ბევრნი შიშით ელოდნენ ამ მატჩს და იყო კიდეც საფუძველი, თუმცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 17 და 19 წლამდელებს არ ჩამორჩა: ბოლო წლებში ქართველებმა სქოთები ყველა ასაკობრივში დაჩაგრეს და ტრადიცია ალექსანდრე ჩივაძის გუნდმაც გააგრძელა. ახლა ცხრილში ისეთი სიტუაციაა, სამ გუნდს თითქმის თანაბარი შანსი აქვს მეორე ადგილზე გასვლისა. სხვა საქმეა, ეყოფა თუ არა საქართველოს მეორეზე გასვლა, რათა პლეი ოფში ითამაშოს - ასეთი ხომ 10 ჯგუფია და მხოლოდ 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის.
თამაშზე სანამ გადავიდოდეთ, ის ვთქვათ, რომ ჩივაძემ ტრავმირებული არჩილ ტვილდიანი თედო გრიგალაშვილით შეცვალა, დისკვალიფიცირებული ნიკა კვეკვესკირი საბა კვირკველიათი ჩაანაცვლა, დავით სხირტლაძის ნაცვლად თავდასხმაში ქვილითაია დააყენა, ხოლო ჯანო ანანიძის არყოფნისას, ჯაბა ჯიღაური გამოჩნდა სასტარტოში. ჯიღაურმა ნახევარდაცვის ცენტრში დაიკავა ადგილი, მარცხხნიდან კი, სადაც ჰოლანდიასთან ანანიძე იდგა, ვაკო ყაზაიშვილი გამოჩნდა.
დასაწყისში შოტლანდიელებმა შექმნეს მომენტი, როცა კვირკველია შეცდა: მეი საჯარიმოში შევიდა, არმსტრონგს გადააწოდა და მისი დარტყმული გიორგი ნადირაძემ მოიგერია, დამატებაზე კი მაკგაჰმა ძელს მოარტყა. დაახლოებით მე-15 წუთიდან გამოიკვეთა ქართველთა უპირატესობა, რაც ბურთის ფლობაში გამოიხატებოდა. აშკარად ჩანდა, სქოთებს უჭირდათ ქართველთათვის ბურთის წართმევა. სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი ამ შეხვედრაში - ჩივაძემ გუნდს დაავალა, რაც შეიძლება ხშირად ეკონტროლებინათ ბურთი, დაბლა ეგორებინათ, ტექნიკაში უპირატესობა გამოეყენებინათ.
სანამ ყაზაიშვილი ანგარიშს გახსნიდა, ჭანტურიას ორი კარგი გარღვევა და მომენტებიც ვნახეთ:Lმაგალითად, ქვილითაიას პასის შემდეგ, ჯიღაურს ახლო მანძილიდან შემდეგ შეეძლო გატანა და მეკარემ აუღო, ხოლო თავად ქვილითაიამ 33-ე წუთზე არეულობისას ახლოდან კარს გადააცილა ბურთი.
ცალკე ვთქვათ ქვილითაიაზე, რომელიც მშვენივრად თამაშობდა. პირველ ბურთს იგებდა და პასს არ აგვიანებდა. და რაც შეეხება გოლს, ყაზაიშვილმა შორიდან კუთხეში დაურტყა მეკარეს, რომლის ნახტომი ამაო გამოდგა - 1:0.
შესვენების შემდეგაც ქართველთა უპირატესობა იგრძნობოდა. ტემპში შოტლანდიელებს ვერ აჯობებდნენ, ამიტომაც უფრო მოკლე მონაკვეთზე პასები თამაშდებოდა და პოზიციურ შეტევას იწყებდნენ. აქტიურმა ჭანტურიამ კიდევ ერთხელ დაჩაგრა მეურვე და მეკარემ აუღო, 55-ე წუთზე ისევ ჭანტურიას აქტიურობის შემდეგ, ყაზაიშვილის დარტყმულს გაუმკლავდა სქოთების გოლკიპერი.
შოტლანდიელები სახიფათოს ვერაფერს ქმნიდნენ და ისე ჩანდა, გოლს ისევ ქართველები თუ გაიტანდნენ. ასეც მოხდა: კარგი კონტრშეტევა განახორციელა, ყაზაიშვილმა ქვილითაიას გაუთამაშა ბურთი და შემდეგ ჯიღაური მოძებნა, საჩხერის “ჩიხურას” ნახევარმცველმა კი ძლიერად დაარტყა საჯარიმოს გარედან - 2:0.
მალე ტაბლოზე 3:0 უნდა ანთებულიყო, მაგრამ გიორგი ჭანტურიას გატანილი პენალტი არ ჩაითვალა. მიზეზი? მსაჯმა მიიჩნია, რომ შოტლანდიელი მცველი დროზე ადრე შევარდა საჯარიმოში. გიორგის დარტყმა გაამეორებინა და ამჯერად მეკარე არჩერმა ფეხით მოიგერია ბურთი. აქვე ვთქვათ, რომ პენალტი ფაინდლის ხელით თამაშისთვის დაინიშნა - ყაზაიშვილის დარტყმის შემდეგ.
და იმის ნაცვლად, რომ ქართველები 3 ბურთით დაწინაურებულიყვნენ, ბოლო 10-12 წუთი ნერვიულობამ მოუწიათ, რადგან შოტლანდიელთა ფორვარდმა ლუის მაკლეოდმა შორიდან მშვენიერი დარტყმით გაქვითა ერთი ბურთი - 2:1.
დარჩენილ წუთებში სქოთებმა ერთხელ შექმნეს ხიფათი და ნადირაძემ იმარჯვა, თავის მხრივ, ჭანტურიას შეეძლო გატანა, მაგრამ კარგი გარღვევის შემდეგ, თითქმის წაქცეულმა ხეირიანად დარტყმა ვერ მოახერხა და მეკარემ აიღო.
ერთი, რაც აშკარად ჩანს ამ ნაკრებში, შეტევა გაცილებით უკეთესია, ვიდრე დაცვა. შოტლანდიასთანაც იყო მომენტები, როცა უკანა ხაზი დამაჯერებლად ვერ მოქმედებდა.
მოგება მოგებაა, ჩივაძის ნაკრებმა უშუალო კონკურენტს სძლია და მეორე ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს. შედარებაც არაა 4 დღის წინანდელთან - დღეს ნაკრები უკეთ გამოიყურებოდა და ის თამაში ჩაატარა, როგორიც უხერხულია ბრიტანელებისთვის. ტექნიკაში უპირატესობა გამოიყენა.
მატჩის შემდეგ:
ბილი სტარკი (შოტლანდიის 21 წლამდე ნაკრების მწვრთნელი): “საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა და მწვრთნელის დავალება შეასრულა. დღევანდელი მარცხით არაფერი გადაწყვეტილა, რადგან საქართველოსთან შინ სათამაშო გვაქვს. ცხრილის მიხედვით, სამი გუნდი იბრძოლებს მეორე ადგილისთვის. საკმაოდ რთული ჯგუფია”.
ალექსანდრე ჩივაძე (საქართველოს ფეხბურთელთა 21 წლამდე ნაკრების მწვრთნელი): “კარგია, რომ მატჩი იმ შედეგით დასრულდა, როგორითაც გვსურდა. ეს არის 21-წლამდელთა ნაკრები და მისი თითოეული ფეხბურთელი მზად უნდა იყოს ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ. შესაბამისად, ფეხბურთელები ჩამოყალიბებულნი უნდა იყვნენ და არ უშვებდნენ ბავშვურ შეცდომებს. შეცდომა გასაგებია, მაგრამ როცა ელემენტარულ რამეს ვერ აკეთებ, ძალიან ცუდია. დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, უფრო დიდი ანგარიშითაც შეიძლებოდა მოგება, მაგრამ პენალტი ვერ გავიტანეთ. მსაჯებზე არ მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ არ მგონია, პირველ გატანილ პენალტზე თვითონ შოტლანდიელებს პროტესტი გამოეხატათ”.
- თქვენ ჰოლანდიასთან წაგების შემდეგ თქვით, რომ ამაზე შოტლანდიასთან თამაშის შემდეგ ისაუბრებდით.
- მოხდა ის, რომ ბავშვური შეცდომები იქნა დაშვებული. პირველი და მეორე გოლიც ამის დასტური იყო. ჰოლანდიელებმა რაც ვერ შექმნეს, ჩვენ შევუქმენით და ზედ შესვენების წინ გაგვიტანეს მეორე გოლი. მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთი კურიოზული გოლი გავიდა, არადა, იმ წუთებში გვქონდა საგოლე მომენტი. შემდეგ კვეკვესკირი ანერვიულდა, მეოთხე გავუშვით და სულ აირია თამაში. ჰოლანდია ძალიან ძლიერია, მათ ფეხბურთელებს საკმაოდ ძლიერ გუნდებში თამაშის პრაქტიკა აქვთ. კიდევ ვიმეორებ, ასეთი ელემენტარული შეცდომები არ უნდა დაგვეშვა.
- რა შეიცვალა ჰოლანდიასთან მატჩის შემდეგ? როგორ მოხდა, რომ დღეს იგივე შეცდომები აღარ განმეორდა?
- უპირველესად, ფსიქოლოგიური კუთხით ვიმუშავეთ. ინდივიდუალურადაც, თითოეულ ფეხბურთელთან გასაუბრება და ახსნა აუცილებელი იყო.
- გიორგი ქვილითაიას თამაშს როგორ შეაფასებდით?
- ქვილითაია ავსტრიაში შეკრებაზე გვყავდა რამდენიმე თვის წინ და მაშინაც ვთქვი, რომ ძალიან კარგი თავდამსხმელია. სამწუხაროდ, ეს ბიჭი დიდხანს იყო უგუნდოდ და ბოლოს მივიდა “დილაში”. საკმაოდ პერსპექტიულია.
- დღეს საქართველოს ნაკრები პოზიციურად უტევდა, არ იყო მაღალი ჩაწოდებები და ბურთს აგორებდა. ასეთივე თამაში იქნება შოტლანდიაში?
- სწორედ ასეთი თამაშია საჭირო ბრიტანელებთან. გავიხსენოთ თბილისის “დინამოს” მატჩები, როცა მე გუნდის კაპიტანი ვიყავი. სულ ასეთ სტილში ვთამაშობდით ბრიტანელებთან.
14.10.2013.
საქართველო - შოტლანდია 2:1 (1:0)
საქართველო: ნადირაძე, თედო გრიგალაშვილი, კობახიძე, კვირკველია, უბილავა, პაპავა, პარუნაშვილი, ჯიღაური, ყაზაიშვილი, ჭანტურია (სხირტლაძე 90+1), ქვილითაია (ფანცულაია 77).
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.
შოტლანდია: არჩერი, რაიანი, მაკგი, ფაინდლი, რობერტსონი, ფაივი (რობერტსონი 71), მაკგაჰი (მაკლეოდი 71), ჰოლტი (პატერსონი 59), მაკგრეგორი, არმსტრონგი, მეი.
მწვრთნელი: ბილი სტარკი.
გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (38), 2:0 ჯიღაური (69), 2:1 რობერტსონი (80).
77-ე წუთზე ჭანტურიამ ვერ გამოიყენა პენალტი (მეკარე).
გაფრთხილება: ფაივი (64), ქვილითაია (64), ფაინდლი (77), გრიგალაშვილი (83).
მსაჯი: ცინკევიჩი (ბელარუსი).