ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა ნოემბრის სუპერტურნირი მოგებით გახსნა, თუმცა, მას შემდეგ მიჯრით მე-2 მარცხი განიცადა. დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუ ამჯერად დასავლეთისვე მე-10 მაეგაშირა კოტოიუკის დაუპირისპირდა და ოშიდაშით წააგო. ქართველის მორიგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა სადანოფუჯი იქნება.
კიუშიუ ბაშოს 3 დღის თავზე ლიდერთა შორის იმყოფებიან მონღოლი იოკოძუნები – ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი, უცნაური კი ისაა, რომ ოძეკთა შორის დაუმარცხებელი აღარავინაა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ტრავმის გამო ტურნირიდან მოიხსნა ოძეკი კოტოშოგიკუ, რომელსაც სამ თვემდე დრო გაუცდება და სავარაუდოა, რომ იანვარში დაგეგმილ ჰაცუ ბაშოზე პრესტიჟულ ტიტულსაც გამოეთხოვება.