ფეხბურთი

12:44 | 19.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფრენკ ლამპარდი: “ჩელსისთვის” უმთავრესი ტურნირი პრემიერლიგაა”

 ფრენკ ლამპარდი აღმოსავლეთლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და პროფესიული კარიერა “აპტონ პარკზე” დაიწყო, 2001 წლიდან კი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში, “სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგდა და “ჩელსისთან” ერთად ბევრ წარმატებასაც მიაღწია. გასულ კვირას ლამპარდმა მეორასე გოლი გაიტანა “არისტოკრატთა” შორის გამოსვლისას და მალე 600-ე ოფიციალურ მატჩსაც ჩაატარებს სტემფორდბრიჯელთა შემადგენლობაში.

 

- რა განწყობა დაგეუფლათ, როდესაც “ჩელსის” რიგებში გამოსვლისას 200 გოლის ზღვარს მიაღწიეთ?

- როდესაც “სტემფორდ ბრიჯზე” მიმიწვიეს, საოცრად გახარებული და სიამაყის გრძნობით აღსავსე გახლდით. მაშინ იმითაც ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი, “არისტოკრატთა” რიგებში 200 მატჩი რომ ჩამეტარებინა და ამ რაოდენობის გოლის გატანაზე არცკი ვოცნებობდი. მოხარული ვარ, “ჩელსის” ისტორიის ნაწილი რომ გავხდი.

- ეს მართლაც ასეა. კლუბის ისტორიაში ბობი ტემბლიმგის შემდეგ მეორე ფეხბურთელი გახდით, რომელმაც “ჩელსის” მაისურით ასპარეზობისას 200 გოლი გაიტანეთ. რა როლი ეკისრება თქვენ წარმატებაში კლუბის გულშემატკივრებს?

- ჩვენი ერთგული ფანების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ და ვცდილობ, მათი სიყვარული და დაფასება კარგი თამაშით უკანვე დავუბრუნო. ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ საიუბილეო ბურთი “სტემფორდ ბრიჯზე” რომ შევაგდე. გულშემატკივრებთან ერთად ბევრი რამ გავიარეთ. წარმატება და სასიხარულო მომენტებიც ბლომად გვქონდა და გულდასაწყვეტი ეპიზოდებიც, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ერთიანები ვართ და “ჩელსისადმი” უსაზღვრო ერთგულება გვაკავშირებს.

- თქვენ მშობლიურ კლუბ “ვესტ ჰემთან” დაპირისპირება შედეგითაც მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მოგების შემდეგ “ჩელსიმ” “ტოტენჰემ ჰოთსპურზს” გაასწრო და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილამდე აღზევდა...

- გეთანხმებით. ჩემთვის ყოველთვის უმთავრესი საკლუბო ინტერესი იყო. ამ მხრივ ბოლო პერიოდში სასაყვედურო და ბედისადმი სამდურავი არაფერი გვაქვს. ევროპის ლიგის მეოთხედფინალში გავედით და მანჩესტერის “ოლდ ტრაფორდზე” ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასზე ფრე ვითამაშეთ. თავდაპირველად “იუნაიტედთან” 0:2-ს ვაგებდით, მაგრამ ოსტატობასთან ერთად, ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინეთ და პრინციპულ შეხვედრაში სასურველ შედეგს მივაღწიეთ.

- არანაკლებ საპასუხისმგებლო მატჩების ჩატარება მოგიწევთ უახლოეს მომავალში...

- გუნდი კარგ ფორმაშია და ცუდია, სანაკრებო მატჩების გამო პაუზა რომ გვექნება. პრემიერლიგაში მომდევნო შეხვედრა “საუთჰემპტონთან” გასვლაზე გველის. ამ მატჩსა და მომდევნოში “სანდერლენდთან” მხოლოდ მოსაგებად ვიზრუნებთ, აპრილის შუა რიცხვებში კი ზედიზედ 2 მეტად პრინციპული ასპარეზობის ჩატარება მოგვიწევს უშუალო კონკურენტებთან. ჯერ “ტოტენჰემს” ვუმასპინძლებთ, შემდეგ კი “ენფილდზე” “ლივერპულთან” მოგვიწევს პაექრობა. ბევრი რამ სწორედ ამ მატჩების შემდეგ გაირკვევა.

- სეზონის დასკვნით და გადამწყვეტ ეტაპზე “ჩელსის” ერთბაშად 3 ფრონტზე მოუწევს გამოსვლა. როგორ გგონიათ, გუნდის ფეხბურთელები ფიზიკურად მზად არიან რთული გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად?

- ვფიქრობ, დიდი ამოცანების გადასაჭრელად “ჩელსის” სადღეისოდ საკმარისი რესურსი გააჩნია. ლამის ყოველი მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტია და არაფერს დავიშურებთ გულშემატკივრების გასახარებლად.

- პირადად თქვენ გაუძლებთ მჭიდრო და დაძაბულ საასპარეზო გრაფიკს?

- თავს სწორედ მაშინ ვგრძნობ კარგად, როდესაც რეგულარულად ვთამაშობ. რაფა ბენიტესი მაღალი დონის სპეციალისტია და კარგად იცის, როგორ უნდა მოამზადოს სათანადოდ ფეხბურთელი მნიშვნელოვანი მატჩის წინ.

- “ჩელსის” უმთავრეს საამსეზონო მიზანს ხომ ვერ დაგვიკონკრეტებდით?

- ევროპის ლიგასა და ინგლისის თასზე ბოლომდე დავიხარჯებით, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ “ჩელსისთვის” უმთავრესი ტურნირი მაინც პრემიერლიგაა. აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ ჩემპიონთა ლიგის საგზური. ყველა შემთხვევაში, ურთულესი და მომქანცველი სეზონის მიწურული გველის. ვფიქრობ, “ჩელსი” საწადელს მიაღწევს.

- უკვე 12 წელია “ჩელსის” წევრი ხართ. ამ ხნის განმავლობაში თქვენი საყვარელი პარტნიორები რომელი ფეხბურთელები გახდნენ?

- ბევრი აწ უკვე ლეგენდარული ფეხბურთელის გვერდიგვერდ მითამაშია, რომელთაგან ჯანფრანკო ძოლას გამოვარჩევდი. მას მინდვრის უმცირეს მონაკვეთზე შეეძლო თავბრუს დახვევა ერთდროულად მოწინააღმდეგის რამდენიმე მცველისთვის. გასაოცარია ძოლას მტკიცე ხასიათი, აუღელვებელი ასპარეზობა, სისწრაფე, ოსტატობით კი აპენინელი მსოფლიოს წამყვან ფეხბურთელთა რიგში ყოველთვის იდგა. “ჩელსის” ამჟამინდელ მოთამაშეთაგან ედენ აზარის გამოვარჩევდი. იგი 22 წლისაა და საფეხბურთო სამყარო აზარის კიდევ უფრო კარგად გაიცნობს. ედენი ძოლას მაგონებს და მას ასეთსავე ხანგრძლივ და ნაყოფიერ კარიერას ვუსურვებ.

0.12052