრებს, რაც ამ ყველაფერს თან სდევს და რისი მიზეზიც ჩვენს თავში ნამდვილად არ უნდა ვეძებოთ.
 რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ ფიფა, ფაქტია, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ბევრად უფრო უწყობს, ხელს საფეხბურთო პროცესებში რაც შეიძლება მეტი ქვეყნის ჩართულობას, ვიდრე ამას IRB აკეთებს. ფიფას თავისი ცოდვები მართლაც რომ უხვად აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ საწყის შესარჩევ ეტაპებზე ყველა გუნდი თანაბარ პირობებში ჰყავთ ჩაყენებული და ანდორის ნაკრებსაც კი აქვს შანსი, საკუთარი თავი ინგლისის და ესპანეთის დარ გუნდებთან გამოსცადოს. რაგბიში კი, ოთხ წელიწადში გასამართი ერთადერთი მსოფლიო თასია, სადაც შედარებით სუსტებს ბობოლებთან ოფიციალურად გაჯიბრების საშუალება ეძლევათ და მხოლოდ ამ ფორმატით ნამდვილად წარმოუდგენელია ზოგადი დონის ამაღლება.
 ღმერთმა დამიფაროს და, რომელიმე ანტიდასავლურად განწყობილი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი რომ ვიყო, გამოვიდოდი და ხმისჩახლეჩვამდე ვიყვირებდი - ნახეთ ხალხო, რას გვიშვრება ეს დასავლეთი, წინსვლის საშუალებას გვისპობს და ჩვენი გადაგვარება უნდა - მეთქი! თუმცა, ამის გაკეთების არც სურვილი მაქვს და არც დაინტერესება. მაგრამ, ჩვენი – რაგბის ქართველი ქომაგების მხრიდან მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობის მიმართ საყვედური და პროტესტი რომ გამოსათქმელია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ნუ იქნება ეს პროტესტი მაინცა და მაინც აქცია-მანიფესტაციით გამოხატული. ყველაფერი მარტივად, ასეულათასობით ქომაგის მიერ ერთობლივ წერილზე ხელისმოწერების შეგროვებითაც შეიძლება გამოიხატოს. იქნებ ”ზემოთ” ასე მაინც ისმინონ ქართველი ქომაგების ხმა და ჩვენი ნაკრების ყოველ წელს ამ ჩაკეტილ ერთ წრეზე სიარულს, რაიმენარიად ჰქონდეს დასასრული.
 დავიჯეროთ, დიდ ექვს ერში გუნდების გაზრდა განა, ასე ცუდად იმოქმედებს მსოფლიო რაგბის განვითარებაზე? ჩვენს რაგბის კავშირში დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხზე ბევრს ფიქრობენ და უპირველესაც, მათი ოცნებაა ”ბორჯღალოსნების” უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა, მაგრამ აღნიშნულ საკითხში ქომაგების ერთსულოვნების დაფიქსირება, წესით ყველაზე მეტად უნდა წაადგეს ამ დიდ საქმეს. დიდ ექვს ერში სხვა გუნდებისათვის კარის თუნდაც ღრიჭოზე გაღება ჩვენს პლანეტაზე რაგბის პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის, რაც ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს. თვალნათლივ ვხედავთ, რომ საქართველოს ნაკრები რუსეთზე ძლიერ მეტოქეებს იმსახურებს. მეტოქეებს, რომელთანაც თავიდან ალბათ ხშირად დავმარცხდებით, მაგრამ პატარა ქვეყნების დიდი გუნდები სწორედ ასე – მარცხიდან გამარჯვებისაკენ მიმავალნი იბადებიან!

ლევან სეფისკვერაძე

 

0.120201