ინტერვიუები

10:52 | 16.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ როსტი: “საკუთარი თავი კარგ მეკარედ მიმაჩნია”

ცოტა ხნის წინ, 36 წლის მეკარემ, ფრანკ როსტმა გერმანულ “ჰამბურგთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ვეტერანმა კარის დარაჯმა კლუბის ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა.
- კლუბთან კონტრაქტი 2011 წლამდე გაახანგრძლივეთ. გახარებული ხართ?
- ყოველთვის ვამბობდი, რომ “ჰამბურგში” თამაშით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, კონტრაქტის გახანგრძლივებით კმაყოფილი ვარ.
- უკვე სამი წელია “ჰამბურგში” ასპარეზობთ. შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს ადგილი თქვენს სახლად იქცა?
 -დიახ, ამის თქმა შემიძლია. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვთამაშობ კლუბში, სადაც ფეხბურთლებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. ვინ იცის, შესაძლოა უახლოეს დროში ტიტულის მოგებაც მოვახერხოთ.
- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ტიტულები?
- რა თქმა უნდა, ნებისმიერ სპორტსმენს სურს გამარჯვებების მოპოვება. გამონაკლისი არც მე ვარ. “ჰამბურგს” ბუნდესლიგის მოსაგებად კარგი შანსი აქვს. ამჟამად მე-4 ადგილზე ვიმყოფებით და ლიდერს 4 ქულით ჩამოვრჩებით. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ თურქეთში კარგი შეკრება გვქონდა.
- “ჰამბურგში” გატარებული დროიდან რომელი ეპიზოდები დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
- ამ სამი წლის განმავლობაში არაერთი რამ მოხდა. არასდროს დამავიწყდება, თუ როგორ მოვხვდით ცხრილის ბოლო ადგილიდან ევროტურნირების ზონაში. ასევე იყო უსიამოვნო მომენტებიც. მაგალითად, გასული სეზონის გერმანიის თასის ნახევარფინალი.
- როგორ აფასებთ საკუთარ როლს გუნდში?
- პირველ რიგში, თავი კარგ მეკარედ მიმაჩნია. გუნდში ერთმანეთთან შერწყმული უნდა იყოს გამოცდილება და ახალგაზრდობა. ჩვენთან სწორედ ასეა. მოხარული ვარ, რომ შემიძლია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ჩემი გამოცდილების გაზიარება.
- კონტრაქტზე ხელმოწერის დროს უარი განაცხადეთ პუნქტზე, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ კლუბში მუშაობის უფლებას გაძლევდათ. რატომ მოიქეცით ასე?
- კლუბთან კონტრაქტი კიდევ წელიწადნახევრის განმავლობაში მაკავშირებს და ჯერ არ ვაპირებ შორსმიმავალი გეგმების დასახვას. შესაძლოა ახლა მინდოდეს კლუბში დარჩენა, მაგრამ ვინ იცის რა მოხდება კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ? სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ამ გადაწყვეტილებისგან დროებით თავის შეკავება.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა
 

0.115215