ინტერვიუები

10:01 | 23.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ღამურა თმებში ჩაფრენას აპირებს

ესპანურმა “ვალენსიამ” ამ ზაფხულს ორი ისეთი ფეხბურთელი გაყიდა, რომ მხოლოდ გადამეტებულ ოპტიმისტებს სჯერათ ამ კლუბის საამსეზონო წარმატებისა. დავიდ ვილია და დავიდ სილვა – განსაკუთრებით ვილიას შეცვლა გაჭირდება და მეტიც, ალბათ, ამ ეტაპზე შეუძლებელიც კი არის ამაზე ფიქრი. და მაინც, “ღამურები” ორწლიანი შესვენების შემდეგ ისევ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ და სხვა თუ არაფერი, პრიმერა დივიზიონის მესამე კლუბის მიმართ მაინც დიდი ინტერესია.
მწვრთნელმა უნაი ემერიმ დღეს სლოვენიურ შეკრებაზე წაიყვანა გუნდი, რომელშიც 28 ფეხბურთელია:
მეკარეები: სეზარი, გუაიტა, მოია, ხავი; მცველები: ბრუნო, ნავარო, მადურო (ჰოლანდია), ალექსისი, დეალბერტი, დელ ორნო, მატიე (საფრანგეთი); ნახევარმცველები: ტოპალი (თურქეთი), ალბელდა, ივან რუბიო, ხორდი ალბა, ბანეგა (არგენტინა), ფეგული (საფრანგეთი), ხოაკინი, ვისენტე, პაბლო ერნანდესი, ისკო, მანუელ ფერნანდეში (პორტუგალია), ტინო კოშტა (არგენტინა); თავდამსხმელები: ადურიცი, სოლდადო, აარონი, ალკასერი, დომინგესი (არგენტინა).
 “ვალენსიას” სლოვენიაში შეუერთდებიან პორტუგალიელი ნახევარმცველი რიკარდო კოშტა, ურუგვაელი გარემარბი ნაჩო გონსალესი, პორტუგალიელი მცველი მიგელი, მარჩენა და მატა. ემოციურმა ბასკმა მწვრთნელმა ემერიმ შეკრებაზე არ წაიყვანა სუნი და პორტუგალიელი უგო ვიანა, რომლებიც კლუბს კი ეკუთვნიან, მაგრამ უახლოეს დღეებში გაანათხოვრებენ. ჩამოთვლილი კრებულიდან 4 ფეხბურთელი (ისკო, ხავი, ალკასერი, ივან რუბიო) “კანტერადანაა”
ტრანსფერზეა დაყენებული ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი კარლოს მარჩენა, რომელშიც “ვალენსია” 3,5 მილიონ ევროს ითხოვს. 31 წლის ფეხბურთელს კარიერის უდიდესი ნაწილი “ღამურებში” აქვს გატარებული, ბოლო 9 წელი თამაშობს ამ გუნდში და ხშირად კაპიტანიც ყოფილა.  მარჩენათი “ვილიარეალი”, გერმანული “ჰამბურგი” და ინგლისური “ასტონ ვილა” დაინტერესდნენ.
ვილიას 7-ნომრიან მაისურას (რომელიც “ღამურებში” ისტორიულად უპრესტიჟულესია) პაბლო ერნანდესი გადაიბარებს, კაპიტანი კი ჯერ არ არჩეულა, თუმცა ესპანური   superdeporte –ს ცნობით, სამკლავურს ხოაკინს გადასცემენ. ერთი კი არის, იქნება კი ხოაკინი ძირითადის მოთამაშე? ორი წელია, ის და პაბლო ერნანდესი მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ერთმანეთის კონკურენტები არიან.  
ვილიას ნაცვლად, ლევანტელთა ოპტიმალურ 11-ეულში ან “მალიორკადან” ნაყიდი ადურიცი, ანაც “ხეტაფედან” შეძენილი სოლდადო იქნებიან. აი დავიდ სილვას ადგილს კი არგენტინელ ტინო კოშტას უმზადებენ, რომელსაც ფრანგულ “მონპელიეში” მშვენიერი სეზონი ჰქონდა და საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტი გახდა.  წლეულს კარიერა დაასრულა “ვალენსიის” ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო საყრდენმა ნახევარმცველმა რუბენ ბარახამ, რომელსაც პორტუგალიელი რიკარდო კოშტა (საფრანგეთის “ლილიდან” აიყვანეს) ან თურქული “გალათასარაიდან” მისული მეჰმეტ ტოპალი შეცვლიან. მეორე საყრდენად კი ახალგაზრდა არგენტინელი ევერ ბანეგა იქნება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, გამთამაშებლობაც შეუძლია.   

მარცხენა ნახევარმცველი ვისენტე, რომელიც ერთ დროს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფლანგელ შემტევად ითვლებოდა და ბოლო წლებში ტრავმებმა გააწამა, ამბობს, რომ რობერტო სოლდადოსა და არიც ადურიცს ვილიას შეცვლა შეუძლიათ.
“ცუდია, რომ “ელ გუახე” “ბარსელონაში” გადავიდა და არა სადმე უცხოურ გრანდში. ახლა “ბარსა” უფრო გაძლიერდა, თუმცა იმედია, ვილიას ჩვენთან ვერ წაუვა თამაში”.
ახლა კი ხოაკინის ინტერვიუ  superdeporte-სთან. რა შეხსენებაა საჭირო, ეს ის ხოაკინ სანჩესია, ერთ დროს ესპანეთის ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად რომ ითვლებოდა, თუმცა “ვალენსიაში” იმ დონეზე ვერ გაიბრწყინა:
- ვილიას და სილვას წასვლის შემდეგ, თქვენი როლი გაიზრდება?
- მოხარული ვიქნები, თუ ასე მოხდება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, რათა ამ ორი ბრწყინვალე ფეხბურთელის წასვლა არ დაგვეტყოს. ამასთან, შეტევით ფაზაში გვყავს მატა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ასე რომ, სეზონს ოპტიმისტურად ვუყურებთ.
- გინდათ, რომ “ვალენსიის” კაპიტანი გახდეთ?
- ზოგიერთ მატჩში კაპიტანი ვიყავი, მაგრამ კარგი იქნებოდა, მუდმივად მეკეთოს სამკლავური. ვფიქრობ, ამ ახალგაზრდულ გუნდში გამოცდილების შეტანა შემიძლია. კარგად მესმის, რომ ერთ-ერთი “ბებერი” ვარ გუნდში (ხოაკინი 28 წლისაა – რედ.).
- სეზონისთვის როგორ ემზადებით და რა განწყობა გაქვთ?
- ძალებს არ ვიშურებთ. ვარჯიშს “თავს ვაკლავთ” და ეს მახარებს.
- “ვალენსიის” ახალწვეულებზე რას იტყვით?
- ორი ბომბარდირი შევიძინეთ. სოლდადოც და ადურიციც თავისი გუნდების მეგოლეები იყვნენ, ლა ლიგას კარგად იცნობენ. ასევე რამდენიმე ახალგაზრდა მოვიდა. პორტუგალიელი კოშტა კი კონტრასტული ფეხბურთელია ლიდერის თვისებებით. ვფიქრობ, ცუდი შევსება არაა.
- თქვენი აზრით, “ბარსა” და ‘რეალი” ისეთივე ძლიერები იქნებიან, როგორც გასულ სეზონში?
- იმედია, ეს სეზონი უფრო დაძაბული იქნება. თუ მაღალ ტემპს შევინარჩუნებთ და სტაბილურად დავაგროვებთ ქულებს, ჩემპიონობის შანსი გვექნება.
- რას შეცვლიდით წინა სეზონში?
- ალბათ, იმას, რომ “მესტალიაზე” ბევრ ქულას არ დავკარგავდით.
- პირადად თქვენგან რას უნდა ველოდოთ?
- ბევრი უნდა ვიმუშაო და ჩემი სათამაშო დონის სრულყოფილება უნდა მოვახდინო. მომიწევს დამტკიცება იმისა, რომ “ვალენსიაში” საჭირო ფეხბურთელი ვარ და მნიშვნელოვანი როლის თამაში შემიძლია.  


ილია ნანობაშვილი

0.120135