სამშაბათ-ოთხშაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მეორე ეტაპი იწყება. პირველი ექვსეულის გუნდები საპრიზო ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. ქვედა ექვსეულის ბოლო ორი გუნდი კი პირველ ლიგაში დაქვეითდება. მეორე ეტაპზე მონაწილეებს პირველი ეტაპის შედეგები გადაჰყვათ.
1-6 ადგილებისთვის
ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი)
25 მარტი. ივანწმინდა. ცენტრალური. 15:00
დისკვალიფიცირებულები: გივი კვარაცხელია (“ჩიხურა”); გიორგი კახელიშვილი (“სიონი”)
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზ. ფიფია, ი. უკლება, ბ. ნინუა, გ. ყრუაშვილი, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)
მიმდინარე სეზონში: 2:2, 1:1
მარტის თვე საჩხერელებისთვის ცუდი გამოდგა. სოსო ფრუიძის შეგირდებმა ჩემპიონატში ზედიზედ სამი მატჩი წააგეს და თითქოს მყარი მეორე ადგილი “ზესტაფონს” გადაულოცეს. მცირე ნუგეშად მათთვის ისღა რჩება, რომ ქვეყნის თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ. მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში კი სწორედ სამშაბათის მეტოქეები, ბოლნისელები დაამარცხეს.
“სიონმა” კი ძნელი წარმოსადგენია 4 დღის ინტერვალში მეორედ წააგოს ივანწმინდაში. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ზედა ექვსეულში მოხვედრით მოტივაცია შეუმცირდა.
ეს გუნდები წლევანდელ სეზონში მეხუთედ ხვდებიან ერთმანეთს, ორჯერ ჩემპიონატში ითამაშეს და ამდენჯერვე თასზე, სამი შეხვედრა ფრედ დამთავრდა, ერთი “ჩიხურამ” მოიგო.
დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი)
25 მარტი. თბილისი. “დინამო არენა.” 18:00
მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, გ. ჩიგოგიძე, ლ. სილაგავა (სათადარიგო)
მიმდინარე სეზონში: 1:2, 3:1
მალხაზ ჟვანიას ხელმძღვანელობით “დინამომ” ერთი ანტირეკორდი უკვე დაამყრა – ზედიზედ 3 საშინაო შეხვედრა წააგო, თუმცა კვლავაც ერთპიროვნულ ლიდერად რჩება და ძნელი წარმოსადგენია ვინმე ჩემპიონობაში შეეცილოს. საინტერესო სპეციალისტია ჟვანია, მარტვილში მართლაც კარგი გუნდი გააკეთა, “დინამოში” კი ჯერჯერობით სტაბილურობას ვერ მიაღწია. განსაკუთრებით დაულაგებელია უკანა ხაზი. ქულების კარგვაც სწორედ მცველების უხეში ცდომების მიზეზია. თუკი უკვე ვფიქრობთ მომავალ ევროთასებზე, ეს პრობლემა პირველ რიგშია მოსაგვარებელი.
“გურია” კი ჩემპიონატში ერთადერთ გუნდად რჩება, ვისაც ჯერ ფრედ არ უთამაშია. სავარაუდოდ მასპინძელ დინამოელებს იოლი მატჩი არ ელით. კერკეტმა “გურიამ” ხომ პირველ წრეშიც დაამარცხა სახელოვანი მეტოქე.
ზესტაფონი – მეტალურგი (რუსთავი)
25 მარტი. ზესტაფინი. “დავით აბაშიძე.” 18:00
დისკვალიფიცირებული: დენის დობროვოლსკი (“მეტალურგი”)
მსაჯები: ჯ. ხორავა, ი. მაჩიტიძე, ზვ. ერქვანია, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)
მიმდინარე სეზონში: 0:0, 2:1
მარგველებს მართლაც ნამდვილი გაზაფხული უდგათ, ჩემპიონატში ზედიზედ 5 მატჩი მოიგეს და ამას თუ დეკემბრის ბოლო ტურში “გურიასთან” გამარჯვებასაც დავუმატებთ, სულაც მიჯრით 6 მოგება გამოდის. მართლაც საოცარი შედეგია. გია გეგუჩაძე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. აკი მეორე ადგილზეც დადგა და თუ ასე გაგრძელდა, ალბათ ლიდერი “დინამოს” მთავარი და ერთადერთი კონკურენტი იქნება.
“მეტალურგმა” კი ბოლო დღეებში ჯერ პატარა სენსაცია მოახდინა, როცა თბილისში “დინამოს” მოუგო, მალევე კი ქვეყნის თასის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში ლიდერს ვეღარაფერი მოუხერხა (1:4). ვფიქრობთ, ამ წყვილში “ზესტაფონს” მეტი მოტივაცია აქვს.
1 | დინამო (თბ) | 22 | 15 | 3 | 4 | 51:17 | 48 |
2 | ზესტაფონი | 22 | 12 | 4 | 6 | 30:15 | 40 |
3 | ჩიხურა | 22 | 11 | 5 | 6 | 40:33 | 38 |
4 | სიონი | 22 | 9 | 6 | 7 | 27:23 | 33 |
5 | მეტალურგი | 22 | 9 | 6 | 7 | 26:25 | 33 |
6 | გურია | 22 | 11 | 0 | 11 | 25:29 | 33 |
7-12 ადგილებისთვის
დილა (გორი) – მერანი (მარტვილი)
26 მარტი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 15:00
დისკვალიფიცირებულები: ალექსანდრე კვახაძე (“დილა”); ვლადიმერ ჯოჯუა, ჩუკვურან რაფაელ უკვუბილე (“მერანი”)
მსაჯები: ლ. კვარაცხელია, დ. ჩიგოგიძე, ლ. ვარამიშვილი, დ. სანოძე (სათადარიგო)
მიმდინარე სეზონში: 3:0, 1:2
ბოლო დღეებში ორივე გუნდის ქომაგებმა “გამოიჩინეს თავი.” ჯერ იყო და “ვიტ ჯორჯიასთან” შეხვედრაში გორელი ქომაგები გადმოხტნენ მინდორზე, მიიჩნიეს, რომ ბერიაშვილის გატანილი გოლი მსაჯმა უსაფუძვლოდ არ ჩათვალა. შედეგად კლუბი 4 ათასი ლარით დაჯარიმდა, “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონს კი პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს, რის გამოც გორელებმა კიდევ ერთ დასჯილ გუნდთან, “ტორპედოსთან” სათასო მატჩი უმაყურებლოდ ითამაშეს. “ვეტერინარებთან” შეხვედრაში კაპიტანი ალექსანდრე კვახაძეც გააძევეს და სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაუდგინეს. სწორედ ამ მიზეზით არ იქნება ოთხშაბათს ის მინდორზე.
მერე მარტვილელების დროც დადგა. ოთხი დღის წინათ სამტრედიაში, “შუქურასთან” სათასო შეხვედრაში მათაც მეოთხე დამატებულ წუთზე გატანილი გოლი გაუუქმეს და მაყურებელიც მსაჯებიკენ დაიძრა, ვითარება დაიძაბა და არბიტრმა საფინალოდ ჩასტვენაც ვერ მოასწრო, ის სამართალდამცავებმა გაიყვანეს მოედნიდან. თამაში კი ჩაშლილად გამოცხადდა. აქ აუცილებლად უდა ვთქვათ, რომ როცა სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი ზომებს მიიღებს და “მერანს” დასჯის, უნდა გაითვალისწინონ, რომ არეულობისას სწორედ მარტვილური გუნდის წარმომადგენლები და ფეხბურთელები გადაეფარნენ მსაჯს. მათმა მწვრთნელმა ზურაბ იონანიძემ კი თქვა: გოლი გავიტანეთ და არ ჩაგვითვალეს. ეტყობა ასე აქვთ გადაწყვეტილი – არც ჩემპიონატზე გვაბრძოლებენ და არც თასზე. ასეთი მსაჯობით შეუძლებელია თამაშიო.
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზუგდიდი
26 მარტი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 15:00
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ა. კოკაია, თ. ხუჭუა (სათადარიგო)
მიმდინარე სეზონში: 0:0, 1:0
“ვეტერინარები” მართალია, ზედა ექვსეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ “ქვემოთ” საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს. აი, “ზუგდიდი” კი გააფთრებით იბრძვის უმაღლესში დასარჩენად. გიორგი დარასელიას შეგირდებმა ბოლო ორი საშინაო მატჩი მოიგეს და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა. ოთხშაბათსაც ალბათ საკუთარ თავს გადაახტებიან. მით უმეტეს, მასპინძლების მოტივაცია კიდევ შესამოწმებელია.
ტორპედო (ქუთაისი) – სპარტაკი (ცხინვალი)
26 მარტი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 15:00
დისკვალიფიცირებული: გივი იოსელიანი (“სპარტაკი”)
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. თოდრია, გ. ელიკაშვილი, თ. გვანცელაძე (სათადარიგო)
მიმდინარე სეზონში: 1:0, 1:0
“ვიტელების” მსგავსად, ამ კომპანიაში ქუთაისელებიც შედარებით წყნარად გრძნობენ თავს, მაგრამ ისეთ გუნდს ეთამაშებიან, ყოველი ქულისთვის ბოლომდე რომ იბრძოლებს. წლევანდელ სეზონში ესენიც მეხუთედ შეხვდებიან ერთმანეთს. უპირატესობა ქუთაისელთაAმხარეზეა, მათ ორჯერ სძლიეს ცხინვალელებს. ორი სათასო შეხვედრაც ფრედ დამთავრდა და პენალტებში იმერლებმა იმარჯვეს.
მატჩი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის მთავარ სტადიონზე გაიმართება უმაყურებლოდ.
1. | დილა | 22 | 8 | 8 | 6 | 28:22 | 32 |
2. | ვიტ ჯორჯია | 22 | 8 | 5 | 9 | 28:29 | 29 |
3. | ტორპედო | 22 | 8 | 5 | 9 | 24:30 | 29 |
4. | სპარტაკი | 22 | 6 | 2 | 14 | 19:32 | 20 |
5. | ზუგდიდი | 22 | 5 | 5 | 12 | 12:30 | 20 |
6. | მერანი | 22 | 4 | 3 | 15 | 16:41 | 15 |
მეგოლეები:
13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
12 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
7 - ვილი ისიანი (“გურია”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)
6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)
5 – გრიგოლ დოლიძე (“ზესტაფონი”), ჯაბა ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ლუკა რაზმაძე (“დილა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;