ინტერვიუები

15:14 | 12.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ რიბერი: “მომავალ წელს ამ შემადგენლობით ჩემპიონები გავხდებით”

მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე, გუნდის წამყვან ფეხბურთელებს შეხვდა და მათთან ერთად სეზონის საფინალო მონაკვეთზე გუნდის გამოსვლის პერსპექტივა განიხილა. რუმენიგემ ფრანკ რიბერისთან, არიენ რობენთან, ფილიპ ლამსა და ბასტიან შვაინშტაიგერთან თითო ჭიქა ყავა “ესპრესო” მიირთვა, შეხვედრიდან გამოსულ ბავარიელთა ფრანგ ლეგიონერს კი ინტერვიუ “ბილდის” კორესპონდენტმა ჩამოართვა.

- რა კომენტარს გააკეთებთ “ბაიერნის” დამრიგებლობიდან ლუის ვან გაალის დათხოვნაზე?
- ჰოლანდიელ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით რაც მოხდა, სადღეისოდ უკვე წარსულია. ვან გაალზე გუნდში არავინ ფიქრობს. ჩემი და ყველა ჩემი თანაგუნდელის ერთადერთი საფიქრალი, ბუნდესლიგის დარჩენილი მატჩებია. მომდევნო ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლ “ლევერკუზენს” აუცილებლად უნდა მოვუგოთ და ქულები არც ამის შემდეგ უნდა დავკარგოთ. “ბაიერნის” მიზანი, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და იმედია, ამას მოვახერხებთ.
- როგორ ჩაიარა რუმენიგესთან შეხვედრამ?
- საქმიანად. კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, ბუნდესლიგის ფინიშზე “ბაიერნის” პერსპექტივა განვიხილეთ.
- პირად მომავალზე თუ გქონდათ საუბარი? თუკი “ბაიერნმა” საჩემპიონთალიგო საგზური ვერ მოიპოვა, არ გვგონია, “ოლიმპიაშტადიონზე” დარჩენის სურვილი გქონდეთ...
- არა, ამ თემასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია. რადგანაც რუმენიგე არიენ რობენს, ბასტიან შვაინშტაიგერს, ფილიპ ლამსა და მე “ბაიერნის” საკვანძო მოთამაშეებად მიგვიჩნევს, ჩვენთან გასაუბრება გადაწყვიტა. მარტო ამ მომენტიდანაც ჩანს, მას ჩვენი გაშვება რომ არ სურს. გაგიმეორებთ, დიალოგის ძირითადი თემა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გახლდათ.  
- რობენმა დაუფარავად განაცხადა, რომ “ბაიერნში” დარჩენა ჯერ არ გადაუწყვიტავს...
- მისი დარჩენა ლამის 100 პროცენტითაა დამოკიდებული ჩემპიონთა ლიგის საგზურის დაუფლებაზე. არიენი უმაღლესი კლასის, ამბიციური ფეხბურთელია და მას ევროპის ლიგაში ასპარეზობა არ აკმაყოფილებს.
- თქვენ თუ დარჩებით “ბაიერნში”?
- სადღეისოდ, წასვლა-დარჩენაზე არ ვფიქრობ, “ბაიერნს” რთული საფინალო სპურტი ელის და ყოველმხრივ შევეცდები გუნდს უკლებლივ ყველა დარჩენილ მატჩში სამი ქულის აღებაში დავეხმარო.
- გულშემატკივრებს თქვენი ეს სიტყვები არ დააკმაყოფილებთ. ისინი ითხოვენ, რიბერი დაგვპირდეს, სამომავლოდაც “ბაიერნის” ერთგული რომ იქნებაო...
- კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი მაქვს ხელმოწერილი და ამ ვადის განმავლობაში “ბაიერნის” წინაშე საკუთარი საფეხბურთო მოვალეობის მოხდას პირნათლად შევეცდები. მიუნხენში თავს კარგად ვგრძნობ და ბავარიიდან აბარგებაზეც არ ვფიქრობ.
- პირადად თქვენ თუ ისურვებთ გუნდში რობენის დარჩენას?
- “ბაიერნისთვსი” უმნიშვნელოვანესია არა მარტო რობენის, არამედ შვაინშტაიგერისა და ლამის დარჩენაც.
- როგორ გგონიათ, მომავალი სეზონის წინ, “ბაიერნს” შემადგენლობის მოძლიერება დასჭირდება?
- ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომავალ წელს ამ შემადგენლობით ჩემპიონები გავხდებით!
- “ბაიერნის” გულშემატკივრები ული ჰიონესის წინააღმდეგ ილაშქრებენ. თქვენ რას ფიქრობთ “ბაიერნის” პრეზიდენტზე?
- ული ჰიონესი კლუბისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იგი მთლიანად, მთელი სულითა და გულით ჩართულია მუშაობაში და “ბაიერნის” საკეთილდღეოდ არაფერს იშურებს. ჰიონესს კარგად ვიცნობ და ისიც ვიცი, ქომაგების ამგვარ დამოკიდებულებას მტკივნეულად რომ განიცდის. გულშემატკივრები მას ზოგჯერ შეურაცხყოფასაც კი აყენებენ. ეს კი ჩემთვის არა მარტო გაუგებარი, მიუღებელიცაა.


გოჩა კაჭარავა

0.155468