მატჩის შემდეგ, “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა აღიარა, რომ ფრე მისი გუნდისთვის მოგების ტოლფასი იყო. ჩეხი სპეციალისტი გულწრფელობა მისასალმებელია, რადგან შექმნილი საგოლე მომენტების მხრივ “მეტალურგი” გამარჯვებასთან გაცილებით ახლოს იდგა. მეტიც, სტუმრებს რეალურად რუსთაველთა კარის აღების შანსი არც ჰქონიათ.
8-დღიან შუალედში, ჩემპიონატსა და თასზე “დინამომ” მე-3 თამაში ჩაატარა და გუნდს დაღლა ეტყობოდა. გარდა ამისა, თბილისელებს ტრავმირებული ჩისკო აკლდათ, ხოლო “დინამოელთა” კიდევ ერთ ლიდერს გიორგი მერებაშვილს მცირე ტრავმა ჰქონდა და მხოლოდ ბოლო 25 წუთი გაისარჯა. უჰრინმა ისიც აღნიშნა, რომ მის გუნდს “ფოლადის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში ტრადიციულად უჭირს.
მატჩის დაწყებიდან მცირე დრო იყო გასული, რომ ირაკლი ძარიას წამოწყებული შეტევა დორინ გოგამ გააგრძელა, რომლის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ჯაბა დვალმა მარცხენა მახვილი კუთხიდან ზუსტად ვერ ჩააწოდა, თუმცა ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
მოკლე ხანში, გოგი ფიფიამ ოსტატური პასით ბურთი რუსთაველთა მცველს თავს ზემოთ გადაუგდო და მეტოქის საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ბერიაშვილი გაიყვანა, რომლის “ცაციამაც” არ ივარგა.
მე-11 წუთზე, დორინ გოგამ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, ბურთი მოწინააღმდეგის კართან ჩაჰკიდა, სადაც ყველას გივი კვარაცხელიამ აჯობა და მის მიერ თავით დარტყმული გრიგოლ ბედიაშვილმა გაანეიტრალა.
მე-16 წუთზე, “დინამოს” საჯარიმოში მყოფმა ბერიშვილმა ძალიან გამოზომილი გადაცემით გიორგი ლორიას შეატოვა გოგი ფიფია, რომელსაც ოდნავ კუთხეში რომ დაერტყა ანგარიში გაიხსნებოდა, მაგრამ სტუმართა მეკარეს ბურთი ვერ ააცილა.
23-ე წუთზე, ფიფიამ “დინამოს” საჯარიმოში გვერდი კვარაცხელიას აუარა და შორეულ კუთხეში დაარტყა, ხოლო ლორიამ ბურთი ხელებში მეორე ცდით დააფიქსირა.
25-ე წუთზე, უსტარიცმა თავის ნახევარზე ბურთი უწყინარ სიტუაციაში დაკარგა და სტუმართა საჯარიმოში შეჭრილი ბერიაშვილი კვარაცხელიასთან ორთაბრძოლაში წაიქცა, თუმცა რუსთაველთა მოთხოვნის მიუხედავად, მსაჯმა ლაშა სილაგავამ პენალტი არ დანიშნა.
36-ე წუთზე, რევაზ გეწაძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, ბურთი “დინამოს” კართან ჩააწოდა, სადაც გამოსვლაზე ლორიამ არადამაჯერებლად ითამაშა, რადგან უსტარიცმა შეუშალა ხელი, ბერიაშვილმა კი, კარგი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, მარცხნიდან გეწაძემ კუთხური მოაწოდა და სერგი ორბელაძემ თავით უზუსტოდ დაარტყა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, რომ ლაშა ჯაფარიძემ ბურთი საჯარიმოდან ცუდად “ამოიტანა” და ვუომ შეუჩერებლად ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, ბერიაშვილი ორ თბილისელს გასცდა და საჯარიმოს გარედან “გაისროლა” – ლორიამ ბურთი გაჭირვებით მოიგერია, ხოლო გეწაძეს, რომელიც დამატებას ცდილობდა, დავით ხურცილავამ დაასწრო.
56-ე წუთზე, გოგამ შეტევის მარცხენა ფრთაზე ბურთი ორბელაძეს თავს ზემოთ გადაუგდო და მახვილი კუთხიდან ჩაწოდების ნაცვლად კარში სახიფათო დარტყმა გამოუვიდა – ბედიაშვილმა რუმინელ ლეგიონერს არ გაატანინა.
65-ე წუთზე, მარჯვნიდან ელგუჯა გრიგალაშვილის პასის მერე, ვუო დასწრებაზე ბურთს ვერ მისწვდა და ვერც შორეულ ძელთან მყოფმა ლევან ხმალაძემ დაარტყა.
68-ე წუთზე, მარცხნიდან მერებაშვილმა კუთხური შეასრულა და ბედიაშვილი კარიდან ცუდად გამოვიდა, რითაც უსტარიცმა ვერ ისარგებლა და თავით მიზანს ააცილა. 71-ე წუთზე, დავით კირკიტაძემ კარგად შეაყოლა ბურთი “დინამოს” საჯარიმოში გახსნილ ბერიაშვილს, რომლის დარტყმულს ფეხებში ვარდნით უსტარიცი გადაეფარა. საპასუხო იერიშის დროს, “მეტალურგის” საჯარიმოში ბურთი მერებაშვილმა მიიღო და ბედიაშვილს ახლო კუთხეში დაურტყა, მაგრამ “მეტალურგის” მეკარე ამისთვის მომზადებული აღმოჩნდა.
85-ე წუთზე, გიორგი ქავთარაძემ “დინამოს” საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა – ლორიას ბურთი ხელიდან გაუვარდა, თუმცა უმალვე მოახერხა მისი დაჭერა.
90-ე წუთზე, არბიტრმა ხელით თამაში დააფიქსირა გიორგი გავაშელიშვილზე, რომელიც მანამდე უხეშობისთვის გააფრთხილეს და “მეტალურგის” ცენტრალურ მცველს მეორე “ყვითელი” აჩვენა, რომელიც ავტომატურად “წითელში” გადაიზარდა. გავაშელიშვილი მომხდარმა ძალიან გააცხარა და ჯერ ხელი ჰკრა სილაგავას, ხოლო შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საბოლოოდ, მსაჯს თანაგუნდელებმა გაარიდეს.
დუშან უჰრინი: “თავიდანვე ვიცოდი, რომ რთული მატჩი იქნებოდა. “მეტალურგის” მიერ ჩატარებული ბოლო თამაში ვნახე. ეს მოედნის საფარი ჩვენთვის მეტად უჩვეულოა. მასზე თამაში არ მიყვარს. ბოლოს, აქ რომ “მეტალურგთან” ვითამაშეთ 1:2 წავაგეთ. სიმართლე უნდა ითქვას, რომ კარგად არ გვითამაშია. ეს ერთი ქულა მოგების ტოლფასია. მერებაშვილს მცირე ტრავმა ჰქონდა და სასტარტოში ამიტომ არ იყო. “ზესტაფონთან” “ფორმაში” იქნება”.
გელა სანაია: “ამ მოედანზე თამაში არც ჩვენ გვიყვარს, რადგან ბუნებრივი საფარი უკეთესია. 3 ქულის აღებას ვიმსახურებდით, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ასეთი თამაში წინსვლის საწინდარია. მსაჯებზე კომენტარის გაკეთება ძნელია, მაგრამ უკეთეს მსაჯობას ვიმსახურებდით”.
მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 0:0
3 ნოემბერი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.
მეტალურგი: ბედიაშვილი, მახვილაძე (კ), ჯაფარიძე, ორბელაძე, გავაშელიშვილი, კირკიტაძე (დავით საჯაია, 90+1), გეწაძე, რაზმაძე, გურამ გურეშიძე, ბერიაშვილი (ტუღუში, 75), ფიფია (ქავთარაძე, 82).
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.
დინამო: ლორია, უსტარიცი, გივი კვარაცხელია, ხმალაძე (კ), კვირკველია, ხურცილავა, ელგუჯა გრიგალაშვილი (გლიშიჩი, 90), ძარია, გოგა, დვალი (ხოჭოლავა, 84), ვუო (მერებაშვილი, 66).
მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი (ჩეხეთი).
გაფრთხილება: ძარია (43), ჯაფარიძე (76), გავაშელიშვილი (86), გავაშელიშვილი (90).
გაძევება: გავაშელიშვილი (90).
მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა.
დილა (გორი) – მერანი (მარტვილი) 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ირაკლი მოდებაძე (11), 2:0 დავით ბოლქვაძე (პენ 31), 3:0 ირაკლი მოდებაძე (პენ, 95)
სპარტაკი (ცხინვალი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:1 (0:0)
გოლები: 1:0 ლაშა ჩაფიძე (52), 2:0 თორნიკე თუხარელი (53), 2:1 ნიკოლოზ მაისურაძე (68), 3:1 კონსტანტინე ხიზანეიშვილი (88)
გაძევება: გიორგი მჭედლიშვილი (75, “ვიტ ჯორჯია”)
გურია (ლანჩხუთი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ვილი ისიანი (84)
გაძევება: გიორგი პაჭკორია (59, “ზუგდიდი”)
ზესტაფონი – სიონი (ბოლნისი) 0:0
ტორპედო (ქუთაისი) – ჩიხურა (საჩხერე)
4 ნოემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00
დისკვალიფიცირებულები არ არიან
მსაჯები: ჯ. ხორავა, ი. უკლება, ზ. ბერულავა, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)
1 | დინამო (თბ) | 11 | 8 | 2 | 1 | 27:9 | 26 |
2 | ჩიხურა | 10 | 6 | 1 | 3 | 23:18 | 19 |
3 | ტორპედო | 10 | 5 | 4 | 1 | 15:17 | 19 |
4 | გურია | 11 | 6 | 0 | 5 | 11:14 | 18 |
5 | დილა | 11 | 5 | 3 | 3 | 16:11 | 18 |
6 | მეტალურგი | 11 | 5 | 3 | 3 | 16:15 | 18 |
7 | ზესტაფონი | 11 | 4 | 3 | 4 | 12:8 | 15 |
8 | მერანი | 11 | 4 | 0 | 7 | 12:25 | 12 |
9 | ვიტ ჯორჯია | 11 | 3 | 3 | 5 | 15:17 | 12 |
10 | სიონი | 11 | 2 | 4 | 5 | 11:15 | 10 |
11 | სპარტაკი | 11 | 2 | 1 | 8 | 8:16 | 7 |
12 | ზუგდიდი | 11 | 1 | 4 | 6 | 5:16 | 7 |
მეგოლეები:
9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)
7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)
6 – დორინ გოგა (“დინამო”)
5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)
4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ვილი ისიანი (“გურია”),
3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა