კალათბურთი

23:28 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გამგეობამ საკალათბურთო წრეებთან დაგეგმილი შეხვედრები დაასრულა

დღეს სასტუმრო “რედისონში” საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრებისა და მწვრთნელების შეხვედრაზე საინტერესო განცხადებები გაკეთდა. მწვრთნელებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გამგეობის თავმჯდომარემ, ბესიკ ლიპარტლინმა კი დეტალურად გასცა პასუხი დასმულ კითხვებსა და წინადადებებს.

გელა წულაძე, ასაკობრივი ნაკრებების ტექნიკური დირექტორი, მწვრთნელი: “გამგეობის საკალათბურთო ფენებთან შეხვედრების დედააზრი ისაა, თუ როგორ ჩატარდეს არჩევნები და ვინ მიიღოს მასში მონაწილეობა. მე ვფიქრობ, ამ პროცესში გარკვეული მონაწილეობა მწვრთნელებმაც უნდა მიიღონ. აქ არიან ახალგაზრდა და სტაჟიანი მწვრთნელები, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ და მუშაობენ ქართული კალათბურთის განვითარებისთვის.

არავის თავს არ ვაცოდებ, მაგრამ 21 წელია გაყინული დარბაზიდან არ გამოვსულვართ. იყო დრო, როცა დარბაზი შესვლაც არ შეიძლებოდა. ისიც მახსოვს, ჩემპიონატები როგორ ტარდებოდა. ერთი ბავშვთა ლიგის პირველი გათამაშება ჩატარდა ნორმალურად, თუმცა გაყინულ დარბაზში. მისი მონაწილე ეხლანდელი პრეზიდენტობის კანდიდატი ვოვა ბოისაც იყო... იმის არდანახვა, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში და როგორ განვითარდა ეს სფერო, არ შეიძლება...

ნაკრებებზე მოგახსენებთ. ასაკობრივი ნაკრებების დანიშნულება ის არის, რომ ბავშვები მოამზადოს დიდი ნაკრებისთვის. პარალელურად თუკი შედეგსაც აჩვენებს, ეს ძალიან კარგი იქნება. ვიღაცასთვის შეიძლება იყოს ეს შედეგი, ვიღაცასთვის კი არა, მაგრამ 20-წლამდელებმა 2-ჯერ მოახერხეს A დივიზიონში გადასვლა.

არიან ქვეყნები, რომლებიც იმაზე არიან დამოკიდებულნი, ეყოლებათ თუ არა ნიჭიერი თაობა. ხან გადადიან ელიტაში, ხანაც ვარდებიან. ნაკრებების გამართული ფუნქციონირება და მომზადება ძირითადად მწვრთნელების დამსახურებაა.

იყო დრო, როცა ნაკრებები არ გვყავდა, ეხლა კი ფედერაციას ისე აქვს დალაგებული სიტუაცია, რომ სეზონის წინ ყველაფერი დაგეგმილია. ტურნირები, მოსამზადებელი შეკრებები, ეს სისტემა გამართულია და ვიღაცას თუ არ უნდა ამის დანახვა, ეს მისი პრობლემაა...

აქ არის ბევრი დამსახურებული მწვრთნელი, ბევრიც არაა. ცუდია, რომ ასე გაიყო ეს სფერო. გუშინ რუსთავი 2-ზე გამოვიდა მიშა ახვლედიანი და განაცხადა, რომ მე არ მეძახიან, თორემ მივიდოდი ყველა შეხვედრაზეო”.

ბესიკ ლიპარტელიანი: “8 ნოემბერს კავშირებთან შეხვედრა რომ გვქონდა, ჩემი მდივანი პირადად ელაპარაკა მიშა ახვლედიანსაც და გიორგი მარკოიშვილსაც, რომლებმაც თქვეს, მოვალთო, მაგრამ არ მოვიდნენ. ვახტანგ ნაცვლიშვილმა თქვმა მოვალო და მოვიდა. რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, გასულ ორშაბათს რუსთავი 2-ის ხსენებულ გადაცემაში მეც ვიყავი მიწვეული, დამირეკა დიმა ობოლაძემ და მითხრა, რომ ახვლედიანიც მოდისო. მე უცხოეთში ვიყავი და გადაცემაში ვერ მივედი. სურვილი მქონდა, დაბრუნების შემდეგ ჩაწერილიყო ეს გადაცემა, მაგრამ არ მოხერხდა...

მინდა განვაცხადო, რომ უკანონობას ფედერაცია არც აქამდე სჩადიოდა და არც მომავალში ჩაიდენს. ამის საშუალებას ელემენტარულად კანონმდებლობა არ მოგვცემს. ეს დებულება, რომელიც მოქმედია, დამიჯერეთ, სრულ შესაბამისობაშია კანონთან. ხოლო ის წესდება, რომელიც ჩვენ ფიბა-სთან და ქართველ იურისტებთან კონსულტაციით მივიღეთ, 10 აგვისტოს დანიშნულ ყრილობაზე არ დაგვამტკიცებინეს.

რატომ გააკეთეს ეს, მხოლოდ ერთი მიზეზია. ჩვენ არ დავთანხმდით წესდებაში იმ პუნქტის ჩადებას, რითაც ისინი სრულად გააკონტროლებდნენ საარჩევნო პროცესს. მიშა ახვლედიანს და მინისტრს სურდათ, რომ კლუბებისთვის მიგვეცა 3-3 ხმის უფლება. ამით ისინი გარანტიას მიიღებდნენ, არჩევნებში სასურველი კანდიდატის გასაყვანად...

ამას ჩვენ არ დავთანხმდით, რადგან საქართველოში, თუკი 3-4-ს არ ჩავთვლით, სტაბილური კლუბი არ არსებობს. შეიქმნება სუპერლიგის გუნდი და 2 წელიწადში იშლება. სამწუხაროდ, ასეთია რეალობა. ანდაც დღევანდელი სიტუაცია ავიღოთ. კლუბების 70 პროცენტს გამოცვლილი ჰყავთ მენეჯერები, რომლებიც მომავალ წელს ან იქნებიან, ან – არა.

ასეთ ხალხს უნდა ავარჩევინოთ პრეზიდენტი და არა ისეთებს, როგორებიც დარბაზებიდან არ გამოდიან, მუშაობენ და ოფლს ღვრიან?! მიშა ახვლედიანს ერთადერთ კოზირად ის თუ ექნება და ამის დიდი იმედი აქვს, რომ სამინისტროს დახმარებით ქართული კალათბურთის სადავეებს ხელში ჩაიგდებს. ამას ის ვერ გააკეთბს, ამაში დამერწმუნეთ, რადგან პრეზიდენტი საკალათბურთო სამყაროს ასარჩევია და არა მინისტრის დასანიშნი.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, 14-წლამდელთა ნაკრებისა და კლუბ “ჰიუნდაის” მწვრთნელი: “სამწუხაროა, რომ თავად იმ მხარემ გაყო ორ ნაწილად როგორც საკალათბურთო სამყაროს სხვა ფენები, ისე – მწვრთნელები. მოაწყვეს შეკრება, სადაც ჩემთვის და ბევრი სხვა მწვრთნელისთვის არ დაუძახიათ. ხელი მოაწერინეს რაღაც დოკუმენტზე, რაც შემდეგ ინტერნეტში გამოქვეყნდა.

ეს ნახეს ჩვენი გუნდის, “ჰიუნდაის” ბავშვებმა და იქ არც ჩემი, არც ზურა ტომარაძის და არც ერთი მათთვის ნაცნობი მწვრთნელის ხელმოწერა არ იყო. ასე არ შეიძლება, საკუთარი შეხედულებისამებრ ადამიანების დაყოფა მიუღებელია.

დავით თორთლაძემ პირადად დაურეკა იმ მწვრთნელებს, რომლებიც იქ მივიდნენ. ჩვენ რატომ არ დაგვირეკა? დაერეკა და მივიდოდით. თან გამოდიან და ტელევიზიით შეურაცხყოფას გვაყენებენ. ყველაფერ ამის შემდეგ, მათ რომ შევხვდებით, თვალებში როგორ უნდა შემოგვხედონ.

კახა შენგელია, ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი: “მიშა ახვლედიანს და კალათბურთელთა კავშირს კლუბების შეცდომაში შეყვანა უნდოდათ. გუნდებს ხელი მოაწერინეს იმაზე, რომ თუკი ფედერაცია არ აღიარებს, რომ 10 აგვისტოს ყრილობის წინ ძალადობა არ იყო და ბოდიშს არ მოუხდის დელეგატებს, შეხვედრას აზრი არ ექნებაო. ანუ ეს იყო ხელისმოწერა გამგეობასთან შეხვედრის საწინააღმდეგოდ. მეორე დღეს კი გამოდის საყვარელიძე და კლუბების მხრიდან ბოიკოტზე, ფედერაციასთან კონფლიქტზე და ალტერნატიულ ლიგაზე საუბრობს. ეს არის პროვოკაცია და გუნდების შეცდომაში შეყვანა”.

ჯამლეტ ხუხაშვილი, “მაკაბის” პრეზიდენტი და მწვრთნელი: “ძალიან ცუდი გააკეთა საყვარელიძემ, ასე თუ მოიქცა. “მაკაბი” და არც სხვა გუნდები არანაირ ბოიკოტს არ ვაცხადებთ. ჩვენ ვთამაშობთ სუპერლიგაში და ვითამაშებთ. რაც შეეხება ძალადობას, ჩემზე არანაირი ძალადობა არ ყოფილა და ვიმეორებ, დღეს რომ არჩევნები იყოს, მხარს ბესიკ ლიპარტელიანს დავუჭერდი. უბრალოდ, ის 3 პუნქტი გაითვალისინეთ წესდებაში, რომელიც სამინისტროს მიერ მიღებულ წესდების ვარიანტზე იყო ყვითლად ხაზგასმული”.

ბესიკ ლიპარტელიანი: “ბატონო ჯამლეტ, მე აგიხსნით, რა იყო ის ყვითელი ხაზები. იურისტმა ანთაძემ დაწერა ეს ყველაფერი, მიაწოდა სამინისტროს, რომელმაც თავის ბლანკზე გადაიტანა და მიაწოდა კლუბებს, რომ თითქოს ფედერაცია სჩადის უკანონობას და თქვენ ამის თანამონაწილეები ხართო.

ასე შეიყვანეს შეცდომაში კლუბების ხელმძღვანელები. ის რომ წაიკითხო, რაც იქ ეწერა, მართლაც იფიქრებდი, რომ ჩვენ უკანონობას ჩავდივართ, მაგრამ ეს ქვეყანა ჩალით არაა დაფარული.

მე დანამდვილებით ვიცი, სამინისტროს ბლანკს და სახელს იყენებდნენ და დელეგატებს ატყუებდნენ, თითქოს ფედერაცია ფიბა-ს რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ქუთაისში,  გამგეობასთან შეხვედრაზე მამუკა ჩიხლაძემ დამისვა სწორედ ასეთი შეკითხვა, რომ სამინისტროსგან მიღებულ წესდების ვარიანტში ისეთი რამეები ეწერა, რაც ჩვენი წესდების ვარიანტში ვერ აღმოაჩინა. პირდაპირ განაცხადა, შეცდომაში ვიყავი შეყვანილიო”.

ზაზა გაბისონია, ქვემო ქართლის ფედერაციის გამგეობის წევრი, მწვრთნელი: “მაინტერესებს, რატომ გაანთავისუფლეს კლუბებიდან ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები – მიხეილ ბერუაშვილი, გია კაზანჯიანი, დავით უსტიაშვილი. ან რატომ დაითხოვეს სტუ-ს მწვრთნელი ზურა ტომარაძე, რომელსაც ნიკოლოზ დერიუგინი ჩაანაცვლეს”.

დავით უსტიაშვილი, 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი: “ეროვნულ ნაკრებში ვიყავით შეკრებაზე, ევროპის ჩემპიონატი ორ კვირაში იწყებოდა, როცა გავიგე რომ კოტე ტუღუში “არმიიდან” გაანთავისუფლეს. მერე კოტეს ამბავი მოგვარდა და მე განმიცხადეს, რომ “ქუთაისის” მწვრთნელი აღარ ვიქნებოდი. რომ ვიკითხე ვინ და რის გამო გამიშვა-მეთქი, მიპასუხეს, რომ საიდანაც გვაფინანსებენ, იქ მიიღეს ეს გადაწყვეტილებაო.

“ქუთაისს” ქალაქის მუნიციპალიტეტი აფინანსებს, “რუსთავს”, საიდანაც ბერუაშვილი გაუშვეს, რუსთავის მერია, ხოლო კაზანჯიანის გამშვებ “ოლიმპს” სპორტის სამინისტრო. რა მიხვედრა უნდა, რომ სახელმწიფო დოტაციაზე მყოფ გუნდებზე ხელი სამინისტროს მიუწვდება. ყველაფერი ნათელია”.

ზურა ტომარაძე, სტუ-ს ყოფილი მწვრთნელი: “ტექნიკურ უნივერსიტეტში მწვრთნელად მუშაობის პერიოდში ერთი სუპერლიგა ვერ მოვიგე, სხვა მხრივ კი ყველა ტურნირში გავიმარჯვეთ, რომელშიც სტუ გამომყავდა. როცა ამ ზაფხულს გუნდიდან გამიშვეს, სტუ-ში მწვრთნელად ნიკოლოზ დერიუგინი მოიყვანეს. მიზეზად ის დაასახელეს, რომ დერიუგინი ბრენდია, მას საზღვარგარეთ იცნობენ. ამ ლოგიკით, მიხეილ ახვლედიანი არ უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი, რადგან მისი სახელი ბრენდი არაა და პრეზიდენტობის კანდიდატებთან - კახა შენგელიასთან, მიხელ გაბრიჩიძესთან და ვლადიმერ ბოისასთან ახლოსაც ვერ მივა...

ახვლედიანმა გადაცემაში თქვა, რომ ამერიკის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ნბა-ს 1 ხმა აქვს. თუ აწყობს ეს მოდელი, სუპერლიგასაც 1 ხმა ჰქონდეს და არა ყველა კლუბს 3-3, როგორც თავად მოითხოვს”.

www.gbf.ge

0.156133