ინტერვიუები

1:40 | 14.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

"გადარჩენილი ვარ!" - გიორგი ლორიას ესპანეთთან მღელვარებაც არ ჰქონია

"ეს დღეებია, გულშემატკივრები და ჟურნალისტებიც გამუდმებით მწერენ, ჩემს ჯანმრთელობას კითხულობენ, მამხნევებენ. დიდ ყურადღებას ვგრძნობ და მინდა ყველას მადლობა მოვუხადო. ბედნიერი ვარ, რომ ასე აინტერესებთ ჩემი ამბები", - ეს, გიორგი ლორიას სიტყვებია, რომლებიც მან "მსოფლიო სპორტთან" ინტერვიუში თქვა. 

11 სექტემბერს "დინამო არენაზე" გამართული საქართველო-ესპანეთის მატჩის პირველიდან 70-ე წუთამდე, ლორია კლდესავით იდგა, რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია, იმ უიღბლო წუთს კი, მძიმედ დაშავდა - შესაცვლელი გახდა. 
გიორგის მუხლის სახსრის და მის გარშემო არსებული რბილი ქსოვილების შეშუპება აქვს, გამოკვლევებზე დადის და როდის დაიწყებს ვარჯიშს, პარასკევს გახდება ცნობილი. 
"მსოფლიო სპორტი" საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" 26 წლის  მეკარეს დაუკავშირდა: 
- ტკივილი კიდევ გაქვთ? 
- დიახ, მაგრამ გუშინწინდელ ტკივილთან რა შედარებაა. მატჩის დროს საშინლად მეტკინა. ყავარჯნებით დავდივარ... შეიძლება ითქვას, გადარჩენილი ვარ. 
- რამდენი ხანი გაგიცდებათ, ჯერ არაა ცნობილი? 
- ხვალ მეტყვიან. გადაღებული სურათის პასუხს მეტყვიან და ასევე გავიგებ, რამდენი გამიცდება.  
- ტრავმის მომენტი გაიხსენეთ. 
- ალბა შემოდიოდა მარცხნიდან და გამოვედი, რათა გასწვრივ გადაცემას თუ გააკეთებდა, დამეფარა და თან, კუთხე შემემცირებინა. ხიზანიშვილიც ჩაჭრას ცდილობდა და... უხერხული შეჯახება იყო. ფეხბურთია, ხდება, ტრავმისგან არავინაა დაზღვეული. ალბამ კარში დაარტყა და ააცილა, მე კი ასეთი ტრავმა მივიღე.
- თქვენს მიერ ჩატარებული კარგი მატჩები გვახსოვს, თუმცა ესპანეთთან სულ სხვა იყო. მეტოქეს ხომ გააჩნია... როგორ გაიხსენებთ იმ თამაშს?
- ის, თუ რა დონის გუნდია, ჩემი მტკიცება რად უნდა. ფაქტობრივად, ამოსუნთქვის საშუალება არ გვქონია. 
- ოდნავ მაინც არ შიშობდით? 
- არა. შიში კი არა, მღელვარებაც არ მქონია. გასაგებია, რომ ფანტასტიკური გუნდია, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან და ჩვენც. სწორედ ამაზე ვფიქრობდი მატჩის წინ. ასევე ვიყავი განწყობილი ბელარუსთან თამაშამდე. 
- ესპანეთთან ყველაზე რთული ასაღები ბურთი რომელი იყო? ჩავის შორეული, თუ სოლდადოს ერთი-ერთზე? 
- ორივე რთული იყო, თუმცა, როცა მეტოქე ერთი-ერთზე რჩება, ამ დროს გადარჩენის შანსი გაცილებით ნაკლებია, მანძილი მცირეა. ამიტომაც, სოლდადოს მომენტს უფრო გამოვარჩევდი. თუმცა, პირველ ტაიმში ასევე იყო ეპიზოდი, როცა სოლდადო არეულობაში მიმართულებას უცვლიდა ბურთს და მოვიგერიე. ეს ყველაზე რთულად მოსაგერიებელი იყო. ეგაა, გოლი რომც გასულიყო, არ ჩაითვლებოდა. თამაშგარე დააფიქსირეს. 
- ჩვენების დაცვაც ძალიან კარგად თამაშობდა, დიდი სამუშაო გასწიეს.
- რა თქმა უნდა. მთელი გუნდი ბოლომდე თავდადებული იყო. რა დავალებაც გვქონდა, შევასრულეთ.  
- ესპანეთის ნაკრები ვარსკვლავებით სავსეა, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვინ მოახდინა თქვენზე?
- ყველამ. ძნელია გამორჩევა, მაგრამ ალბათ, მაინც ინიესტა. 
- არაერთი კარგი მატჩი ჩაგიტარებიათ. თუნდაც ნაკრების თამაშები სლოვენიაში, ხორვატიაში, "დინამო"-აეკ-ი... ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ, რაც უფრო პრინციპული მატჩია და მეტოქე ძლიერი, მით უფრო კარგად თამაშობთ. ასეა? 
- კონცენტრაცია ყოველთვის მაქსიმალურად მაქვს და ვფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატშიც ნორმალურად ვთამაშობ. ყოფილა ერთი-ორი მატჩის ჩავარდნა, მაგრამ მთლიანობაში, მაინც ნორმალურად შევაფასებდი ჩემს გამოსვლას. უბრალოდ, ასეთ პრინციპულ მატჩებში უფრო ჩანს, რადგან ბევრი გულშემატკივარი მოდის და სხვა აურაა. ზოგჯერ კი, ტრიბუნები თითქმის ცარიელია. 
- და ბოლოს, რამდენიმე ესპანურ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, ლორიათი "რეალი" და "ბარსელონა" დაინტერესდნენო. რას იტყვით? 
- ჩემთვის არავის დაურეკავს და ამის შესახებ არ უცნობებია, ამიტომაც ვერაფერს გეტყვით. ისე კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ ამ ინფორმაციის გაგებაც კი ძალიან მსიამოვნებს. "რეალი" და "ბარსელონა"... ვინ იტყვის ამაზე უარს. თუმცა ვიმეორებ, არაფერი მსმენია. 
 
ილია ნანობაშვილი
0.140482