ფეხბურთი

10:20 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაი" შოთა არველაძის გუნდს გადაურჩა

დევდარიანმა "ოდენსეს" გაუტანა


შოთა არველაძის "ქასიმფაშას" სტამბულური დერბი ჰქონდა და ჩემპიონთა ლიგის მონაწილე "გალათასარაისთან" ფრედ, 1:1 ითამაშა. თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ფავორიტი გუნდი ("ქასიმფაშას" სტადიონი სწორედ ერდოღანის სახელობისაა) მე-60 წუთამდე უგებდა "გალას", თუმცა დიდიე დროგბას პასით, ბურაქ ილმაზმა გაათანაბრა.

ანგარიში კი მალე გახსნეს შოთას გაწვრთნილებმა: არგენტინელმა ეზეკიელ სკარიონემ იაქტიურა და მისი გადაცემის შემდეგ, სირიელმა ფორვარდმა შანჰარიბ მალკიმ დააწინაურა მასპინძლები. ეს მე-11 წუთზე მოხდა და მთლიანობაში, პირველ ტაიმში "ქასიმფაშა" ფლობდა ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას. იყო მომენტებიც: სკარიონესა და კასტროს ჰქონდათ.

ილმაზის გოლამდეც, 54-ე წუთზე სკარიონეს შეეძლო გატანა, თუმცა კარგად ვერ დაასრულა შეტევა. ბოლო ნახევარ საათში ყველაზე აქტიური გახლდათ რაიან ბაბელი: ჰოლანდიელს ბოლოს ცოტა დააკლდა გოლამდე. მოკლედ, არველაძისა და იტალიელი რობერტო მანჩინის გუნდების დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

"ქასიმფაშა" მეორე ადგილზე დარჩა. შოთას გუნდი 6 ქულით ჩამორჩება "ფენერბახჩეს", ერთით უსწრებს "ბეშიქთაშს", ხოლო "გალასა" და "ტრაბზონსფორს" - 3 ქულით. 13 ტურია გასული და ბოლო 8 მატჩში არველაძის გაწვრთნილებს 6 მოგება და 2 ფრე აქვთ. თამაშის მიხედვით, დღესაც უნდა ემარჯვათ, თუმცა ბევრი მომენტი გააცუდეს... 

ქასიმფაშა – გალათასარაი 1:1 (1:0)

ქასიმფაშა: ისაქსონი, დონკი, აიჰანი, სუმე, ეკერი, ბაშდასი, სკარიონე, კასტრო, ბაბელი, მალკი (ვიუდესი 68), ბუიუქი.

მწვრთნელი: შოთა არველაძე.

გალათასარაი: ისქანი, ებუე (გოქჰან ზანი 80), საბრი, ჩეჯუ, სემიჰი, ფელიპე მელუ, ინანი, რიერა (ჩოლაქი 55), ბრუმა (ბულუთი 46), დროგბა, ილმაზი.

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი.

გოლები: 1:0 მალკი (11), 1:1 ილმაზი (60).

 

ახლა სხვა ლეგიონერებზეც: დავით დევდარიანმა "ოდენსე"-"ორჰუსის" მატჩში (4:1) გაიტანა 54-ე წუთზე. ეს მაშინ, როცა "ოდენსე" 3:0-ს იგებდა. დევდარიანი სასტარტოში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს, დავით სხირტლაძე 74-ე წუთზე შევიდა მოედანზე, ხოლო მათე ვაწაძეს არ უთამაშია – განაცხადს მიღმა იყო. "ორჰუსი" მეექვსე ადგილზეა.

პორტუგალიაში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" გასვლაზე "ბელენენსეშთან" 0:0 ითამაშა. ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ჩაატარა მატჩი, მისი გუნდი ბევრს უტევდა და თავადაც აქტიური გახლდათ, თუმცა გოლი არ გასულა. "ჟილ ვისენტე" მეოთხეზეა. 


 

 

 

0.128208