ოქტომბერში პლანეტას ყველაზე მეტი საფეხბურთო ვარსკვლავი მოევლინა. შორს რომ არ წავიდეთ, პელესა და დიეგო მარადონას დასახელებაც კმარა. თუმცა, არის კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელმაც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, გულშემატკივრებს თავი ყველაზე მეტად შეაყვარა. მისი სახელი მანუელ ფრანსისკო დუშ სანტუში ანუ უბრალოდ გარინჩაა...
გარინჩა რიო-დე-ჟანეიროს გარეუბან მატო გროსოში დაიბადა და ისევე, როგორც ყველა ბრაზილიელი ბიჭუნა ფეხის ადგმისთანავე ბურთს დასდევდა. ამით კი ყველას აოცებდა, რადგან ვერავინ იგებდა, როგორ ახერხებდა ასე მოხდენილად ბურთაობას ბიჭუნა, რომელსაც დაბადებიდან ერთი ფეხი მეორეზე 6 სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა. ექიმებმა მანუელს ოპერაცია გაუკეთეს, რომელმაც წარუმატებლად ჩაიარა და მედიკოსებმა ბიჭს ფეხბურთის თამაში კატეგორიულად აუკრძალეს, თუმცა, მომავალმა ვარსკვლავმა მათი რჩევა თუ მოთხოვნა არად ჩააგდო და კვლავინდებურად გააგრძელა ბურთის დევნა. მეტსახელი ”გარინჩა”, რომლითაც მანოელ ფრანსისკო დოს სანტოსმა მთელმა მსოფლიომ გაიცნო, დამწყებ ფეხბურთელს ძმამ (მანეს 11 დედმამიშვილი ჰყავდა) შეარქვა, რომელმაც კოჭლი, წელში მოხრილი ბიჭი მატო გროსოს უსახურ ჩიტს, გარინჩას შეადარა.
ბავშვობაში მანუელი პროფესიონალ ფეხბურთელობაზე არც კი ოცნებობდა, ხოლო როდესაც ცოტა წამოიზარდა, ერთ-ერთ ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა. ერთხელ პაუ-გრანდეში კლუბ ”ბოტაფოგოს” სათადარიგოთა შემადგენლობის მოთამაშე არატის ერთი მატჩისათვის მიუდევნებია თვალი, რომელშიც გარინჩაც იღებდა მონაწილეობას. არატი ისე მოხიბლულა მანოელის თამაშის მანერით, რომ მაშინვე მეგობრებისგან ფული უსესხებია, გარინჩასთვის ბუცები და ფორმა უყიდია და თავისი გუნდის ვარჯიშზე წაუყვანია. “ბოტაფოგოს” მაშინ ფეხბურთის ცნობილი სპეციალისტი, ჟენტილ კარდოზო წვრთნიდა. ვარჯიში უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც არატის კარდოზოსათვის ახალგაზრდა გარინჩა წარუდგენია. უცნობი სტუმრის დანახვაზე ფეხბურთელებსაც და “ბოტაფოგოს” ქომაგებსაც სიცილი აუტეხავთ – მათ წინაშე საფეხბურთო ფორმაში გამოწყობილი სასაცილო ბიჭი იდგა, რომელსაც წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა, გრძელი ფეხი ყოველთვის მოხრილ მდგომარეობაში ჰქონდა. “რომელ პოზიციაზე ხარ თამაშს მიჩვეული?“ – უკითხავს გარინჩასათვის კარდოზოს. “ყველგან, მხოლოდ კარში არა. ისე კი, მარჯვენა ფრთაზე მიყვარს თამაში”, - უთქვამს მისთვის გარინჩას, რომლის გამოცდაც “ბოტაფოგოს” თავკაცს გუნდის მარცხენა მცველის, ბრაზილიის ნაკრების წევრ ნილტონ სანტოსისთვის დაუვალებია და სწორედ ამის შემდეგ დაწყებულა დიდი სანახაობა იქ მყოფთათვის... რამდენიმე წუთის წინ ყველასაგან დაწუნებულ გარინჩას თავისი უჩვეულო და ეშმაკური ფინტებით პატარა ბავშვებივით გაუბრიყვებია არა მარტო ლეგენდარული ნილტონ სანტოსი, არამედ თითქმის ყველა მისი თანაგუნდელი, რის შემდეგაც გულშემატკივრები უკვე “ბოტაფოგოს” მოთამაშეებს დასცინოდნენ. “ის მაინც თუ იცი, ვინ გადააქციე კლოუნად? ეს ხომ ნილტონი იყო! გესმის, ნილ-ტო-ნი! ის რომ შენზე ნაწყენი დარჩეს, შეგიძლია სახლში მშვიდად გაბრუნდე. მისი თანხმობის გარეშე მოთამაშედ კი არა, გუნდში მრეცხავადაც არავინ აგიყვანს”, - უთქვამს გარინჩასათვის “ბოტაფოგოს” მასაჟისტს. “მე ხომ არ ვიცოდი? აქ, პაუ-გრანდეში თამაშის დროს ჟოანს ვატყუებ ხოლმე, მაგრამ მას ეს არასოდეს სწყინს”, - გაოცებულა გარინჩა...
საბედნიეროდ, ნილტონ სანტოსს გარინჩასაგან “წყენა” გულში არ ჩაუდია, რაც იმას ნიშნავდა, რომ მანოელი “ბოტაფოგოში” მიიღეს. ასე დაიწყო მისი ლეგენდარული საფეხბურთო კარიერა, რომლის განმავლობაშიც მანე კიდევ არაერთ ავტორიტეტულ უკანახაზელს უბნევდა თავგზას. მომთხოვნმა და ლამაზი ფეხბურთის მოტრფიალე ბრაზილიელმა გულშემატკივარმა გარინჩას თამაში უმალ გაითავისა და უმოკლეს დროში თავის კერპად აქცია. მანეც საყოველთაო სიყვარულს ბრწყინვალე თამაშით პასუხობდა, ფენომენალური დრიბლინგისა და სისწრაფის წყალობით ქვეყნის უძლიერეს მცველებს აბითურებდა, მის სანახავად შეკრებილ მრავალრიცხოვან აუდიტორიას კი ენით აუწერელ სიხარულსა და სიამოვნებას ჰგვრიდა.
გარინჩას თამაშში ყველაზე უჩვეულო ის გახლდათ, რომ ძალიან ხშირად მცველებმა წინასწარ ზუსტად იცოდნენ, თუ რომელი ფინტითა და ცრუ მოძრაობით მოატყუებდათ მათ ფეხმოკლე მარჯვენა გარემარბი, თუმცა მაინც ვერასოდეს ართმევდნენ მას ბურთს. მანეს თავისი არაორდინალური თამაშით აღტაცებაში მოჰყავდა მაყურებელი. საკმარისია გავიხსენოთ ბრაზილიელთა ერთ-ერთი ამხანაგური მატჩი კოსტა რიკას ნაკრებთან. შეხვედრა უკვე მთავრდებოდა, თუმცა “ტყავის ბურთის ჯადოქრები” გამარჯვების გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ (ანგარიში 1:1 იყო). მოულოდნელად გარინჩამ საკუთარი გუნდის მოედნის ნახევარზე მიიღო ბურთი, მეტოქის კარამდე სოლო-რეიდი განახორციელა და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა კარში არ დაურტყამს... როდესაც მცველები კვლავ შემოეხვივნენ გარშემო, მან ყველა ისევ გააბრიყვა, მაგრამ არც ამჯერად გაუტანია გოლი... მანემ მეოთხე ცდაზე გადაწყვიტა კარის მიმართულებით დარტყმა, თანაც ბურთი მეკარეს ფეხებშუა გაუძვრინა და გოლი ისე გაიტანა. როდესაც თამაშის ბოლოს გარინჩას ჰკითხეს, თუ რატომ არ ურტყამდა იგი კარში, მან სრული სერიოზულობით უპასუხა: “უბრალოდ, მეკარეს არ სურდა, რომ ფეხები ცოტათი მაინც გაეშალა”...
ამასთან გარინჩა სულით ხორცამდე პროფესიონალი გახლდათ და ვერავინ გაიხსენებს მის მიერ საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე ჩატარებულ პრინციპულ შეხვედრას, რომელშიც მანე ზედმეტი ინდივიდუალობით ოდნავ მაინც “გადაამლაშებდა”. პირიქით, გარინჩასათვის ზომიერების გრძნობას ერთხელაც არ უღალატია და შესრულებული ეფექტური გარღვევისა თუ ფინტის შემდეგ, ყოველთვის სათამაშო ინტერესიდან გამომდინარე, მყისიერი გადაწყვეტილებაც მიუღია - შეტევა ან საგოლე დარტყმით დაუსრულებია, ან ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი პარტნიორისათვის იუველირული სიზუსტით გათვლილი ზუსტი პასი მიუწოდებია. ჩვენი სიტყვების ნათელი დადასტურება, უპირველესად, გარინჩას სანაკრებო კარიერაა. “ყვითელმაისურიანთა” რიგები მან პირველად 1955 წლის 18 აგვისტოს მოიზომა, როდესაც ბრაზილია ჩილეს 1:1 დაუზავდა, გარინჩას საუკეთესო ტურნირი კი 1962 წლის მუნდიალია, რომლის მსვლელობისას მანემ ტრავმირებული პელეს არყოფნაში გუნდის ლიდერობა იტვირთა და მერე როგორ! ჩილეს მსოფლიოს ჩემპიონატი გარინჩას ტურნირად იქცა – ბრწყინვალე პარტნიორებთან ერთად იგი ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს და ოთხი გოლით ბომბარდირიც გახდა. “მაინც რომელი პლანეტიდანაა გარინჩა მოვლენილი?”, - ნახევარფინალში ჩილესთან ნაჩვენები უზადო გამოსვლის შემდეგ ასეთი კითხვა დასვა გაზეთმა ”მერკურიომ” გამოცემის პირველ გვერდზე და იქვე “პასუხიც” გასცა: წარმოუდგენელია დედამიწაზე დაბადებულ რიგით მოკვდავს ასე თამაში შეეძლოსო.
შესაძლოა, ბევრმა არც კი იცოდეს, რომ Fair Play-ის პრინციპები ფეხბურთში სწორედ გარინჩამ დანერგა. 1960 წლის 27 მარტს, ”ბოტაფოგოს” მეტოქეს მცველს ბურთის მოგერიებისას ფეხი დაუცდა და იღრძო. ბურთით მეკარესთან პირისპირ გარინჩა დარჩა. მანემ პაუზა გააკეთა, მოედანზე გაშხლართულ უკანახაზელს შეხედა და ბურთი აუტში გადააგდო.
გარინჩამ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 1955-1966 წლებში ჩატარებულ 50 მატჩში 12 გოლი გაიტანა. იგი ორჯერ – 1958 და 1962 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. იმ პერიოდში დღევანდელ პენტაკამპეონთა ღირსებას მთელი თანავარსკვლავედი იცავდა, თუმცა, მათ შორის გარინჩას სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია. არგუმენტი გნებავთ? ინებეთ – იმ შეხვედრებში, რომელშიც გარინჩა ბრაზილიის ნაკრების ღირსებას იცავდა, გუნდმა მარცხის სიმწარე მხოლოდ ერთ მატჩში იწვნია (!).
გარინჩამ რამდენიმე კლუბში ითამაშა ("კორინთიანსი”, კოლუმბიის “ბარანკილია”, “ფლამენგო”, ფრანგული “რედ სტარი”, “ოლარია”), თუმცა მისი პირველი და უკანასკნელი ”სიყვარული” მაინც “ბოტაფოგი” გახლდათ. მანე “ფოგაოში” 12 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა (1953-1966) და მიუხედავად იმისა, რომ ფლანგის მოთამაშე იყო, ამ გუნდის მაისურით ასპარეზობისას 230 გოლის გატანა მაინც მოახერხა.
გარინჩა არასოდეს აყენებდა ფულს ფეხბურთზე მაღლა. მის ამ თვისებას, სამწუხაროდ, ბოროტად იყენებდნენ იმ კლუბთა თავკაცები, რომელშიც მას უხდებოდა თამაში და ყოველთვის ცდილობდნენ, რომ იმაზე გაცილებით მცირე თანხა გადაეხადათ მისთვის, ვიდრე სინამდვილეში იმსახურებდა გარინჩას დონის ფეხბურთელი.
მანე ყოველთვის მზად იყო, ნებისმიერი მთხოვნელისთვის ხელი გაემართა, თავად კი ქოხში ცხოვრობდა. მას ხშირად სტუმრობდნენ სენატორები, გაოცებული ჟურნალისტები კი ეკითხებოდნენ, რატომ არ გადადიოდა გარინჩა მისი სტატუსის შესაფერის ბინაში. “ახლა საამისოდ არ მცალია” - პასუხობდა მანე.
1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მანეს მუხლის ტრავმა გაურთულდა, რის გამოც იგი იძულებული გახდა, რომ დიდ ფეხბურთს ჩამოცილებოდა. მაშინ ის უკვე თავის მეორე ცოლთან, სამბას ცნობილ შემსრულებელ ელზა სუარესთან ცხოვრობდა, რომელიც ოჯახს მატერიალურად უზრუნველყოფდა. მანეს კი უფეხბურთოდ ცხოვრება არ შეეძლო. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი სასმელს მიეძალა.
ყველასგან მივიწყებული მანე, უსახლკაროდ დარჩენილი და ღვიძლის უკურნებელი სენით შეპყრობილი, სიღარიბეში 1983 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა. უკანასკნელ გზაზე კი იგი ათასობით გულშემატკივარმა გააცილა. გარინჩას ნეშთი “მარაკანაზე” მიასვენეს, მის კუბოს “ბოტაფოგოს” დროშა ჰქონდა გადაფარებული. მადლიერმა გულშემატკივარმა მანეს საფლავს სამსიტყვიანი ეპიტაფია წააწერა, რომელიც ზუსტად გამოხატავს ფეხბურთელისადმი მათ დამოკიდებულებას: “გარინჩა – ხალხის სიხარული”.
გოჩა კაჭარავა