სააგენტო Goal.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელმა გაელ კლიშიმ, ისაუბრა ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერ ლიგაზე მისი გუნდის ასპარეზობაზე, ასევე, “ვესტ ჰემთან” გასამართ ლონდონურ დერბიზე და გუნდში არსებულ ატმოსფეროზე.
- ნიონში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა ჩატარდა...
- ჩემთვის სასურველი ფინალი იყო “რეალთან” შეხვედრა – განსაკუთრებულია მადრიდელების თამაშის სტილი. მათ თეთრ მაისურში ყველასთვის ცნობილი ფეხბურთელები თამაშობენ. მაგრამ გუნდი, რომელთან მოგებაც ახლა მსურს, არის “ბარსელონა”. ანრის წინააღმდეგ თამაში, ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული იქნება. ისეთ გუნდთან თამაში, როგორიც “ბარსელონაა”, ყოველთვის საოცნებოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგებ. ვოცნებობ, დავამარცხო ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული.
- რა მიზნებს ისახავდა “არსენალი” სეზონის დაწყების წინ?
- ჩვენი გუნდის მიზანი იყო ყველა შესაძლო ტურნირის მოგება. ახლა დარჩა მხოლოდ ინგლისის პრემიერლიგა და უეფას ჩემპიონთა ლიგა. პრემიერლიგაში გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს. ჩვენ გვაქვს თავდაჯერებულობა და ვთამაშობთ ხარისხიან ფეხბურთს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ამ ტურნირის მოგებას შევძლებთ.
- პირადად შენ, რა მიზნებს ისახავ?
- ჩემი პირადი მიზნები ემთხვევა გუნდისას. თუ კარგად ვითამაშებ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავემგზავრები და ეს, ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. ამისათვის საჭიროა, სეზონის ბოლომდე ფორმის შენარჩუნება.
- არჩევანი რომ გქონდეს პრემიერლიგასა და მსოფლიოს ჩემპიონატს შორის, რომელს მიანიჭებდი უპირატესობას?
- ძალიან ძნელია არჩევნის გაკეთება. მსოფლიოს ჩემპიონატი საუკეთესო ტურნირია, მაგრამ ვიცი, რომ სამხრეთ აფრიკაში ჩემი მოხვედრის შანსები კიდევ უფრო გაიზრდება, თუ პრემიერლიგას “არსენალი” მოიგებს. ასე რომ, პრემიერლიგას ვირჩევ.
- რა იქნება ყველაზე დასამახსოვრებელი იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვება იზეიმეთ?
- რამდენიმე წლის წინ, მართალია, ბევრი არ მითამაშია, მაგრამ პრემიერლიგაში გამარჯვება მაინც მოვახერხე და ვიცი, რომ ეს შესანიშნავი გრძნობაა. მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობ, ატარებ კარგ და ცუდ თამაშებს, გაქვს კარგი და ცუდი პრესა და როდესაც მოიგებ ტიტულს, ხვდები, რომ საუკეთესო გუნდში თამაშობ. ამიტომ, პრემიერლიგის მოგება ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაზე მეტად მსურს. შესაძლოა, უმეტესობას უფრო პრესტიჟულად ჩემპიონთა ლიგა მიაჩნდეს, მაგრამ პრემიერლიგა გამოხატავს გუნდის თვისებებს მთელი სეზონის განმავლობაში. იმედი მაქვს ინგლისის ჩემპიონატს მოვიგებთ.
- არის მიმდინარე სეზონში გუნდში უკეთესი ატმოსფერო, ვიდრე გასულ წლებში?
- არა, უბრალოდ, სიტუაცია სხვაგვარია. თუ გავიხსენებთ იმ გუნდს, რომელმაც ტიტული დაუმარცხებლად მოიგო, მაშინ გუნდში შესანიშნავი ატმოსფერო იყო. მიმდინარე სეზონში ყველაფერი განსხვავებულია: ფეხბურთელები ერთად 4-5 წელია ვთამაშობთ, ყველანი თითქმის ერთი ასაკის ვართ. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან, მაგალითად, კირან გიბსი და ჯეკ უილშერი, თავს კარგად გრძნობენ, რადგან ასაკში დიდი სხვაობა არაა. ფეხბურთელებს თავისუფლად შეუძლაით ერთმანეთზე გახუმრება, გუნდში არანაირი პრობლემა არაა. ეს ატმოსფერო, მიმდინარე სეზონს განსაკუთრებულს ხდის.
- როგორია სესკ ფაბრეგასი კაპიტნის როლში?
- სესკი ლიდერია, მისი თამაში ყველაფერზე მეტყველებს. როდესაც გუნდი გამარჯვებისთვის იბრძვის, ფეხბურთელებს სწორედ ფაბრეგასი ამხნევებს. მან უკვე გაიტანა 17 გოლი და გააკეთა 16 შედეგიანი გადაცემა – ამაზე მეტის გაკეთება შეუძლებელია. იგი არასდროს იტყვის: “ფრთხილად იყავით, ჩვენ უნდა მოვიგოთ”. სესკი თავისი თამაშით გიჩვენებს მაგალითს და შენ ცდილობ, ასევე კარგად ითამაშო.
- ბევრმა “არსენალი” ნაადრევად ჩამოწერა, მაგრამ გუნდი საჩემპიონო ბრძოლას დაუბრუნდა. იყო კონკრეტული მატჩი მიმდინარე სეზონში, რომლის დროსაც მიხვდით, რომ პრემიერლიგის მოგება შეგიძლიათ?
- ასეთი ერთი თამაში არ ყოფილა. “ჩელსისთან” სახლში 0:3 მარცხის შემდეგ, ლიდერს 11 ქულით ჩამოვრჩებოდით და ბევრს ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა. მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, “ბოლტონი” 4:2 დავამარცხეთ და ცხრილის სათავეში მოვექეცით. ფეხბურთში არასდროს უნდა დანებდე ბოლო წუთებამდე. ყველაფერია შესაძლებელი, ნებისმიერმა გუნმა ნებისმიერ მატჩში შეიძლება დაკარგოს ქულები და ეს ჩვენთვის კარგია.
- ბოლო დროს, “ვესტ ჰემთან” “არსენალს” არცთუ იოლი მატჩები ჰქონდა. მიმდინარე სეზონში ფრედ ითამაშეთ მაშინ, როდესაც უნდა მოგეგოთ. რატომ გექმნებათ ამ გუნდის წინააღმდეგ თამაშისას ამდენი პრობლემა?
- მეტოქეს ჰყავს კარგი ფეხბურთელები და იგი კარგ თამაშს აჩვენებს. ასე ხდება მიმდინარე სეზონშიც, როდესაც “ვესტ ჰემი” პრემიერლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. მეტოქეს მაღალი ხარისხის შემსრულებლები ჰყავს როგორც თავდასხმაში, ასევე მოედნის ცენტრში და დაცვაში. ამას ემატება დერბის ფაქტორიც. ვიცით, რომ მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, მაგრამ ეს დერბია და გამუდმებით არ უნდა ვიმეოროთ, რომ “არსენალი” 5 ბურთის სხვაობით მოიგებს.
- მიმდინარე სეზონში, წინასგან განსხვავებით, “არსენალს” გასვლით მატჩებში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. რატომ ხდება ასე? რაიმე განსაკუთრებულს აკეთებთ?
- არა. ყველაფერი ჩვენი სათამაშო სტილის დამსახურებაა. გუნდებს საკუთარ მოედანზე ჩვენთან თამაში უჭირთ იმიტომ, რომ ვალდებულნი არიან შეტევაში წავიდნენ. ეს კი სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვიყვარს – გახსნილი თამაში. ჩვენ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ფაბრეგასი და როსიცკი. მათ კარგი პასის გაკეთება შეუძლიათ.
- როგორ ფიქრობ, რატომ გაუჭირდა “არსენალს” წელს ასე “ჩელსისთან” და “მანჩესტერთან”? ეს იმის ბრალია, რომ მეტოქემ სივრცე არ მოგცათ, თუ უბრალოდ, ისინი თქვენზე ბევრად ძლიერები არიან?
- ამ გუნდებთან მიმდინარე სეზონში გამართულ მატჩებში 5-5 გოლი გავუშვით და ეს, ინდივიდუალური შეცდომების ბრალია. თუ ასეთ შეცდომებს არ დავუშვებთ, ამ დონის მატჩებში მოგება შეგვეძლება. როდესაც მე-60 წუთზე 0:2 აგებ, ძნელია მატჩის შემობრუნება და მოგება. შესაძლოა, სათანადოდ მობილიზებულნი არ ვიყავით, მაგრამ თამაშის ხარისხით მეტოქეს არ ჩამოვუვარდებოდით.
- რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც არსენ ვენგერს შენთვის მოუცია?
- საფრანგეთში მწვრთნელები ცდილობენ ფეხბურთელი ყოველმხრივ განავითარონ. თუ ცაცია ხარ, უნდა იმუშავო მარჯვენა ფეხით თამაშის გაუმჯობესებაზე, თუ შენი სიმაღლე ერთი მეტრია, კარგად უნდა თამაშობდე მეორე სართულზე. ასეთივეა ჩვენი მწვრთნელიც, მაგრამ მან მე მითხრა: “შენი უმთავრესი პლუსია სისწრაფე, თამაშის წაკითხვის უნარი და მარცხენა ფეხით თამაში. კიდევ უფრო მოუმატე ამ ასპექტებში და საუკეთესო გახდები”.
- “არსენალში” თამაშის დროს, მხოლოდ ერთი გოლი გაქვს გატანილი. გსურს შენი ბომბარდირული მონაცემების გაუმჯობესება?
- (იცინის) კარგი იქნებოდა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბაკარი სანიასთან და იოჰან ჯურუსთან სანაძლეო მაქვს დადებული და მათზე მეტი გოლი უნდა გავიტანო სეზონში. ეს რთული არ იქნება – სანაძლეოს მოსაგებად, ერთადერთი გოლი საკმარისია.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა