სხვა

16:45 | 22.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს მთავარი ბრძოლები წინ ელის

ნაცუ ბაშოს დასრულებამდე 3 დღით ადრე, ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ერთადერთ ქართველ სუოისტ თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს თანაბარი ბალანსი (6 მოგება, 6 მარცხი) გააჩნია და მთავარი ბრძოლები ჯერაც წინ ელის.

გასულ საშეჯიბრო დღეს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველი გოლიათი ძურიოს მე-3 ნომერ ვაკანოსატოს დაუპირისპირდა და 37 წლის ექს-სეკივაკე იორიკირით დაჯაბნა.

იოლი გამოსათვლელია, რომ მაისის სუპერტურნირის დარჩენილ ბრძოლებში გაგამარუს მინიმუმ 2 გამარჯვება სჭირდება, რათა დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დააფიქსიროს და ძურიოში დაქვეითებას გადაურჩეს.

მიზნისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმას, ჯუღელი პარასკევს ეცდება, როდესაც აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ტერუნოფუჯის გაეჯიბრება. ამ უკანასკნელ ასევე 6-6 მოგება-წაგება გააჩნია, ქართველთან კი ერთადერთი გასული ბრძოლა წაგებული აქვს.

მაკუუჩის სათავეში კვლავაც ერთპიროვნულად მოექცა მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც მე-11 გამარჯვება უშუალო კონკურენტ – ოძეკი კისენოსატოსთან იზეიმა. ახლა, კისენოსატო, იოკოძუნა ჰარუმაფუჯი და დასავლეთის მე-5 მაეგაშირა იკიოი “თეთრ ფენიქსს” 1 მოგებით ჩამორჩებიან.

გამარჯვებულის ვინაობა 22 მაისს გაირკვევა რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში. დასავლეთის მე-6 ნომერი ქართველი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და აღმოსავლეთის 48-ე ნომერი აკუა, რომელთაც 6-6 გამარჯვება გააჩნიათ, ჩემპიონს ურთიერთდაპირისპირებაში გამოარკვევენ.

ნაცუ ბაშოს მე-12 დღის მიმოხილვა 

http://www.youtube.com/watch?v=I3qqfSK6xSk

0.153159