შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული კენჭისყრის შემდეგ, ევრო-2016-ის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
ალიკ სარქისიანის შეგირდები C ჯგუფში ლიტვის, შვეიცარიისა და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ. ჯგუფის მასპინძელი ლიტვაა, ხოლო მატჩები 2015 წლის 13-18 იანვარს ჩატარდება.
C ჯგუფის გამარჯვებული, ძირითად რაუნდში, რომელიც 2015 წლის 17-22 მარტს ჩატარდება, მე-7 ჯგუფში პორტუგალიასთან, რუმინეთთან და ყაზახეთთან ერთად იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ ძირითად რაუნდში საკვალიფიკაციო ეტაპის 6 ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მეორეადგილოსანი მოხვდება. ძირითადი რაუნდის 7 ჯგუფის პირველადგილოსნები ევრო-2016-ის ფინალური ეტაპის საგზურს პირდაპირ მიიღებენ. მეორე ადგილზე გასულები და საუკეთესო მესამეადგილოსანი 2015 წლის 15-22 სექტემბერს პლეი ოფში ითამაშებენ და ფინალურ ეტაპზე გამსვლელი კიდევ 4 ნაკრების ვინაობა გამოვლინდება. მათ ტურნირის მასპინძელი სერბები დაემატებიან.
ფინალური ეტაპი, რომელშიც 12 გუნდი ითამაშებს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 2016 წლის 2-13 თებერვალს შედგება. აქვე გეტყვით, რომ ფუტსალში ევროპის ჩემპიონატები ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.