ეროვნული ჩემპიონატის შემჭიდროებულმა გრაფიკმა, “მსოფლიო სპორტის” საავტორო რუბრიკის მიერ აღებული ტემპი მცირედით შეანელა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტებიდან ყველაზე მოუხელთებელი, “მერანის” მეპატრონე ფრიდონ ინჯია დავიყოლიეთ სასაუბროდ, 3-თვიანი პაუზა უნდა გვეპატიოს.
ვიდრე ”ჯეოსელის” ყოფილ მფლობელ და საქართველოს კავშირგაბმულობის ყოფილ მინისტრთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ, მომავალ რესპონდენტსაც “დავაანონსებთ”. იგი ს/კ “გაგრას” პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე იქნება.
აქვე მცირედი განმარტებაც. ჩვენ კლუბის პრეზიდენტად აღვიქვამთ იმ პიროვნებას, ვინც უშუალოდ ხარჯავს ფულს ამა თუ იმ გუნდის სასიცოცხლო, თუ განსავითარებელი დანიშნულებისთვის. ამდენად, არ გაგიკვირდეთ, თუ უმაღლესი ლიგის 12 გუნდიდან ყველას ერთპიროვნული მფლობელი ვერ დავადგინოთ. შესაბამისად, ასეთი გაურკვევლობის გამო, რუბრიკა “პრეზიდენტების” ჩარჩოში კაცნაკლულობა გვექნება.
ს/კ “მერანის” მფლობელი ფრიდონ ინჯია ბიზნესის საქმეთა გამო, საქართველოში იშვიათად ჩამოდის. ქრისტიანი კაცი სააღდგომო დღეებში წინაპართა საფლავების მოსანახულებლად სამშობლოში რომ ჩამოვიდოდა, ამას დიდი გულთმისნობა არ სჭირდება. ცოტათიც სფფ წაგვეხმარა, რომელმაც “მერანისა” და “ზესტაფონის” ურთიერთშეხვედრა აღდგომისწინა დღეს დანიშნა. ჰოდა, “მსოფლიო სპორტი” მარტვილს “ერთბაშად ორი კურდღლის დასაჭერად” ეწვია.
რუბრიკის სტუმარმა საკუთარ კარ-მიდამოში გვისტუმრა, სადაც დღემდე შემონახული საკუთარი ისტორიის შთამომავლობისთვის ღირსეულად გადაცემაზე მზრუნველი ადამიანების ხელი ყველაფერს ეტყობოდა.
- ბატონო ფრიდონ, ჩვენი რუბრიკის მიზანი ქართულ ფეხბურთში ფულის მხარჯველი ადამიანების მკითხველისთვის უკეთ გაცნობაა.
- დავიბადე მარტვილში, 1946 წლის 5 იანვარს. 1964-1969 წლებში ლენინგრადის კავშირგაბმულობის ინსტიტუტში ვსწავლობდი, რომლის დამთავრების შემდეგ ჯერ ლენინგრადში, მერე კი მოსკოვში, სხვადასხვა თანამდებობებზე ვმუშაობდი. 1984 წელს დავბრუნდი საქართველოში, სადაც კავშირგაბმულობის ინსტიტუტის ჯერ მთავარი ინჟინერი, ბოლოს დირექტორი ვიყავი.
1992-1998 წლებში გახლდით კავშირგაბმულობის მინისტრი, 2000-2003 წლებში კი, საქართველოს პარლამენტის წევრი.
- 2003 წლიდან ბიზნესში ხართ. თქვენს სახელს “ჯეოსელს” უკავშირებდნენ...
- “ჯეოსელი” ჩემთვის ახლა არაფერია, მქონდა და უკვე სხვას აქვს. ახლა ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე.
- ჩვეულებრივმა მოქალაქემ, რომელსაც სურვილი ჰქონდა, გუნდისთვის ეპატრონა, თუ მაინც სხვისმა გავლენამ გადაგადგმევინათ ეს ნაბიჯი?
- მოვიდნენ ბიჭები და მთხოვეს, მარტვილის გუნდი დამეფინანსებინა. თუმცა, თავადაც მიყვარდა ფეხბურთი, ადრე ცოტას მეც ვთამაშობდი - ლენინგრადის ინსტიტუტში სწავლისას, მეკარე ვიყავი და სპორტს რომ გავყოლოდი, უფრო მეტი შედეგებისთვის შემეძლო მიმეღწია, მაგრამ გადავწყვიტე, იმ სპეციალობით გამეგრძელებინა სწავლა და მუშაობა, რომელიც უკვე შერჩეული მქონდა და არანაკლებ მიყვარდა, ვიდრე ფეხბურთი.
- ე.ი. გადამწყვეტი ფაქტორი თქვენი ყოფილი მეკარეობა იყო?
- ალბათ უფრო ის, რომ ამ რაიონმა ორჯერ ამირჩია მაჟორიტარ დეპუტატად და ჩემი გადასახედიდან აქაური ხალხი იმსახურებდა იმას, რომ გუნდი გამეკეთებინა და მესიამოვნებინა, გამემხნევინებინა და სიხარული მიმენიჭებინა ამ ფეხბურთით. კუთხე, სადაც მურთაზ ხურცილავა, დევიზ დარჯანია და კიდევ სხვა მრავალი კარგი დონის ფეხბურთელი გაიზარდა, იმსახურებდა იმას, რომ უმაღლესი ლიგის გუნდი ჰყოლოდა.
მინდა კარგად გამიგოთ - იმ ნაბიჯით, რომელიც საფეხბურთო კლუბი“მერანის” დაფინანსებით გადავდგი, მარტვილელებს ვასიამოვნე, გავახარე იმ ნდობისთვის, რაც მათ ჩემდამი გამოავლინეს. მარტო ის დღე რად ღირს, როცა ჩვენი გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდა - სიხარულის ცრემლების დანახვად ღირდა მთელი სიცოცხლე.
სხვა სფეროშიც არანაკლები მაქვს გაკეთებული და ძალიან ბევრჯერაც. ახლა შეიძლება კიდევ სხვა მიმართულების დაფინანსებას მოვკიდო ხელი და იქ მივაღწიო წარმატებას.
- როცა ამდენი გააკეთეთ, ალბათ განვითარების პერსპექტიული გეგმაც გექნებათ დასახული...
- ამას უკვე დიდი, სხვა მასშტაბის შესაძლებლობები სჭირდება, რომელიც მე არ გამაჩნია.
- სტადიონის გაკეთებასაც ვერ ახერხებთ?
- საიდან? ესაა სახელმწიფოსგან დაბეგრილი, ჩემი სახლიდან მოტანილი თანხა. ამიტომ, გარკვეული პერიოდი დაფიქრება დამჭირდება, როგორ გავაგრძელო შემდეგში “მერანთან” ჩემი ურთიერთობა.
- ე.ი. ამ ეტაპზე გაურკვევლობაში ხართ?
- ამ ეტაპზე მივაღწიე იმას, რისი მიღწევაც ჩემი ფინანსებით შეიძლებოდა. ამაზე მეტი პრაქტიკულად შეუძლებელია. ხედავთ, პირველ, მეორე, მესამე ადგილებზე რომელი გუნდებია? მათ ვერაფრით შევეჯიბრები და გითხრათ სიმართლე, არც მინდა ასეთი შეჯიბრი.
- ბატონო ფრიდონ, ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, როცა მატჩები უმეტესად სპორტული პრინციპით იმართებოდა, თქვენი გუნდი სხვაზე არანაკლებ შედეგს აჩვენებდა. რატომ ასეთი უიმედობა?
- სწორედ ეს დავამტკიცეთ, რომ სხვასთან შედარებით, მინიმალური დანახარჯებით, ოღონდ კარგი დისციპლინით, მაგარი მწვრთნელებით და ჩვეულებრივი ფეხბურთელებით, თურმე იმის მიღწევა შეიძლება, რაც “მერანმა” გააკეთა.
- მაგრამ იგივე მაყურებელს, რომელსაც უმაღლეს ლიგაში გუნდის გადაყვანით ასეთი სიამოვნება მიანიჭეთ, სურს, რომ გუნდის წინსვლა გაგრძელდეს...
- კი სურთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მათ უკვე მივანიჭე სიხარული. ეს კი, ჩემი ფინანსებით მუდმივად ვერ გაგრძელდება.
- შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა რომ იყოს სპორტში ინვესტიციების მოსაზიდად, ალბათ “მერანის” სამომავლო დაფინანსების საქმეში უფრო მეტი ოპტიმიზმი გექნებოდათ...
- რა თქმა უნდა, ბევრი რამ დასახვეწია, მაგრამ ამაზე საუბარი არ მსურს. რა მოქმედი კანონმდებლობაცაა ქვეყანაში, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც გვაქვს. თუ ვინმეს უნდა, მეტი შედეგი აჩვენოს, მან იზრუნოს საკანონმდებლო ბაზის შეცვლაზე. მე ის თამაშის წესები მივიღე, რაც ამჟამადაა და ვამბობ, რომ ჩემი ფინანსებით მეტის მიღწევა შეუძლებელია.
- თქვენს კოლეგებთან, ვგულისხმობთ კლუბის მეპატრონეებს, თუ გიმსჯელიათ იმ პრინციპების შეცვლაზე, რამაც შესაძლოა ინვესტორს ქართულ ფეხბურთში მეტი თანხის მობილიზებისაკენ უბიძგოს? საერთოდ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ პრეზიდენტებთან?
- ნორმალური დამოკიდებულება გვაქვს – გამარჯობა-გაგიმარჯოს.
- არადა, რა იმედით მოვდიოდით თქვენთან შესახვედრად... იმის გათვალისწინებით, რომ პლეი ოფის I წრის 7-დან 6 მატჩი სტუმრად ითამაშეთ, გვეგონა, მარტვილში ახალი სტადიონის მშენებლობა იგეგმებოდა, ადგილზე ნანახი სურათი კი სულ სხვაა. თან, როგორც თქვით, გეგმაშიც არ გაქვთ ასეთი რამის გაკეთება...
- დღეს, ხვალ და სანამ გაგვიძლებს ეს მინდორი, ვითამაშებთ. მე პირადად მარტვილში სტადიონს ამაზე უკეთ ვერ მოვაწყობ.
რამე რომ გააკეთო, შემოსავალი ხომ უნდა გქონდეს იმ საქმიდან? ერთი ფეხბურთელი არ გამიყიდია, რათა რენტაბელობაზე ფიქრი დაიწყოს კაცმა. ჩემთვის ფეხბურთი ბიზნესი არაა. თუ ვინმეს უნდა ბიზნესისთვის, მოკიდოს ხელი “მერანს” და დააფინანსოს - ხელს არ შევუშლი.
- რაღაცის თქმა გსურთ, მაგრამ გატყობთ, თავს იკავებთ...
- აზრი არ აქვს... გუნდებს ცოტა მეტი სტიმული თუ ექნებათ, შესაძლოა, ჩემნაირი სხვაც გამოჩნდეს და საკუთარ სახლში წასაღები ფული ფეხბურთში დახარჯოს. პირველი ლიგიდან რომ გადმოვედით, რაღაც თანხა რომ მოეცათ, ცუდი არ იქნებოდა; ველოდი, რომ საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრისთვის მაინც დაგვასაჩუქრებდნენ. არც ის, არც ეს...
- აშკარაა, არ ხართ ის კაცი, ვინც “ზემოდან”, თუნდაც ფედერაციიდან თხოვნით ან დავალებით აფინანსებს უმაღლესი ლიგის გუნდს...
- რა თქმა უნდა. ვიდრე ფედერაციის ეს ხელმძღვანელობა მოვიდოდა, “მერანს” უკვე 3-ჯერ ჰქონდა პირველ ლიგაში მე-3 ადგილი დაკავებული. გუნდს 2006 წელს მოვკიდე ხელი და რომ იტყვიან, ნულიდან მივაღწიეთ იმას, რასაც მივაღწიეთ. ასე რომ, ვინმესგან დაძალება, აბა, დააფინანსე და უპატრონეო, არ ყოფილა. მინდოდა, ჩემი ხალხისთვის, ვინც მე ამირჩია დეპუტატად, მესიამოვნებინა და ეს გავაკეთე. მორჩა.
- მოდი, ფეხბურთიდან ისევ თქვენს წარსულს დავუბრუნდეთ. თქვენი საოჯახო წარმოების ლიქიორს საგვარეულო გერბი ამშვენებს. იქნებ მისი შექმნის ისტორიაზე მოგვითხროთ.
- ვფიქრობ, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს თქვენი მკითხველისთვის. ბაბუაჩემის ბაბუამ თავი ბატონყმობიდან მანამდე გამოისყიდა, ვიდრე ეს 1864 წელს, რუსეთის მეფის ბრძანებით მოხდებოდა. ამიტომ ის თურმე ყოველთვის ამაყად იძახდა - ჩვენ მეფისგან ბოძებული კი არა, ჩვენი სახსრებით მოპოვებული თავისუფლება გვაქვსო. ფაღავებისგან, ვისგანაც დაიხსნა ჩემმა წინაპარმა თავი, 1880 წელს კარგა გვარიანი ფართობის მიწები უყიდია.
ბაბუაჩემს ცხენების ჯოგი ჰყავდა, მატყლსა და ჯაგარს ამუშავებდა და ყიდდა. საკონდიტრო წარმოება ჰქონდა ისეთი, ერთ შეტანაზე 2 ტონა ცომი რომ იზილებოდა. 8 შვილი ჰყავდა და მათგან ერთ-ერთი მამაჩემი იყო.
იგი ჯერ 1921 წელს გააკულაკეს, მერე - 1924-ში. მამაჩემი იმ დროს 10 წლის იყო და მშვენივრად ახსოვს, როგორ წაიღეს ბოლშევიკებმა პატარა ტომრებით ოქრო. რადგან საკუთარი ნებით ჩააბარა ყველაფერი ბაბუაჩემმა, დახვრეტას ამიტომ გადაურჩა. ესაა, რომ მისი რვავე შვილი “შავ სიაში” მოხვდა. ეს კი უმაღლესი განათლების მიღებას კრძალავდა. მამაჩემმა ეს მხოლოდ ჯარის შემდეგ მოახერხა, როცა სტალინი უკვე გარდაცვლილი იყო.
ჩვენს საგვარეულო გერბზე გამოსახული გვირგვინი არც აზნაურობაზე მიანიშნებს და არც თავადობაზე - ისაა რაინდული. რაინდმა, ე.ი. ჩემმა წინაპარმა, ძალაუფლება იმ ოქროების მეშვეობით მოიპოვა, რომლებიც იქვეა გამოსახული. ქვემოთ დატანილი 4 ჯვარი 4 ძირითადი სახარების აღმნიშვნელია.
დიდი ბაბუის გვარი 1880 წელს იყო ინჯილია. მერე გახდნენ ინჯგიები, ახლა ვართ ინჯიები. “ინჯილი” სახარებას ნიშნავს, თქმულებით კი, ინჯილია ქრისტეს მიმდევარ ხალხს ნიშნავდა.
ზემოთ წერია “დალოცვილია”. იქვეა ჩემი დევიზი “მოყვასის სიყვარული მომავალს გაყვარებს”. სწორედ ამ დევიზით ვცდილობ ვიცხოვრო და ჩემს შთამომავლებსაც მის ერთგულებას ვაჩვევ.
ფრიდონ კერვალიშვილი