პირველი წრის ბოლო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. იმერულ დერბში ადგილობრივმა ,,ტორპედომ’’ სატურნირო ცხრილის მეზობელს საჩხერის ,,ჩიხურას’’ უმასპინძლა. ზემოიმერულ კლუბში საკმაოდ თამაშობენ ის ფეხბურთელები, რომლებსაც თავის დროზე ,,ტორპედოს” ღირსება დაუცვიათ. ამავე დროს ,,ჩიხურას” მწვრთნელი სოსო ფრუიძე სულაც ქუთაისელი გახლავთ. მას ფეხბურთელობის დროს ტორპედოელთა რიგებშიც უასპარეზია და სხვადასხვა წლებში გუნდის თავკაციც ყოფილა. ,,ტორპედოს” ფანებმა განსაკუთრებული სიყვარული გიორგი დათუნაიშვილის მიმართ გამოხატეს, რომელიც გუნდის ღირსებას ამ სეზონის დაწყებამდე იცავდა. ,,არ დაგივიწყებთ დათუნა - #26” – ასეთი შინაარსის პლაკატი გამოფინეს ქუთაისელთა ფანებმა.
შეხვედრის დასაწყისიდანვე სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა. ისინი უფრო გააზრებულად მოქმედებდნენ და ბურთსაც უმეტესწილად ფლობდნენ, თუმცა პირველი საგოლე შანსი ქუთათურებს მიეცათ. მე-4 წუთზე მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს. მცველების ამოტანილ ბურთს მოედნის ცენტრში გიგაური დაეუფლა და ზუსტი პასით საბანაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. ტორპედოელთა ფორვარდს წინ ცარიელი სივრცე ჰქონდა, მაგრამ მან რატომღაც მოძრაობა შეანელა და ლომაშვილს წამოწევის საშუალება მისცა. გამოცდილმა სომხიშვილმაც კარი დროულად დატოვა და დარტყმის კუთხე შეუმცირა. მართალია, საბანაძემ ბურთის კარის მიმართულებით გადაგზავნა მაინც მოახერხა, მაგრამ დარტყმულს სიზუსტე დააკლდა და ბურთი მიზანს ასცდა.
ამის შემდეგ ძირითადად საჩხერლები უტევდნენ და სახიფათო მომენტებს ზედიზედ ჰქმნიდნენ. მე-8 წუთზე ჯიღაურმა მოედნის ცენტრიდან წინ გადაინაცვლა და საჯარიმოს მიახლოებულმა ძლიერად გაისროლა. ბურთი ოდნავ ასცდა ტორპედოელთა კარს. მე-11 წუთზე გაბედავას სახიფათო საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ცოცხალ კედელს შეეხო, იქედან არეკლილი კარის ძელს გაეხახუნა და მოედნის ფარგლები დატოვა. კუთხური ოდიკაძემ ჩააწოდა, რომელსაც მეტოქის საჯარიმოში ჩასულმა ლომაშვილმა თავით მიმართულება შეუცვალა, თუმცა ამ ეპიზოდში ქვილითაიაც კარგად გაისარჯა. იგი ნახტომით მისწვდა ბურთს და ხიფათიც განმუხტა. სამი წუთის შემდეგ წინამძღვრიშვილი უბრალოდ ვალდებული იყო ანგარიში გაეხსნა. კაშიამ მარცხენა ფლანგზე გაილაღა. მან რამდენიმე მეტოქეს გვერდი აუარა და პირით ხაზთან მისულმა მეკარის ბაქანში მყოფ წინამძღვრიშვილს ბურთი პირდაპირ თავზე დაუსვა. რატის ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მან როგორღაც ბურთის კარისთვის აცილება ,,მოახერხა’’. საჩხერელთა ეული ფორვარდისთვის მოვლენები ამის შემდეგაც უსიამოვნოდ განვითარდა. ტაიმის შუაწელს იგი ხიდეშელთან ბურთისთვის ბრძოლაში დაშავდა (მხარი ამოუვარდა) და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნახევარი საათის მიწურულს სტუმრებმა სანიმუშო შეტევა განახორციელეს. კაშია – ჯიღაური – დეკანოიძის სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ძლიერი დარტყმაც განახორციელა, მაგრამ ქვილითაიაც დიდებულად გაისარჯა. იგი ნახტომით მისწვდა ბურთს და თავისიანები აშკარა უსიამოვნებისგან იხსნა.
ტორპედოელთა საპასუხო შეტევა შედეგიანი გამოდგა. 34-ე წუთზე ქუთათურებმა კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვეს. სტანდარტულის გათამაშების შემდეგ გიგაურმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა. აქ ყველაზე მარჯვედ ტანმაღალი ხიდეშელი გაისარჯა. მან მეტოქე მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით საჩხერელთა კარის ბადე შეარხია – 1:0.
ამის შემდეგ შეხვედრა ისევ საჩხერელთა უპირატესობით გაგრძელდა. ისინი ანგარიშში ჩამორჩენას არ შეეპუენ და ზედიზედ რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს. ზემოიმერლებს მონდომება 41-ე წუთზე დაუფასდათ. შეტევაში ჩართულმა რეხვიაშვილმა რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოში შევარდნილ გაბედავას ზუსტი გადაცემა გაუკეთა. გაბედავამ თანაგუნდელის პასი შეირგო და შეუჩერებელი დარტყმით თანაფარდობა აღადგინა – 1:1.
ტაიმის დამთავრებამდე მეტოქეებმა თითო სახიფათო მომენტის გაცვლაც მოასწრეს. ჯერ საბანაძე ვერ მისწვდა ვარდნაში ცინცაძის გამჭოლ გადაცემას, შემდეგ კი გაბედავა მეორედ ცდილობდა თავის გამოჩენას, მაგრამ ქვილითაიამ სწორი პოზიცია შეარჩია და საჩხერელ ფეხბურთელს დუბლის გაკეთების საშუალება აღარ მისცა.
შეხვედრის მეორე ნახევარი ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა. თამაშის განახლებისთანავე ყოფილი თანაგუნდელების კარს დათუნაიშვილი დაემუქრა. იგი ორ მეტოქეს დაუსხლტდა და მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ძლიერად გაისროლა. მასპინძლები ახლადშემოსულმა სანდოხაძემ იხსნა. იგი დარტყმულს გადაეფარა და თავისიანები აშკარა გოლს გადაარჩინა. საპასუხო შეტევაში ფანცულაია გავიდა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ მისი მცდელობაც არაზუსტი გამოდგა.
მეტოქეები ამის შემდეგაც მორიგეობით უტევდნენ. კარის აღების შესაძლებლობა ჰქონდა დეკანოიძეს, მაგრამ მისი დარტყმა ხარიხას ზევიდან გადაევლო. იგივე ბედი ეწია გიგაურის მცდელობასაც, რომელიც შეტევას ამთავრებდა ახვლედიანის ზუსტი გადაცემის შემდეგ. 69-ე წუთზე მასპინძლები აშკარა გოლს გადაურჩნენ. გაბედავამ შეტევაში დათუნაიშვილი ჩართო, რომელიც მარცხენა ფლანგზე გაიჭრა და საჯარიმოში შევარდნილ ტატანაშვილს გამიზნული გადაცემა გაუკეთა. საჩხერელთა ფორვარდის თავური დარტყმა ოდნავ ასცდა ქვილითაიას დასაცავ ობიექტს, თუმცა ტატანაშვილმა თავისი შეცდომა სამ წუთში გამოასწორა. ლომაშვილის მაღლივ ჩაწოდებულს მან თავით მიმართულება შეუცვალა და ქუთათურთა გოლკიპერს კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა – 1:2.
გაშვებული გოლის შემდეგ რიონისპირელები აირივნენ და თითქმის მაშინვე კინაღამ დაისაჯნენ. ქუთათურები ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის გაკეთებისას შეცდნენ, რითაც ტატანაშვილმა ისარგებლა და ქვილითაიასთან პირისპირ გავიდა, თუმცა ამჯერად ტორპედოელთა კაპიტანს ვეღარ აჯობა.
იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, მასპინძლები მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდნენ. მატჩის კულმინაციური მომენტი 82-ე წუთზე დადგა. შეცვლაზე შესულმა მზევაშვილმა რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და ბურთიანად საჯარიმოში შეიჭრა, სადაც რეხვიაშვილთან ჭიდილში გაზონზე გართხმული აღმოჩნდა. ტორპედოელები პენალტს ითხოვდნენ. არბიტრმა ჯენერი ხორავამ სხვაგვარად განსაჯა და პირიქით, მზევაშვილი სიმულაციისთვის გააფრთხილა, რითაც მასპინძელთა კლუბის ხელმძღვანელობის გულისწყრომა და მატჩზე დამსწრე გულშემატკივრების განრისხება გამოიწვია.
მართალია, რიონისპირელებს თავი არც ამის შემდეგ დაუზოგავთ და ქულის გადარჩენას ბოლომდე ცდილობდნენ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტის შექმნა ვეღარ მოახერხეს. არბიტრის საფინალო სასტვენს თან მორიგი ვნებათაღელვა მოჰყვა. ტორპედოელები ხორავას შემოეხვივნენ და აღნიშნულ ეპიზოდზე კამათი დაუწყეს. სხვებზე მეტად კუხიანიძე აქტიურობდა, რომელსაც არბიტრმა წითელი ბარათი აუფრიალა.
პრესკონფერენცია:
ჟერარდ სარაგოსა (,,ტორპედო’’): ,,ზედიზედ ორი მძიმე თამაშის ჩატარება მოგვიწია. ბიჭებმა ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს, ამიტომ ფიზიკურად გაგვიჭირდა. რაც მე გუნდის მწვრთნელი ვარ, ეს მისი ყველაზე ცუდი თამაში იყო. იმედი მაქვს ყველაფერს გამოვასწორებთ და მომდევნო შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.’’
სოსო ფრუიძე (,,ჩიხურა’’): ,,პირველ რიგში თითქმის მშობლიურ არენაზე ვთამაშობდით. შემდეგ კიდევ მეტოქე კარგად შევისწავლეთ და შევეცადეთ ის ფეხბურთელები გაგვენეიტრალებინა ვიზეც გუნდის თამაშია აწყობილი. ვფიქრობ, რომ ეს მოვახერხეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ,,ტორპედო’’ ახალგაზრდული გუნდია და მას დიდი მომავალი აქვს.’’
,,ტორპედო” (ქუთაისი) - ,,ჩიხურა” (საჩხერე) 1:2 (1:1)
4 ნოემბერი. ქუთაისი. ,,ცენტრალური”. 2500 მაყურებელი
,,ტორპედო”: ქვილითაია (კ), ცინცაძე, გიგაური (მზევაშვილი 75), საბანაძე, კუხიანიძე, ფანცულაია, გ. ხიდეშელი (სანდოხაძე 46), მთივლიშვილი, კაპანაძე (ახვლედიანი 61), ზ. ჭელიძე, უბილავა;
მთ. მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა;
,,ჩიხურა”: სომხიშვილი (კ), ჯიღაური (ქიმაძე 78), გაბედავა, წინამძღრიშვილი (ტატანაშვილი 23), ლომაშვილი, გ.დათუნაიშვილი, ბეჭვაია, შ.კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე (ლ.ჭელიძე 90), რეხვიაშვილი;
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე;
გოლები: 1:0 ხიდეშელი (34), 1:1 გაბედავა (41), 1:2 ტატანაშვილი (72);
გაფრთხილება: ლომაშვილი (50), ახვლედიანი (82), მზევაშვილი (82), ცინცაძე (86), ტატანაშვილი (90+1);
წითელი ბარათი: კუხიანიძე (მატჩის დამთავრების შემდეგ);
არბიტრი: ჯენერი ხორავა;
სპარტაკი (ცხინვალი) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:1 (0:0)
გოლები: 1:0 ჩაფიძე (51), 2:0 თუხარელი (52), 2:1 მაისურაძე (62), 3:1 ხიზანეიშვილი (88).
გაძევება: მჭედლიშვილი (72).
მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 0:0
გაძევება: გავაშელიშვილი (88, “მეტალურგი”)
დილა (გორი) – მერანი (მარტვილი) 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 მოდებაძე (11), 2:0 ბოლქვაძე (პენ 31), 3:0 მოდებაძე (პენ, 95)
გურია (ლანჩხუთი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ისიანი (84)
გაძევება: პაჭკორია (59, “ზუგდიდი”)
ზესტაფონი – სიონი (ბოლნისი) 0:0
1. | დინამო (თბ) | 11 | 8 | 2 | 1 | 27:9 | 26 | |
2. | ჩიხურა | 11 | 7 | 1 | 3 | 25:19 | 22 | |
3. | ტორპედო | 11 | 5 | 4 | 2 | 16:19 | 19 | |
4. | გურია | 11 | 6 | 0 | 5 | 11:14 | 18 | |
5. | დილა | 11 | 5 | 3 | 3 | 16:11 | 18 | |
6. | მეტალურგი | 11 | 5 | 3 | 3 | 16:15 | 18 | |
7. | ზესტაფონი | 11 | 4 | 3 | 4 | 12:8 | 15 | |
8. | მერანი | 11 | 4 | 0 | 7 | 15:17 | 12 | |
9. | ვიტ ჯორჯია | 11 | 3 | 3 | 5 | 12:25 | 12 | |
10. | სიონი | 11 | 2 | 4 | 5 | 15:17 | 12 | |
11. | სპარტაკი | 11 | 2 | 1 | 8 | 8:16 | 7 | |
12. | ზუგდიდი | 11 | 1 | 4 | 6 | 5:16 | 7 |
მეგოლეები:
9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)
8 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)
6 – დორინ გოგა (“დინამო”)
5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)
4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ვილი ისიანი (“გურია”),
3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ჯამბულ ჯიღაური, გიორგი გაბედავა (ორივე - “ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
სსს-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა
ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან