ინტერვიუები

11:03 | 7.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

გარგანოს თავისთვის და “ნაპოლისთვის” რაიმე ტიტული უნდა

ურუგვაის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ნახევარმცველ ვალტერ გარგანოს ცხოვრებაში, გასული ერთი წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. 26 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა, ბიჭი შეეძინა, ცოტა ხნის წინ კი, დაბადების დღე აღნიშნა. 20-დღიანი შვებულების შემდეგ, ის კლუბში დასრულდა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. მას ელის ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპი და იტალიის ჩემპიონატის განახლება, მანამდე კი, კლუბის ოფიციალური საიტისთვის მოიცალა და მცირე ინტერვიუ მისცა.

- როგორ გაატარეთ თქვენი 20-დღიანი შვებულება?
- უწინარესად, სლოვაკეთში ვიყავი, სადაც ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად კარგად დავისვენე, მერე კი, ჩემი ბიჭი მატიასი ურუგვაიში მყავდა. ჩემს ოჯახს ის აქამდე არ ენახა და ენითაუწერელი ემოცია ჰქონდათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგი დრო გავატარე იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს.
- მსოფლიოს ჩემპიონატმა რა გამოცდილება შეგძინათ?
- თუ საბოლოო შედეგს შევხედავთ, ის წარმოუდგენლად მოგვეჩვენება. რაღა თქმა უნდა, მეტის თამაში მსურდა. ასეთი დონის ტურნირზე, ყველას სურს, რომ საკუთარი გუნდის ლიდერად იქცეს. მართალია, მოედანზე იმდენი დრო არ გამიტარებია, რამდენიც მსურდა, მაგრამ გუნდის მიერ მიღწეული შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ. ვიმედოვნებ, რომ მომავალში მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსი მომავალშიც მექნება.
- რა შეიცვალა გარგანოსთვის, როგორც მოთამაშისთვის და როგორც პიროვნებისთვის?
- ყველა კუთხით გავიზარდე, მათ შორის პირადი ცხოვრების მხრივაც. როგორც პიროვნება, ვგრძნობ, რომ ბევრს მივაღწიე: მყავს ოჯახი, შვილი და მაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა. ასევე, გავიზარდე როგორც მოთამაშე. მუდამ ვამბობ, რომ ფეხბურთში მიღწეულზე არასდროს უნდა შეჩერდე და პროფესიული თვალსაზრისთვის ზრდაზე, მუდამ უნდა იზრუნო. ჩემი მიზანია, რომ ამ გზით ვიარო და ჩემი გუნდისათვის შეუცვლელ მოთამაშედ ვიქცე.
- ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში თქვენი პარტნიორი კავანი, ახლა “ნაპოლიშიც” თქვენს მხარდამხარ ითამაშებს.
- ძალიან გამიხარდა, ჩვენმა გუნდმა ედისონი რომ შეიძინა. მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობის დროს, “ნაპოლიზე” ხშირად ვსაუბრობდით. მე მას ყველაფერი ავუხსენი: სერიოზული ამბიციები, ავტორიტეტული პიროვნება ვალტერ მაცარი, მშვენიერი ქალაქი და ემოციური გულშემატკივრების დაუცხრომელი ემოცია - აი მიზეზები, რის გამოც აქ ცხოვრება მომწონს. ის მომენტალურად აივსო ენთუზიაზმით, როგორც საჰაერო ბურთი აირით. ნეაპოლში ისეთი ატმოსფეროა, რომელიც კავანისთვის სრულიად მისაღებია. რაც შეეხება მის ტექნიკურ მხარეს, ამის შესახებ თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ყველამ იცის, რომ მსოფლიოს ფეხბურთში, ის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია.
- ევროპის ლიგა, იტალიის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი. რა გეგმები გაქვთ მომავალ სეზონში?
- უწინარესად, გვსურს, რომ ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპი დავძლიოთ. როგორც მინიმუმ, ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს: “ნაპოლისთან” ერთად რაიმე ტიტულის მოგება მინდა! სწორედ ამიტომ, ამ სამი ტიტულიდან რომელის მოგება, ჩემთვის ფანტასტიკური შედეგი იქნება. პრეზიდენტი დიდ ინერგიას ხარჯავს, რათა სერიოზული გუნდი შექმნას. როგორც კი “ნაპოლიში” დავბრუნდი, აქ არსებული დადებითი მუხტი უცბადვე შევნიშნე. საკუთარი ძალების გვწამს და მომავლის იმედი გვაქვს. გვსურს, რომ გულშემატკივრები ბედნიერები გავხადოთ, რადგანაც ჩვენი ტიფოზები მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ და უდიდესი, ყოველდღიური სიყვარულისთვის, რომელსაც არასდროს მალავენ, მათ მადლობა რაიმე ტიტულის მოგებით უნდა გადავუხადოთ.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


 

0.139432