გარი ნევილი 20 წლის განმავლობაში იცავდა “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას. “ოლდ ტრაფორდზე” ასპარეზობისას უკანახაზელმა რვაჯერ მოიგო პრემიერლიგა, ორჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს, მოგებული აქვს საკონტინენტთაშორისო თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 85-ჯერ მოიზომა ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორმა. გარის მიერ მოპოვებულ ტიტულთა არასრული სიაც საკმარისია “იუნაიტედისთვის” გაწეული მისი ღვაწლის შესაფასებლად, ამიტომაც ნევილის თვალსაზრისი კლუბის გულშემატკივრებისა და ხელმძღვანელებისთვის არა მარტო საინტერესო, გასათვალისწინებელიცაა.
- იმის გათვალისწინებით, რომ სერ ალექს ფერგიუსონი აქტიურ სამწვრთნელო კარიერას ჩამოშორდა, წინასასეზონო ეტაპი საინტერესოდ ჩაივლის. თქვენც ეთანხმებით ამ თვალსაზრისს?
- წინასასეზონოზე ვერ გეტყვით, მაგრამ მომავალი პრემიერლიგის სტარტი მეტად საინტერესოდ ჩაივლის. “მანჩესტერ სიტი”, “ჩელსი”, “არსენალი”, “ტოტენჰემი” ყოველმხრივ შეეცდებიან სალიდერო პოზიციაზე დამკვიდრებას. “იუნაიტედს”, “სიტის”, “ჩელსის” ახალი დამრიგებლები ეყოლებათ, რაც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს მათი მისამართით. “ტოტენჰემის” გამოსვლა დიდწილად იმაზეც იქნება დამოკიდებული, დარჩება თუ არა “უაით ჰართ ლეინზე” გარეთ ბეილი.
- როგორ გგონიათ, “იუნაიტედის” ფეხბურთელებს ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ დამატებითი მოტივაცია გაუჩნდებათ?
- რასაკვირველია. ფეხბურთელებმა დევიდ მოიესს თავი უნდა მოაწონონ. ეს მათთვის დიდი გამოწვევაა. როდესაც სხვა კლუბებში სერ ალექსის წასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაიგეს, შვებით ამოისუნთქეს. ამან ჩვენი მოთამაშეების თავმოყვარეობაზე უნდა იქონიოს გავლენა – მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ფერგიუსონის გარეშეცაა შესაძლებელი წარმატებების მიღწევა. როგორც ფეხბურთელებმა, ასევე მოიესმა გამოწვევა უნდა მიიღონ და საკადრისი პასუხი გასცეს. მეტად რთულად შესასრულებელი ამოცანაა. “იუნაიტედს” გამადიდებელი ლინზით დააკვირდებიან და შედარებითი უკუსვლის შემთხვევაში იმწამსვე იტყვიან, ეს ფერგიუსონის დროინდელი გუნდის აჩრდილიაო. ამის თქმა ადვილია, მაგრამ გავიხსენოთ ისტორია. სერ მეტ ბასბის წასვლის შემდეგაც “მანჩესტერ იუნაიტედს” რთული პერიოდის დაუდგა და ფერგიუსონს რამდენიმე სეზონი დასჭირდა, რათა გუნდი ჩვეულ სიმაღლეზე დაებრუნებინა.
- “იუნაიტედმა” მორიგი საპრემიერლიგო ოქრო დაისაკუთრა. ამჟამინდელ გუნდს ბოლო პერიოდის საუკეთესო კოლექტივად მიიჩნევთ?
- ალექს ფერგიუსონმა განსაკუთრებით შთამბეჭდავი გუნდების შექმნა 1994, 1999, 2008 წლებში მოახერხა. ამჟამინდელი გუნდიც მათ რიგშია. გულშემატკივრებს ყოველთვის სჩვევიათ უკან გახედვა და უწინდელი გუნდებისა და თუ მოთამაშეების თანამედროვესთან შედარება. ამჟამინდელ “იუნაიტედს” რაც შეეხება, დე ხეა, რაფაელი, ევანსი, სმოლინგი, ჯონსი, კლევერლი, უელბეკი და ჩიჩარიტო ჯერ ახალგაზრდები არიან და სათამაშო პიკისთვის არ მიუღწევიათ. გუნდში ირიცხებიან უკვე პიკზე მყოფი ფეხბურთელები და გამოცდილი ვეტერანებიც. ეს “იუნაიტედის” პოტენციალის სრულად ამუშავების საწინდარია. გუნდს თავისი შესაძლებლობები ბოლომდე არ გამოუვლენია. ვფიქრობ, “ჩელსიც” ანალოგიურ მდგომარეობაშია. მომავალ სეზონში “არისტოკრატებისგან” ბევრს უნდა ველოდეთ. “სიტის” გარდამავალი პერიოდი დაუდგება. დარჩება თუ არა “მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგის ფლაგმანად, ამას დრო გვიჩვენებს.
- მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებულ თავის უკანასკნელ პრესკონფერენციაზე ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ყოველთვის სურდა რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, ნიკი ბატი სადამრიგებლო შტაბში ეხილა. რამდენად მნიშვნელოვანია ამ მოთამაშეების გამოცდილება და ავტორიტეტი კლუბისთვის?
- ამ ტრიოს “იუნაიტედისთვის” დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია. ისინი მეტად კომპეტენტურები, ფეხბურთზე და კლუბზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები არიან. ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მატჩი ვნახე და სხვადასხვა კლუბების წარმოდგენლებთანაც მქონდა კონტაქტი. ნებისმიერი მათგანი მიდასტურებდა, რომ გიგზის, სქოულზისა და ბატის დონის ავტორიტეტების ხილვა სწადიათ სამწვრთნელო შტაბში. “იუნაიტედისთვის” მათ არსებობას ღვთის საჩუქარს შევადარებდი.