ფრანკ რიბერის გადაბირების ახალი ტალღა წამოვიდა. ფრანგთა გარემარბის საკუთარ რიგებში ხილვის სერიოზული წადილი “ჩელსიმაც” გამოავლინა. “ბილდის” კორესპონდენტთან საუბრისას რიბერი პირდაპირ არ ამბობს, “ბაიერნში” 2010 წლის შემდეგ არ დავრჩებიო, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ფრანკი ბავარიულ გრანდთან ახალ კონტრაქტზე ხელს არ მოაწერს. ჩაიკითხეთ ინტერვიუ და არ გვგონია, არ დაგვეთანხმოთ.
- “ბაიერნის” მწვრთნელი, ხელმძღვანელობა, ფეხბურთელები, გულშემატკივრები თქვენს დაბრუნებას მოუთმენლად ელიან. კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ მათ ცდა?
- ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. ექიმებმა არ იცოდნენ, როგორ ემკურნალათ ჩემთვის. უამრავი კონსილიუმი შეიკრიბა და გამოცდილ დასტაქრებსაც კი უჭირდათ ოპტიმალური სამკურნალო მეთოდის შემუშავება. საბედნიეროდ ყველა სირთულე დაძლეულია. სადღეისოდ მასაჟისტ ჯანი ბიანკისა და ფიტნესის მწვრთნელ ვილჰელმ ტომასთან უკვე თვეა, რაც ვმეცადინეობ. თავსაც გაცილებით უკეთ ვგრძნობ.
- მაინც რას “მიაგნო” საკლუბო მასაჟისტმა, რასაც ექიმები ვერ მიხვდნენ?
- ბიანკიმ ყურადღება გაამახვილა ჩემს მარცხენა თეძოზე. სწორედ მან მირჩია ულტრახმოვანი ტალღებით მკურნალობა.
- გასინჯვაზე სტრასბურგში იყავით, სადაც ცნობილმა ტრავმატოლოგმა ქირურგიული ოპერაციის გაკეთება გირჩიათ, მაგრამ საკლუბო ექიმმა მიულერ-ვოლფარტმა ამის კატეგორიულად წინააღმდეგ გაილაშქრა...
- ფსიქოლოგიურად ურთულესი პერიოდი გავიარე. ტკივილი მაშინაც არ მეშვებოდა, როდესაც ავტომობილის საჭეს ვუჯექი. ამიტომაც კლუბისგან დაუკითხავად სტრასბურგში გავემგზავრე.
- “ბაიერნის” ქომაგები იმედოვნებდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, ტურინში, “იუვენტუსის” წინააღმდეგ ითამაშებდით...
- გუნდმა უჩემოდაც მშვენივრად გაართვა თავი რთულ ამოცანას. მე კი სარეაბილიტაციოდ კიდევ გარკვეული დრო მჭირდება.
- თავისუფალი დრო თუ გამოიყენეთ მიუნხენის უკეთ გასაცნობად?
- სამწუხაროდ, ვერა. ძალიან დიდი დრო მოვანდომე ექიმებთან სიარულს. ამასთან, დანტისტთანაც ვიმკურნალე. დღეგამოშვებით მიწევდა სტომატოლოგიურ კლინიკაში მისვლა.
- მართლაც რთული პერიოდი გაგივლიათ. ამ ხნის განმავლობაში მორალურად ვინ გამხნევებდათ?
- ული ჰიონესი, “ბაიერნის” პრეზიდენტი. იგი ისე მეპყრობოდა, როგორ საკუთარ ვაჟიშვილს. ამან დამატებითი ძალა და სტიმული შემძინა. ერთი ხანობა, საფეხბურთო მინდვრისკენ გახედვაც არ მინდოდა, ახლა თამაშის დაუოკებელი სურვილი მაქვს.
- ჰიონესმა ტეგერნზეეს ტბას¬თან მდებარე მის სახლში ხომ არ მიგიწვიათ?
- იქ რამდენჯერმე ვისადილეთ. ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე. ჰერ ული ყველაფერს აკეთებდა, ტრავმა რომ დამვიწყებოდა.
- “ბაიერნთან” მოქმედ კონტრაქტს ვადა 2011 წლის მაისში ეწურება. კლუბმა ოფიციალურად დადასტურა, რომ მომავალ წელს თქვენთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას შეეცდება. ამ თემაზე თუ გქონდათ საუბარი ჰიონესთან?
- არათუ პრეზიდენტს ვესაუბრე, ამ თემაზე ჯერჯერობით არც კი ვფიქრობ. ამჟამად ჩემი უმთავრესი ამოცანა საფეხბურთო მინდორზე დაბრუნებაა. მსურს ერთხელ და სამუდამოდ, არც მუხლი მაწუხებდეს და არც სხეულის სხვა ნაწილები.
- მაგრამ, ჰიონესმა, ალბათ, შეფარვით მაინც შემოგთავაზათ “ბაიერნთან” თანამშრომლობის გახანგრძლივება...
- ჩემს გადაწყვეტილებას იგი მაინც ვერ შემაცვლევინებს. ული დიდბუნოვანი ადამიანია, თბილი გულით და ყოველთვის ცდილობს, ადამიანებთან საერთო ენის გამონახვას. მისგან მზრუნველობას ვგრძნობ და ამ დროს, პრეზიდენტი არა მარტო “ბაიერნის” ინტერესს ითვალისწინებს, უპირველესად _ ჩემსას. მისთვის მნიშვნელოვანია იმგვარი გამოსავლის მიგნება, როცა მეც კმაყოფილი დავრჩები და “ბაიერნიც”.
- ლუის ვან გაალთან დამოკიდებულება გამოგისწორდათ?
- თავდაპირველად მე და ჰოლანდიელი ერთმანეთს მართლა ვერ ვუგებდით. სადღეისოდ კი საპირისპირო ვითარებაა.
- რას გვეტყოდით ვან გაალისა და ლუკა ტონის კონფლიქ¬ტზე? ყველაფერი მართლა ასე სერიოზულადაა?
- მე და ლუკა მეგობრები ვართ. ერთმანეთს კარგად მხოლოდ მინდორზე არ შევეწყვეთ, ამიტომაც გული მწყდება, ვან გაალი გუნდში მის ადგილს რომ ვერ ხედავს. არადა, ტონის მშვენიერი ურთიერთობა აქვს კლუბის ხელმძღვანელებთან და გუნდის გულშემატკივრებთან. არც ისაა დასავიწყი, იტალიელმა ფორვარდმა “ბაიერნის” რიგებში გამოსვლისას 50 გოლზე მეტი რომ გაიტანა. ძნელი სათქმელია, გავხდებოდით თუ არა გერმანიის ჩემპიონები ლუკას გარეშე.
- ფილიპ ლამი მკაცრად აკრიტიკებს “ბაიერნის” თამაშს. რა კომენტარს გაუკეთებთ მის გამონათქვამს?
- ძალიან რთული საკითხი და თემაა. ჩვენი გუნდი ძლიერია საიმისოდ, გერმანიის ჩემპიონობა და ეროვნული თასი რომ მოიგოს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფისა რა მოგახსენოთ. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტულის მოპოვების რეალური შანსი მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედს”, “ჩელსის”, “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” აქვს. სადღეისოდ ამ კვარტეტს “ბაიერნი” კონკურენციას ვერ გაუწევს.
- სპორტული ფორმის ფორსირებულად აკრება მოგიწევთ, რათა მსოფლიოს ჩემპიონატს ყოველმხრივ მზადყოფნაში შეხვდეთ. თქვენი აზრით, რომელი ნაკრებია მუნდიალის ფავორიტი?
- გერმანია, ბრაზილია, ესპანეთი.
- კი მაგრამ, საფრანგეთი?
- საფრანგეთიც.
- ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა ვნებათაღელვა ტიერი ანრის საქციელის გამო. მან საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე “ფეარ ფლეის” პრინციპის დარღვევით გაიყვანა...
- ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი რამ ითქვა. ვერ ვხედავ ჩემი კომენტარის აუცილებლობას.
- მართალია, თითქოს ზინედინ ზიდანი დაგიკავშირდათ და “რეალში” გადასვლა შეგთავა¬ზათ?
- ზიზუს მხოლოდ ჩემი ჯანმრთელობის ამბავი აინტერესებდა.
- ამბობენ, “ჩელსი” და “რეალი” თქვენს სანაცვლოდ “ბაი¬ერნს” დიდძალ თანხას სთავაზობენ...
- ამის თაობაზე მხოლოდ საგაზეთო პუბლიკაციებიდან ვიგებ.
- მატჩებზე 4 წლის ქალიშვილი ხიზიაც მოგყავთ. მას ძალიან მოწონს გოლის გატანის მომენტი და მაშინაც გახარებულია, როცა ბურთი “ბაიერნის” კარში ეხვევა...
- მას ყოველთვის ვეუბნები, მხარი წითელი მაისურით მორბენალ ბიძიებს დაუჭირე, ისინი მამიკოს მეგობრები არიან. ხიზია კი ხშირად მატჩს ბოლომდე თვალს ვერ ადევნებს და პირდაპირ ტრიბუნაზე იძინებს.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ