შაბათს ეროვნული ჩემპიონატის X ტურის მატჩები გაიმართება. მათგან გამორჩეული “დინამო” – “ტორპედოა” და არა მარტო იმიტომ, რომ ოდინდელი მეტოქეების შეხვედრები ყოველთვის საინტერესოა. ამ მატჩში მეტ-ნაკლებად გამოჩნდება, შეძლებს თუ არა წლევანდელ სეზონში ახალგაზრდა ქუთაისური გუნდი თბილისელთათვის საჩემპიონო კონკურენციის გაწევას, თუ დინამოელები დიდი უპირატესობით იპირველებენ, რადგან სხვა რეალური კონკურენტი ჯერ არ ჩანს.…
ჩიხურა (საჩხერე) – გურია (ლანჩხუთი)
26 ოქტომბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 15:00
დისკვალიფიცირებული: ლაშა ჭელიძე (“ჩიხურა”)
მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. ვარამიშვილი, ზვ. ერქვანია, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)
მედლების ერთ-ერთი კანდიდატი “ჩიხურა” წინა ტურში თბილისში “დინამოსთან” განადგურდა (1:6) და ახლა “თავისი” გულშამტკივრის წინაშე რეაბილიტაციას ეცდება. სიტყვა “თავისი” ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვით, რომ შეხვედრა ქუთაისში გაიმართება და საჩხერელებიც ნომინალური მასპინძლები იქნებიან. შარშან სოსო ფრუიძის გუნდი მოწინააღმდეგეებს სოფელ ივანწმინდაში მასპინძლობდა ხოლმე და ის სტადიონი კარგად ჰქონდა დაცდილი. წლეულს ვითარება შეიცვალა, ზემოიმერლები საშინაო მატჩებს ჯერჯერობით სხვაგან მართავენ, თუმცა მაინც კარგად დაიწყეს ჩემპიონატი, მე-3 ადგილზე არიან.
“გურიას” მალე წლის აღმოჩენის თიკუნს მივანიჭებთ. ხუმრობა ხომ არ არის, სეზონის წინ ლამის დაშლილი გუნდი მე-4 ადგილზეა, თანაც დამსახურებულად. გასულ ტურში მცხეთაში “სპარტაკიც” დაამარცხა, ეს ლანჩხუთელთა პირველი საგარეო გამარჯვება გახლდათ წლევანდელ სეზონში.
ზუგდიდი – სპარტაკი (ცხინვალი)
26 ოქტომბერი. განმუხური. ცენტრალური. 15:00
დისკვალიფიცირებულები: რომეო კანკია (“ზუგდიდი”); უჩა ბურძენაძე (“სპარტაკი”)
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ზ. ბერულავა, ბ. ჭიჭინაძე, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)
საინტერესო მატჩია. ერთმანეთს აუტსაიდერები ეთამაშებიან და დამარცხებული ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. იყო დრო, “ზუგდიდი” განმუხურში ყველას უგებდა, ლიდერებსაც კი, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა. უფულობამ თავისი გააკეთა და წლეულს ზუგდიდელებს ზედა ექვსეულში მოხვედრა, ალბათ, ძალიან გაუჭირდებათ. თუმცა, უშუალო კონკურენტთან ალბათ გაორმაგებული ენერგიით ითამაშებენ. კლუბის პრესსამსახურის ცნობით: “დისკვალიფიკაციის გამო მათ რომეო კანკია ვერ დაეხმარება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად მთელი დატვირთვით ვარჯიშობს ვალიკო ტყემალაძე, რომელსაც თურქეთში, შეკრების დროს მიღებული ტრავმის გამო ნახევარი სეზონი გაუცდა.” დანარჩენი ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან და მორიგი ტურისთვის ემზადებიან.
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დილა (გორი)
26 ოქტომბერი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 15:00
დისკივალიფიცირებულები: ირაკლი ღიბრაძე (“ვიტ ჯორჯია”); თემურ ღონღაძე (“დილა”)
მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, ლ. თოდრია, ი. უკლება, ბ. ნინუა (სათადარიგო)
ესეც არ უნდა იყოს მოსაწყენი თამაში. ორივეს თანაბარი ქულები აქვთ და “ვეტერინარები” მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით დგანან ცხრილში ერთი საფეხურით მაღლა. წინა ტურში “ვიტ ჯორჯიამ” ზესტაფონში ფრე გაახერხა (1:1), “დილამ” კი შინ კაცნაკლულ “ზუგდიდს” ვერ მოუგო. აქაც, მთავარი, ფინანსური პრობლემებია. “დილას” ჯერჯერობით მეკარეების მწვრთნელი რამაზ სოღოლაშვილი ავარჯიშებს და სეზონის წინ ერთ-ერთ ფავორიტად მონათლული გუნდის ახლო მომავალი კვლავაც ბურუსითაა მოცული.
მერანი (მარტვილი) – ზესტაფონი
26 ოქტომბერი. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 15:00
დისკვალიფიცირებული; კიჭი მელიავა (“მერანი”)
მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი, გ. ჩიგოგიძე, გ. ელიკაშვილი, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)
მოედნის მოუწესრიგებლობის გამო, საშინაო მატჩებს “მერანიც” სამტრედიაში ატარებს. წინა ტურში ჭყონდიდელები რუსთავში შერცხვნენ, “მეტალურგთან” 1:6 წააგეს და ახალ მთავარ მწვრთნელს, კახა ჩხეტიანს დებიუტი ჩაუმწარეს. შაბათს მათ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ - ჩხეტიანს რეაბილიტაცია სჭირდება.
სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი)
26 ოქტომბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 15:00
დისკვალიფიცირებული: მიხეილ მახვილაძე (“მეტალურგი”)
მსაჯები: ო. ხეცაძე, ზ. მენთეშაშვილი, კ. ტეფნაძე, თ. გვანცელაძე (სათადარიგო)
გასულ ტურში ორივემ წარმატებით იასპარეზეს. ბოლნისელებმა ერთ-ერთ ლიდერ “ტორპედოს” ტოლი არ დაუდეს და ცოტა ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, ქუთაისიდან შესაძლოა, ერთის მაგიერ 3 ქულაც წამოეღოთ. მეტალურგებმა კი 6 გოლი გაუტანეს “მერანს” და მათი დამრიგებლის, გელა სანაიას თქმით, ამით უპირველესად საკუთარი თავის რწმენა გაიმყარეს. რუსთაველებს ისედაც მაღალი ამბიციები აქვთ და ახლა მაღლა აწეული თამასის შენარჩუნებას შეეცდებიან.
დინამო (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი)
26 ოქტომბერი. თბილისი. “დინამო არენა.” 17:00
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზ. ფიფია, დ. ჩიგოგიძე, ჯ. ხორავა, გ. ყრუაშვილი, ა. ნონიკაშვილი (სათადარიგო)
ქართულ სინამდვილეში მათი მატჩები მართლაც გამორჩეულია. ორივე გუნდი ყოველთვის განსაკუთრებით ემზადება ხოლმე. მაგრამ წლეულს მაინც განსხვავებული “კლასიკო” იქნება და ეს უპირველესად “ტორპედოს” გამო მოხდება. მიზეზი კი ის არის, რომ სეზონის წინ ქუთაისურ გუნდში დიდი ცვლილებები მოხდა, გამოცდილი მოთამაშეები გაუშვეს და ახალგაზრდები მოიყვანეს. ნიჭიერები, მაგრამ ჯერაც გამოუცდელები. შარშან მათი უმრავლესობა პირველლიგელ “ლოკომოტივში” თამაშობდა და უმაღლეს ლიგას თანდათან უშინაურდებიან. მათი ნიჭიერება ცხრილიდანაც ჩანს, 9 ტურის შემდეგ ერთადერთნი არიან ვინც ჯერ არ დამარცხებულა და მეორე ადგილზეც დამსახურებულად დგანან. თამაშის ხარისხსაც ხვეწენ. ეგ არის, წინა ტურში “სიონთან” გამოჩნდა, რომ გამოცდილ მოწინააღმდეგესთან უჭირთ. ვინც ის მატჩი ნახა, დამეთანხმება, “ტორპედო” საკუთარ თავს არ ჰგავდა. ძნელი სათქმელია, რა იყო ამის მიზეზი, ხანდახან ხდება ხოლმე, რომ გუნდს არ წაუვა Yთამაში და გამოცდილება-გამოუცდელობა აქ არაფერ შუაშია. ამიტომ, “დინამოსთან” მატჩი ამ მხრივაც საინტერესოა – ჭაბუკ ტორპედოელებს ფორმაში შესულ დინამოელებთან ერთგავრი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. დინამოელები კი მართლაც ჩინებულ ფორმაში არიან, ჩემპიონატში ზედიზედ 6 თამაში მოიგეს და ამ მატჩებში 21 ბურთი გაიტანეს. ამას თუ ხობის “კოლხეთთან” სათასო 9:0 დავუმატებთ, საერთოდ ფანტასტიკური შედეგი გამოვა. ასე რომ, ძალიან საინტერსო შეხვედრა უნდა გამოდგეს. ეს მატჩი ნაწილობრივ იმ კითხვასაც გასცემს პასუხს: მართლა ეყოლება წლეულს “დინამოს” კონკურენტი, თუ დიდი უპირატესობით მოიგებენ ჩემპიონატს. დინამოელთა მეკარე გიორგი ლორიასთვის კი, ეს ეროვნულ ჩემპიონატებში ჩატარებული საიუბილეო - 150-ე მატჩი იქნება. პირდაპირ ტელერეპოტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გადმოსცემს, ბილეთების ფასი 2 ლარია, 12 წლამდე ბავშვებისთვის კი სტადიონზე შესვლა უფასოა.
1 | დინამო | 9 | 7 | 1 | 1 | 25:8 | 22 |
2 | ტორპედო | 9 | 5 | 4 | 0 | 14:5 | 19 |
3 | ჩიხურა | 9 | 5 | 1 | 3 | 19:17 | 16 |
4 | გურია | 9 | 5 | 0 | 4 | 9:9 | 15 |
5 | მეტალურგი | 9 | 4 | 2 | 3 | 15:15 | 14 |
6 | მერანი | 9 | 4 | 0 | 5 | 12:20 | 12 |
7 | ვიტ ჯორჯია | 9 | 3 | 3 | 3 | 14:12 | 12 |
8 | დილა | 9 | 3 | 3 | 3 | 11:11 | 12 |
9 | ზესტაფონი | 9 | 3 | 2 | 4 | 10:8 | 11 |
10 | სიონი | 9 | 2 | 3 | 4 | 11:14 | 9 |
11 | ზუგდიდი | 9 | 1 | 3 | 5 | 4:14 | 6 |
12 | სპარტაკი | 9 | 1 | 0 | 8 | 4:14 | 3 |
მეგოლეები:
7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)
6 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)
4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ირაკლი ქობალია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”)
3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა