სულ რაღაც წელიწადნახევრის განმავლობაში ფაბიო კაპელომ მოახერხა ნაწილებად დაშლილი ინგლისის ნაკრებისგან ერთიანი გუნდის შექმნა. იტალიელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები დღესდღეობით ძალზე დიდ ძალას წარმოადგენს და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ფავორიტთა შორისაც შედის. რა თქმა უნდა, ინგლისური ფეხბურთის ქომაგებს აღნიშნული ფაქტი მოსწონთ, მაგრამ ისინი ალბათ ნერვილობენ ერთ რამეზე – მათ ნაკრებს არ გამოსდის თერთმეტმეტრიანების სერიაში წარმატებით თამაში: ევროპის 2004 და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატებზე ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლები პორტუგალიამ სწორედ თერთმეტმეტრიანების სერიის წყალობით გამოთიშა ასპარეზობიდან. თავის ბოლო ინტერვიუში კაპელომ განაცხადა, რომ მისი შეგირდები ამ ელემენტის დახვეწაზე მუშაობენ და მეტიც, მან უკვე იცის, საჭიროების შემთხვევაში რომელი ფეხბურთელები შეასრულებენ თერთმეტმეტრიანებს.
- დონ ფაბიო, რას ფიქრობთ თერთმეტმეტრიანების სერიაზე?
- ვთვლი, რომ ეს ლატარეაა. არაერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ვიცი, რომლებმაც თავის თავზე გადამწყვეტი დარტყმის შესრულება ვერ აიღეს. საქმე ისაა, რომ ისინი საკუთარ თავში ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებულნი და გუნდის დაღალატება არ ისურვეს.
- როგორ არჩევთ ფეხბურთელებს ისე, რომ იგნორირებას უკეთებთ სწორედ მათ, ვინც ვერ გამოიყენებს თერთმეტმეტრიანს?
-ამ საკითხში ერთი კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს. მე უბრალოდ ვეკითხები ფეხბურთელებს და დანარჩენი უკვე მათ პასუხზეა დამოკიდებული. მათ შორის, ვისაც თავის დროზე უარი უთქვამთ დარტყმაზე, არაერთი ძალზე ძლიერი ფეხბურთელია.
- ზოგიერთი მწვრთნელი თავის შეგირდებს თერთმეტმეტრიანების დარტყმაში არ ავარჯიშებს, რადგან ამას უსარგებლოდ თვლის. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
- ჩემი ფეხბურთელები ვარჯიშობენ თერთმეტმეტრიანებში, რადგან ეს ელემენტი ტექნიკური და ფსიქოლოგიური კუთხით მნიშვნელოვანია.
-უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, თუ ვინ უნდა აიღოს საკუთარ თავზე საჭიროების შემთხვევაში ეს მძიმე ტვირთი?
- დიახ, უკვე ვიცი ამ ფეხბურთელთა ვინაობა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება ახლა მე ბევრ რამეს ვამბობდე, მაგრამ როდესაც ფეხბურთელი თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად მივა, მას მაინც მოუწევს ძალზე დიდი სტრესის დაძლევა.
- რაში გამოიხარება ეს სტრესი?
- როდესაც თერთმეტმეტრიანს ვარჯიშის დროს ასრულებ, კარი დიდია, მეკარე კი პატარა. მაგრამ როდესაც შენს დარტყმულზე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდის ასპარეზობაა დამოკიდებული, კარი მაქსიმალურადაა დაპატარავებული, მეკარე კი გაზრდილი.
- ყველასთვის ცნობილია, რომ ამჟამად გაქვთ 30 კაციანი სია და აქედან აპირებთ მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელ ფეხბურთელთა არჩევას. ბოლო დროს განსაკუთრებით ყურადღებით ვის აკვირდებით?
- სიმართლე გითხრათ, თვალყურს ყველას ასპარეზობას ვადევნებ, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ უესლი ბრაუნს, მაიკლ ოუენს და ჯეიმს მილნერს.
- რა შანსი აქვს ოუენ ჰარგრივზს?
- მას უბრალოდ მართებს “მანჩესტერის” შემადგენლობაში მეტი თამაში. მას ორი თვის წინ ვესაუბრე, როდესაც უკვე მზად იყო ვარჯიშის დასაწყებად, მაგრამ ოუენმა დღემდე ვერ მოახერხა სათანადო ფორმაში შესვლა. მას კიდევ ექვსი თვე აქვს, მაგრამ საჭიროა თამაშის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება. სამუნდიალო ნაკრებს იმ ფეხბურთელებიდან შევარჩევ, რომლებიც მაისში იდეალურად იქნებიან მზად.
- ანუ, თეორიულად არსებობს შანსი იმისა, რომ ჯერარდი და ლამპარდი ნაკრებს მიღმა დარჩნენ?
- დიახ, თუ ისინი თავიან კლუბებში ვერ ითამაშებენ.
მიშა ზაქარეიშვილი