ფრანკო კაუზიო ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივარს კარგად ახსოვს. “ბარონად” წოდებული მარცხენა ვინგერი მსოფლიოს სამი ჩემპიონატის (1974, 1978, 1982) მონაწილეა და ესპანეთის მუნდიალზე ჩემპიონის წოდება დაიმსახურა. საკლუბო კარიერას რაც შეეხება, კაუზიო 1970-81 წლებში ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას იცავდა და “ბებერი სინიორას” რიგებში ექვსჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. შემდეგ იყო “უდინეზეს” პერიოდი, რომლის რიგებშიც ”ბარონი” ზიკოსთან ერთად წარმატებით თამაშობდა. “შახტარისა” და “იუვენტუსის” დღევანდელი მატჩის წინ Radio Marte-ს კორესპონდენტი ფრანკო კაუზიოს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩამოართვა.
- როგორ მატჩს ელით?
- “შახტარი” ძალიან რთულად დასაძლევი მოწინააღმდეგეა, რომელსაც საკუთარი თამაშის თავს მოხვევა მეტოქისთვისაც შეუძლია. ყველაფრის მიუხედავად, “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავა.
- ფრე ორივე გუნდს ხელს აძლევს. აქედან გამომდინარე, საყაიმო შედეგია მოსალოდნელი?
- არ მგონია, შეხვედრა ისეთი ანგარიშით დასრულდეს, რომელიც “შახტარსაც” აწყობს და “იუვენტუსსაც”. ვფიქრობ, ორივე გუნდი მოგებისთვის იბრძოლებს. ფრეზე თამაშის შემთხვევაში დონეცკელთა და ტურინელთა რეპუტაციას ზიანი მიადგება.
- თქვენი აზრით, რა სათამაშო სტილი უნდა აირჩიოს “იუვეს” სამწვრთნელო შტაბმა?
- “იუვენტუსს” წარმატებას მხოლოდ “თავისი” თამაშისადმი ერთგულება მოუტანს. ბიჭები მთელი მატჩის განმავლობაში მობილიზებულები უნდა იყვნენ და ყოველი ბურთისთვის თავდაუზოგავად იბრძოლონ. “იუვემ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მსვლელობისას თამაშს თანდათან უმატა და იმედია, დონეცკში შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს.
- ჯგუფურ ეტაპზე დაკავებულ პირველ და მეორე ადგილს განსხვავებას ანიჭებთ? მთავარი ხომ მომდევნო ეტაპზე გასვლაა?
- გარდა პრესტიჟისა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური სტადიის მოგებას პრაქტიკული მნიშვნელობაც ენიჭება. პირველადგილოსანი ხომ მერვედფინალში სხვა ჯგუფში მეორეზე გასულ გუნდს შეხვდება. ამასთან, პირველ ეტაპზე თითოეული მოგებისთვის კლუბი უეფასგან 600 ათას ევროს იღებს, ფისთვის კი მხოლოდ 200 ათასს. სხვაობა მართლაც დიდია.
- პლეი ოფის მატჩები გულშემატკივართა გაცილებით უფრო მოჭარბებულ ინტერესს იწვევს...
- სხვა მომენტებთან ერთად, ეს საკლუბო ბიუჯეტის შევსების საუკეთესო საშუალებაა. პლეი ოფში შედარებით სუსტი მეტოქე არაა და სტადიონის სალაროში დილით გატანილი ბილეთების უდიდესი ნაწილი საღამოსთვის უკვე რეალიზებულია. და ეს მიუხედავად იმისა, ბილეთის ფასი საკმაოდ ძვირი რომაა. ეკონომიკური კრიზისი საფეხბურთო მატჩების დასწრებაზეც უარყოფითად აისახა. მაგალითისთვის, “ნორსიელანთან” შეხვედრა ავიღოთ. ტრიბუნები ნახევრად ცარიელი იყო. პლეი ოფში ამგვარი რამ გამორიცხულია.
- სერია A–ზეც ვისაუბროთ. “იუვენტუსი” პირველობისთვის იბრძვის. მის მთავარ კონკურენტად რომელ გუნდს მიიჩნევთ?
- “ნაპოლის”. უდიდესი ინტერესით ველოდები მომავალ კვირას მილანის “სან სიროზე” ჩასატარებელ მატჩს. “ინტერი” ნეაპოლელებს უმასპინძლებს და ორივე გუნდისთვის შეხვედრას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. “ნაპოლი” მაღალ დონეზე თამაშობენ, მათ რიგებში კი ედინსონ კავანი ბრწყინავს. ჩემი აზრით, სადღეისოდ ურუგვაელი თავდამსხმელი თავის პოზიციაზე საუკეთესოა. სამხრეთელთა გუნდიდან მარეკ ჰამშიკსა და გეკჰან ინლერსაც გამოვარჩევდი.
გოჩა კაჭარავა