შეუძლებელია, რომ დაგავიწყდეეს ის ”გაკვირვებული სახეები”, სამ მაისს, სასტუმრო ”ქორთიარდ-მერიოტში” ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელებს რომ ჰქონდათ. თურმე, ნუ იტყვით და, საქართველოს ჩემპიონატში ჩაწყობილ თამაშებს ჰქონია ადგილი და ”თურმე”, ახლაღა გავიგეთ, რომ ჩვენს ეროვნულ პირველობებზე სხვადასხვა სახის მაქინაციები ხდება. რასაკვირველია, გულსატკენია, რომ ჩვენი თანამემამულე ახალგაზრდა ფეხბურთელები ასეთ სამარცხვინო ამბებში ამხილეს, მაგრამ სამწუხაროდ, მსგავსი უსინდისობები ჩვენი ჩემპიონატისათვის ახალი ნამდვილად არაა. ქეცბაიას თქმისა არ იყოს – აქამდე სად იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის მანკიერებებზე ხმის ამოღება ელემენტარულად ევალებოდათ და მხოლოდ მაშინ რატომ დაიწყეს ფაცი-ფუცი, როდესაც ამ ყველაფრით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა დაინტერესდა...
სანამ გამოძიება არ დასრულებულა და პირველადი დასკვნები არ დადებულა, მანამდე უმჯობესია, რომ ყველამ თავი შევიკავოთ ვინმესთვის წინასწარ რაიმეს დაბრალებაზე, მაგრამ დამეთანხმებით, რომ შემზარავი კადრები ვნახეთ, სადაც ჩანდა, ახალგაზრდა ფეხბურთელები რამდენიმე ათასად როგორ უტიფრად ყიდდნენ ღირსებასა და პატიოსნებას. მათ ეს ყველაფერი გუშინ და დღეს ნამდვილად არ უსწავლიათ და არც დასიზმრებიათ. მაშ საიდან აითვისეს ეს მანკიერებები ამ პატარა ბიჭებმა? ვინ გაუკვალა მათ გზა აზიის ტოტალიზატორებისაკენ და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ისედაც ცუდ დღეში მყოფ ქართულ ფეხბურთს ჯიგარს უწამლავენ?!
ჩვენ ხომ ”დიადი საბჭოეთის” ხანიდან მოვდივართ! ეს სულაც არ გახლავთ უმნიშვნელო ამბავი და ვისაც საბჭოთა საფეხბურთო პირველობა ახსოვს, ისიც აუცილებლად ემახსოვრება, რომ თამაშების ყიდვა-გაყიდვა სათაკილო ბევრისათვის არ იყოს. საქართველოში მხოლოდ იმას იხსენებენ ხოლმე, ”თუ როგორ ”ჩაძირეს” რუსებმა თბილისის ”დინამო”, ”როგორ ემხრობოდნენ მსაჯები ქართული კლუბების მეტოქეებს”, ”როგორ ჩაგრავდნენ ჩვენს ფეხბურთელებს და უსამართლოს არ იწვევდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში” და სხვა... ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სიმართლეა, მაგრამ არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ ამ ერთ დიდ, მანკიერ წრეზე ქართველების მშვენივრად ვტრიალებდით და თუ საშუალება მიეცემოდათ, არც ქართველები წაიღებდნენ ზურგსუკან ”ნაჩუქარ” ქულებს. ნამეტანი ბოდიში მომიხდია ღვაწლმოსილ, ვეტერან ქართველ ფეხბურთელებთან, რომლებმაც გული და ღონე არ დაიშურეს ქართული ფეხბურთისათვის, მაგრამ ნამდვილად იტყუება ის, ვინც ამბობს, რომ თამაშებს მხოლოდ სხვა გუნდები ყიდულობდნენ და ქართველები ”სპეტაკნი ვიყავით - ვითარცა თოვლი და უცოდველნი – ვითარცა მოსე”.
საქართველოში ახალგაზრდა თუ მხცოვან ფეხბურთელებს (რა თქმა უნდა, ყველას არა) ხშირად მხოლოდ ისეთი სტატიები მოსწონთ, სადაც მათი მისამართით ხმარობენ სიტყვებს: ”შეუდარებელი”, ”დიდებული”, ”საოცარი”, ”ბრწყინვალე”, ”გენიალური”... ანუ, სტატიები, საიდანაც მხოლოდ და მხოლოდ ქლესური დითირამბები იღვრება და მის წამკითხველს სტატიის ავტორისადმი ბუნებრივ ირონიას უჩენს. ბიჭი ხარ და, დაწერე სტატია, სადაც თუნდაც ეჭვი გამოთქვი, რომელიმე მატჩის ჩაწყობაზე, ანდა, ფეხბურთელი ამხილე საქმისადმი ზერელე დამიკიდებულებაში. გააკეთებ ამას და დაიძვრებიან ფეხბურთელ-მწვრთნელ-პრეზიდენტების მეზობლები თუ ნათესავები, ახლობლები თუ გარე-ბიძაშვილები, ქვისლები თუ მოყვრები... დაიძვრებიან და იმდენს გიჩიჩხინებენ, ალბათ, ილიას მკვლელობასაც კი შენ დაგაბრალებენ. სამწუხაროდ, დღეს ტელეკამერების წინ განსაკუთრებულად სწორედ ეს ხალხი მოსთქვამს და გოდებს: ”ჩაწყობა ჩვენს ფეხბურთს არ ეკადრება”, ”ხელები შორს ქართული ფეხბურთიდან”, ”უკვე ფეხბურთელებსაც გადასწვდნენ”...
კარჩაკეტილი, გაუმჭვირვალე სისტემა, რაც ფრიად დამახასიათებელია ქართული ფეხბურთისათვის, მიმიტევეთ, მაგრამ ძალიან ჰგავს რომელიმე რელიგიურ სექტას, სადაც მაქებარებისა და თანამოაზრეების გარდა, ყველა მტერია და თუკი რაიმე საკითხზე კონკრეტული პრეტენზიები გაგიჩნდა, მათთვის სხვა არაფერი ხარ, თუ არა ჩვეულებრივი ”მარგინალი”, რომელიც ბოროტი და ჩასაფრებული კაცის იარლიყით უნდა ”დასაჩუქრდეს. ის, რაც სამ მაისს სასტუმრო ”მერიოტში” მოხდა, ზოგისთვის ”შიდა სამზარეულოს ამბებია” და მეტი არაფერი, მაგრამ შეიძლება, ამ ყველაფერს ერთი დადებითი მხარე ნამდვილად ჰქონდეს. როგორც იქნა, დაიწყო ხმამაღლა საუბარი ჩვენი ფეხბურთის მანკიერებებზე. საჯაროდ საუბარი კი გამჭვირვალეობის პირველი ნიშანია.
რაც შეეხება უეფას და მის მიერ გამოგზავნილ საეჭვო, ანუ სავარაუდოდ ჩაწყობილი მატჩების სიას... ამაზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: თუკი ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ იცოდა, რომ ჩვენს პირველობაზე თამაშებს აწყობდნენ და ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გამართული ”ვიტ ჯორჯია”-”ცხინვალის” მატჩის საეჭვოობას უწყოდნენ, აქამდე სად იყვნენ? აქამდე რატომ არ გვამცნეს ამის შესახებ და საერთოდ – რატომ აფუსფუსდება და აჩოჩქოლდება ხოლმე ყველა მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმეში ძალოვანი სტრუქტურები ერევიან?! ვითომ სხვა რამის ეშინიათ?...
ლევან სეფისკვერაძე