ინტერვიუები

10:14 | 18.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

გარი კასპაროვი: "მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში - პუტინის პირადი პროექტია"

საჭადრაკო კარიერის დამთავრებიდან ექვს წელიწადში და პოლიტიკაში გადაბარგების შემდეგ, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი სპორტისადმი კვლავ დიდ ინტერესს იჩენს. გერმანულ გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-თვის მიცემულ ინტერვიუში, გარი კასპაროვი მის მემკვიდრეზე, პრემიერ-მინისტრ პუტინზე და ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრობს.
Frankfurter Allgemeine Zeitung: - 2010 წლის დეკემბრის ბოლოს, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ თქვენი ყოფილი მოსწავლე, მაგნუს კარლსენი (ფიდე-ს მიმდინარე რეიტინგის საუკეთესო მოჭადრაკე - რედ.), ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს.
- ეს ცუდი და არასწორი გადაწყვეტილებაა. მისი ასაკითა და მონაცემებით, მან აუცილებლად უნდა იბრძოლოს ჭადრაკის დაფასთან.
- თქვენთვის გასაგებია ამ გადაწყვეტილების მაპროვოცირებელი მოტივები?
- იგი მართალია, როცა აკრიტიკებს სისტემას და მას უსამართლოს უწოდებს. ფიდე-მ (ჭადრაკის საერთაშორისო ასოციაცია) მთელი ციკლი ქაოტურად წარმართა. პირადად მე, არ მომწონს, რომ კანდიდატთა მატჩები მეოთხედფინალს, ნახევარფინალსა და ფინალებს შორის, ყოველგვარი პაუზის გარეშე უნდა ჩატარდეს. ამის მიუხედავადაც, მაგნუსი ფავორიტი იქნებოდა, თუმცა, მეტწილად პირველ პლანზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ასპექტები გადმოდის - არცთუ უმნიშვნელოა გამართლების ფაქტორი. ვფიქრობ, შეჯიბრების გამართვის ფორმის კრიტიკა, უფრო საბაბია, ვიდრე მიზეზი.
- მაშ, ნამდვილი მოტივები რაში მდგომარეობს?
- მას, როგორ ჩანს, სერიოზული გამოწვევის მიღება არ სურს.
-  სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს თქვენ ურჩიეთ კარლსენს, რომ უარი ეთქვა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე.
- ჩვენი თანამშრომლობა ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე დასრულდა, თუმცა, ვიტყვი, რომ არ მოვიწონებდი მის ასეთ გადაწყვეტილებას.
- ხომ არ ნანობთ, რომ მას წვრთნიდით?
- სრულებითაც არა. ჩვენი საწვრთნელი პარტიები, მათი ანალიზი ასეთი ტალანტის მოთამაშესთან ერთად - ყველაფერმა ერთად, დიდი სიამოვნება მომანიჭა. მას ნებისმიერი პოზიციის ზუსტად შეფასების უნარი გააჩნია, რითაც თავის მოწონება მანამდე მხოლოდ კარპოვს შეეძლო. მე მაგნუსს ვეხმარებოდი იმაში, რაც ყველაზე მეტად აკლდა: შეჯიბრის დაწყებისთვის მომზადება, სისტემატური მუშა პროცესი, უფრო ხისტი მატჩისწინა გეგმა.
- რა გაიფიქრეთ, როცა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე კარლსენის უარი შეიტყეთ?
- გამიკვირდა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მარაკეშში მოწყობილ ჩვენს საწვრთნელ ბანაკში ხშირად ვესაუბრებოდი მის არასაკმარის სატურნირო გამოცდილებაზე, მაგრამ იგი ყოველთვის გაურბოდა ამ საკითხზე მსჯელობას. მაგნუსს არასოდეს უასპარეზია ორთაბრძოლებში ფავორიტის რანგში. ვურჩიე, ჩაეტარებინა საწვრთნელი მატჩი მსოფლიო კლასის ისეთ მოჭადრაკესთან, რომელიც ჩემპიონის წოდების მაძიებელთა შორის არ შედიოდა.
- როცა თქვენ ჩაუდექით სათავეში მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეთა სიას, წელიწადში ერთ მატჩს თუ წააგებდით. კარლსენმა კი, ბოლო 3 თვეში 7 პარტიაში გამოაცხადა კაპიტულაცია. რა ხდება?
- რა და ის, რომ ისე ინტენსიურად არ მუშაობს, როგორც საჭიროა. ჩემთვის ესაა ერთადერთი ახსნა. იმუშაო ნიშნავს, მუდმივად იყო ჭადრაკით დასაქმებული და შეინარჩუნო შეგრძნების სიმწვავე. ლონდონში მისმა ანანდთან წაგებამ საოცრად აღმაშფოთა. მაგნუსს კრამნიკთანაც უნდა წაეგო, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ის ტურნირი მოიგო და დაამტკიცა, რომ უკეთ თამაში შეუძლია. კარლსენი დაფასთან ფენომენალურია და თუ მომავალშიც საკმაოდ ინტენსიურად იმუშავებს, იგი დიდხანს იდომინირებს.
- შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სიტუაცია, რომ კიდევ მოგიწევთ მისი გაწვრთნა?
- არა. მაგნუსი იზრდება და დღესდღეობით, იგი სიტუაციის სრული ბატონ-პატრონი ხდება.
- როგორ თვლით, მას დრო სჭირდება, რომ მისგან ენერგიის ახალი ტალღა წამოვიდეს?
- მას აუცილებლად სჭირდება დრო, რათა საკუთარ მომავალზე დაფიქრდეს. ჩანს, თითქოს მისთვის ყველაფერი იოლად მიიღწევა, მაგრამ კონკურენტებს არ სძინავთ. ერთი წლის წინ, კარლსენი ჭადრაკში დომინირებდა, დღეს კი ვეღარ. მას რომ ინტენსიური მუშაობა გაეგრძელებინა, ელოს სისტემით მიღწეული ჩემი რეკორდის (2851) გაუმჯობესება შეეძლო. ეს პრესაში მისთვისვე საჭირო პოზიტიურ რეაქციას გამოიწვევდა.
სამწუხაროდ, ის რასაც მაგნუს კარლსენმა 20 წლის ასაკში მიაღწია, საკმარისი არაა საიმისოდ, რომ ჭადრაკისაგან “შორს მყოფი” ხალხი, სპორტის ამ სახეობისაკენ შემობრუნდეს. მას დიდი ტალანტი აქვს და თუ უნდა ისტორიაში სამუდამოდ დარჩეს, უნდა მოახერხოს, რომ რაღაც ფორმით, ეს ტალანტი ჭადრაკს მოახმაროს.
- როცა კარლსენის ხნის იყავით, არა მარტო ჭადრაკის დაფასთან მოიგეთ ყველა ორთაბრძოლა, არამედ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის პაექრობაში, საბჭოთა კავშირის ჭადრაკის ფედერაციასთან შერკინება გიწევდათ. რა გავლენა იქონია 19-დან 22 წლამდე გატარებულმა თქვენი ცხოვრების პერიოდმა?
- ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ დღეს მე ვარსებობ. ხასიათი მაშინ იწრთობა, თუ შეძლებ მარცხთან და რთულ გამოწვევებთან შეტაკების გადატანას. თუ ყველაფერ ამას გვერდის ავლას დაუპირებთ, აუცილებლად დაისჯებით.
- კარლსენთან თქვენი ერთობლივი მუშაობის შემდეგ, სრულიად სხვა საქმით დაკავება ამჯობინეთ. საკმაო თანხები დახარჯეთ, რათა ანატოლი კარპოვი ფიდე-ს პრეზიდენტად გექციათ. როგორც გამოჩნდა, ყველაფერი ამაოდ.
- თანხების ოდენობაზე საუბარი არ მსურს. იმის მიუხედავად, რომ ანატოლის ძალიან არ უყვარს საკუთარი სახსრების ხარჯვა, უკრაინელ მეგობრებთან ერთად მანაც ბევრი გაიღო საამისოდ.
- ვისი იყო კარპოვის გაპრეზიდენტების იდეა?
- შარშან სექტემბერში, ვალენსიის ტურნირის შემდეგ, ჩვენ ერთად მიმოვიხილავდით ჭადრაკში არსებულ პრობლემებს. ორ თვეში, მოსკოვში შევხვდით ერთმანეთს და შევეკითხე - ხომ არ იყო მზად კანდიდატობისთვის და სერიოზულად შეჭიდებოდა ამ საქმეს. იგი საფუძვლიანად ჩაერთო ამ ბრძოლაში, განსაკუთრებით, მის დასკვნით ფაზაში. არჩევნებში კარპოვის მონაწილეობა და პოზიციები მართალი იყო. ეს იყო უნიკალური შანსი ჭადრაკისთვის, რათა კვლავ სწორ გზას დავბრუნებოდით. ეს იყო მძიმე და ულმობელი ბრძოლა, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან გვიან დავიწყეთ.
- მოწინააღმდეგე მხარე ქულებს იმით იწერდა, როცა კარპოვს თქვენს მარიონეტად ასახელებდა. მათი აზრით, თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც კარპოვის პოსტზე მოსვლით, მართვის სადავეების ხელში აღებას აპირებდა.
- თქვენ სერიოზულად გგონიათ, რომ კარპოვს შეეძლო დაეშვა ასეთი რამ - მისი ფიდე-ს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მე მისთვის ის მეკარნახა, რა და როგორ გააკეთოს? ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს და მე მართლაც მექნებოდა მასზე გავლენა, მაგრამ არა ისეთი, რომ კარპოვი ჩემს მარიონეტად ქცეულიყო.
- ბევრს თქვენი კამპანიის ნეგატიური ტონი არ მოეწონა.
- რა, 4 მილიონი დოლარი ფიდე-ს განვითარებისთვის - ეს პოზიტიური ცნობა არაა? კარპოვის მთელი პროგრამა პოზიტიური იყო. სამწუხაროდ, არ იყო პროგრამა, რომლის კრიტიკასაც ჩვენ შევძლებდით, რადგან ილუმჟინოვს საერთოდ არ ჰქონდა პროგრამა. სამაგიეროდ, ილუმჟინოვი სასაცილოდ გამოიყურებოდა. ნოემბერში, მან გამოაცხადა, რომ მიფრინავს ნიუ იორკში, სადაც ქალაქის მერ ბლუმბერგს უნდა შეხვდეს და “ნულოვანი დონის” (ასე უწოდებენ ადგილს, სადაც 2001 წლის 11 სექტემბრამდე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი შენობები იდგა - რედ.) ტერიტორია იყიდოს. მას სიცრუის ნებისმიერი დეტექტორის მოტყუება შეუძლია, რადგან რასაც ლაპარაკობს, ყველაფრის სჯერა. ჰკითხეთ, რა ფერის არიან უცხოპლანეტელები და მომუშავე ტელეკამერების წინ, ურცხვად მოგცემთ “არგუმენტირებულ” პასუხს. ამ ადამიანმა ჭადრაკის ნდობა მოადუნა, მას აღარ აქვს ის რესურსები, რასაც ადრე ფლობდა.
- როგორ მოხდა, რომ ილუმჟინოვმა რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის თანადგომა მიიღო?
- ვისაც არ უნდა მიეცა ხმა რუსეთიდან, მოგება მაინც კარპოვს დარჩებოდა. უბრალოდ, არკადი დვორკოვიჩმა რუსული ხმები მოიპარა.
- არადა, რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის თავკაცთან კარგი დამოკიდებულება გქონდათ.
- მე მას შეერთებულ შტატებში განათლების მიღებაში დავეხმარე. მამამისი 15 წლის განმავლობაში მუშაობდა ჩემს გუნდში. თუმცა, დვორკოვიჩს მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები აქვს ილუმჟინოვის გარემოცვაში მყოფ ხალხთან - საუბარი პირველ რიგში ნავთობს ეხება.
- მთელი თქვენი საჭადრაკო კარიერა წარმატებებითაა სავსე, თუმცა რუსეთში, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაში და მაგნუს კარლსენთან მიმართებაში, მუდმივად წარუმატებლობები გაქვთ. როგორ ახერხებთ ამდენი ფიასკოს გადატანას?
- გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე ამ ერთი წლის წინ. მე საკმაოდ დატვირთული ცხოვრება მაქვს. 2010 წელს ბევრი ვიმოგზაურე, შევხვდი საინტერესო ადამიანებს, ბევრი ახალი გავიგე. ვმუშაობ ახალ წიგნზე და ვთვლი, რომ კიდევ შემიძლია რაღაცას მივაღწიო.
- რამდენად აქტიურად მუშაობთ, რათა ხელი შეუშალოთ პუტინს რუსეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში?
- რომ ვიცოდე ამას, მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით შევძლებ - მხოლოდ ამ საქმეს დავუთმობდი დარჩენილ ცხოვრებას. მერწმუნეთ, როცა კი რუსეთში ჩავდივარ, იქ გატარებულ ყოველ წუთს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლას ვუთმობ.
- რა დამოკიდებულება გაქვთ რუსეთში ფეხბურთელთა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებასთან?
- მე არ გამკვირვებია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. პუტინმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაბირება შეძლო, სადაც 100-ზე მეტი ხმაა და ფიფას 24 ხმის “ყიდვა” რა პრობლემა იყო? ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი პუტინის პირადი პროექტია. ამ ადამიანმა, ჯერ შეძლო მიეღწია იმისთვის, რომ მასზე გერმანიის კანცლერს ემუშავა, მერე სუბტროპიკულ კურორტზე ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების უფლება მიიღო, ახლა ფიფამ ჩემპიონატის ჩატარების უფლება “აჩუქა” ქვეყანას, რომელშიც არც შესაბამისი საფეხბურთო ინფრასტრუქტურაა, არც სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლის აწყობილი მექანიზმი.      
- უფლების მიღება ხომ ამ ინფრასტრუქტურების შექმნის ჩინებული საბაბია.
- ეს ფულის მოპარვისთვისაა კარგი საბაბი. სოჭის მაგალითზე ეს უკვე გამოჩნდა. ქალაქი და მის გარშემო ბუნება, პრაქტიკულად, ნადგურდება. არ ვიცი, საერთოდ ჩატარდება კი ეს თამაშები, იმდენად შეუფერებელი ადგილია ზამთრის ოლიმპიადისთვის. როცა სოჭმა მოიპოვა ეს უფლება, ყველგან ზეიმი იყო. დღეს, თვით სამთავრობო საინფორმაციო საშუალებებიც თავშეკავებით იტყობინებიან რა ხდება ამ ქალაქში.
- ფული სხვა ქვეყნებშიც ბევრი “იკარგება”.
- პუტინი ყველა რეკორდს მოხსნის.

 



0.114569