გულშემატკივრის სვეტი

10:12 | 5.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ღამურას წერილი თბილისის მერს

ჩვენ, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სახურავზე მცხოვრები ღამურები, კრძალვითა და დიდი პატივისცემით ვართ განწყობილი ქართული ფეხბურთისადმი. კაცმა რომ თქვას, სხვა გზა არც გვაქვს, რადგან ყველაზე ცოტა, ორ კვირაში ერთხელ მაინც გვიწევს ფეხბურთის ცქერა და გვინდა თუ არა, უკვე ჭეშმარიტ გულშემატკივრებად ჩამოვყალიბდით. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ ფეხბურთის სიყვარული ეროვნული სტადიონის ღამურებს წინაპრებიდან მოგვსდგამს. ჩემი დიდი ბაბუა (განათლდეს მისი სული), რომელიც დიდუბელი ღამურების უსტაბაშად ითვლებოდა, მამაჩემს ხშირად უყვებოდა ხოლმე რა ამბავი იყო, როდესაც სტადიონზე დათო ყიფიანი, მანუჩარ მაჩაიძე, ვოვა გუცაევი და მაშინდელი “დინამოს“ სხვა ბიჭები თამაშობდნენ ხოლმე. ბაბუა სახელდობრ ყიფიანის გულშემატკივარი იყო და თამაშების დროს ყველაფერი უკეთ რომ დაენახა, სულ იმ მხარეს დაფრინავდა, საიდანაც ყიფიანი უტევდა. შორს წაგვიყვანს იმის მოყოლა, ბაბუაჩემმა და ჩვენსას სტუმრად მოსულმა სოლოლაკელმა ღამურამ, მეტსახელად “ნამცომ“, რაოდენი ფრთების ფართხუნი ასტეხეს, როდესაც “დინამომ“ “ლივერპული“ დაამარცხა. მართალია, იმ საღამოს გამარჯვებით გალაღებულმა ერთ-ერთმა თბილისელმა ჯეელმა საწყალ ბაბუას შემთხვევით ახლადგახსნილი შამპანურის საცობი მოარტყა და იქვე სული გააცხებინა, მაგრამ ჩემს გვარს დღემდე საამაყოდ აქვს ის, რომ დიდი ბაბუა დიდ გამარჯვებას შეეწირა და არა კატის კლანჭებს, ან ონავარი ბავშვების შურდულს.
რა უნდა გვითხრათ, რომ ჩვენ, სტადიონის ღამურებს არ გვახსოვდეს. ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში ქართველი გულშემატკივრების ცრემლიც ბევრია ჩელექილი და სიხარულიც. როდესაც საქართველოს ნაკრები გერმანიის ნაკრებს ხვდებოდა, მაშინ მე სულ პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც კარგად მახსოვს ყველაფერი. იმ დღეს სტადიონზე იმდენი ხალხი მოვიდა, რომ როდესაც იმ ჩვენი ცოდვით სავსე კლინსმანმა (ჰო, რა გიკვირთ, ზოგიერთმა ღამურამ ფეხბურთელების მაისურებზე ლათინური ასოებით დაწერილი გვარების კითხვაც ვიცით) გოლი გაიტანა, გულნატკენმა გულშემატკივრებმა ისეთი ხმით ამოიხვნეშეს, რომ მამაჩემს იმათი ნახვნეში ჰაერით წელი გაუცივდა და შემდეგ მთელი ცხოვრება ჭვალი ადგა და აკი, კიდეც გადაიყოლა თან.
რაც ამ ქვეყანას მოვევლინე, იმდენი თამაში მინახავს, ხანდახან ერთმანეთშიც კი მერევა, მაგრამ ჩემი წინაპრებისგან განსხვავებით, კარგ დღეებს იშვიათად თუ გავიხსენებ. ახლა ისეც არ იფიქროთ, რომ  საერთოდ არ მინახავს კარგი დღეები. აი, თუნდაც ხორვატიის ნაკრებთან გამარჯვება გავიხსენოთ. იმ დღეს ძალიან გამიმართლა, რადგან სწორედ მაშინ, როდესაც მარცვალაძე ფლანგიდან შევიდა და კობიაშვილს პასი გაუჭრა, ხორვატების კარსუკან, პირველი იარუსის წინ, მოაჯირზე ვიჯექი, თამაშს ვუყურებდი და თან ძირს დაყრილ მზესუმზირის ჩენჩოებს ვათვალიერებდი, ეგებ ვინმე დაუკვირვებელს გამოუშიგნავი მარცვალი დავარდნოდა. აი, სიხარული მაშინ იყო თუ იყო! მზესუმზირის მარცვალი ვერა, მაგრამ იმ დღეს მარცვალაძე ნამდვილად აღმოვაჩინე და ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი კარგი ბიჭი გვყოლია. “დინამო“-“ლანელის” თამაშიც კარგი რამე იყო და არც ეგ დამავიწყდება, მაგრამ სანამ მთლიანად ამ მოგონებებში გადავვარდნილვარ, მოდით, ეგრევე მთავარ სათქმელზე გადავალ - პატივცემულო ქალაქის მერო! რასაკვირველია, თქვენ მხოლოდ ადამიანებმა აგირჩიეს და ღამურებს, ჯერჯერობით, არ გვაქვს ხმის მიცემის უფლება, მაგრამ გავკადნიერდები და გეტყვით, რომ მეც თბილისელად მივიჩნევ თავს და ქალაქის თავზე მფრინავი პოლიეთილენის პარკებიცა და ზოგიერთი უსინდისო ადამიანის მიერ დალეწილი გარე განათების ნათურებიც ისევე მაწუხებს, როგორც ნებისმიერ თქვენგანს. ჰოდა, იქნებ ერთხელ მეც, რიგით მოქალაქესაც მომისმინოთ და ჩემი დარდიც გაიზიაროთ. მოკლედ, როდესაც თბილისის “დინამო“ საბერძნეთის “აეკს“ ხვდებოდა, მთელი მატჩის განმავლობაში, ორი ახალგაზრდა ბიჭი ბერძენ ფეხბურთელებს, უმეტესად კი იმათ მეკარეს, ლაზერის წითელ სხივებს ანათებდნენ და ნერვებს უშლიდნენ. სტადიონის დიქტორმა ორჯერ კი გამოაცხადა და “მიმნათებლებს“ საჯაროდ სთხოვა, რომ ეს უსაქციელობა შეეწყვიტათ, მაგრამ რად გინდა?! ფეხბურთელებს კი დაანებეს თავი, მაგრამ ჩვენზე გადმოვიდნენ და ჩვენთვის – ღამურებისათვის დაიწყეს მონათება. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ოდითგანვე სიბნელისმოყვარე არსებები ვართ და კაშკაშა სინათლე დამანგრეველად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ლაზერი კი საერთოდ – გვაბრმავებს! ერთ მომენტში, როდესაც ბერძნები ჩვენს კარს უტევდნენ და გიორგი ლორიამ ბურთი მოიგერია, ყველაფერი უკეთ რომ დამენახა, სახურავიდან წამოვფრინდი, მეკარის თავზე გავჩერდი და სწორედ მაშინ მომანათეს ის ოხერი ლაზერი. თან სად?! შიგ მარცხენა თვალში! ამის გამო, მარცხენა თვალში საერთოდ დავკარგე მხედველობა. ბატონო მერო, თქვენგან არც მკურნალობის ფულს ვითხოვ და არც ევროპაში სამკურნალოდ გაშვებას. რომც მოვითხოვო, ვიცი, რომ ეს სასაცილოდაც არავის ეყოფა. მე ხომ კარგად ვიცი, რომ ერთი ჩვეულებრივი ღამურა ვარ და მეტი არაფერი. მხოლოდ ის მინდა, რომ მეორედ ლაზერიანი ხალხი სტადიონზე აღარასოდეს შევიდეს. ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ აგერ ორი ბიჭი-ღამურა, ნამდვილი ქომაგები მეზრდებიან. იმ ლაზერებიანი ხალხის გამო, შვილებს ფეხბურთი არ ვაცქერინო?! ჩემს დიდ ბაბუას როგორღა შევხედავ თვალებში იმქვეყნად? მოკლედ, თქვენი იმედი მაქვს და მჯერა, რომ გულთან მიიტანთ ჩემს თხოვნას.
პატივისცემით,
ეროვნული სტადიონის ნატანჯი ღამურა.

ლევან სეფისკვერაძე   
 

0.116687