ლიტვაში გასამართ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ჯგუფში პირველ თამაშს საფრანგეთთან ჩაატარებს. უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში, ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა ფრანსის სმერეცკიმ განაცხადა, რომ ჯგუფში ფავორიტად თურქეთს მიიჩნევს და ნახევარფინალში გასვლას გეგმავს.
- ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შემდეგ, ლიტვაში გუნდი რა ამოცანებს ისახავს?
- ამოცანა-მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა. ასეთია ჩვენი მიზანი, მაგრამ კლუბებზე და საფრანგეთის ჩემპიონატის განახლებაზე ვართ დამოკიდებულები. კლუბების უმრავლესობამ სეზონისთვის მზადება 1 ივლისს დაიწყო და ეს ჩვენი მომზადების დროს ამცირებს.
- რომელიმე ფეხბურთელი თუ გაკლიათ, ვისი გუნდში ხილვაც გსურდათ?
- ჩვენთან ერთად კიურტ ზუმა არ არის. ის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება.
- ჯგუფში ყველაზე მეტად რომელი მეტოქის გეშინიათ – საქართველოსი, სერბეთის თუ თურქეთის?
- ამ გუნდების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. ისინი საქმეში არ გვინახავს. თუმცა, საკვალიფიკაციო ეტაპებზე ნაჩვენებ შედეგებსა და იმას, რაც მეტოქეებზე გაგვიგია, თუ გავითვალისწინებთ, ჯგუფის ფავორიტად თურქეთის ნაკრები შეიძლება ჩაითვალოს.
- გიხარიათ, რომ ჯგუფში ჰოლანდიასთან, ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად არ მოხვდით?
- მსგავს საკითხებს ყოველთვის ფრთხილად ვეპყრობი. მახსოვს, რომ 2010 წელს საფრანგეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიამ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. ზოგიერთმა გუნდმა იმ ფეხბურთელების შეკრება ვერ შეძლო, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობდნენ და ახალი საკლუბო სეზონის დაწყებამაც გრანდებს მომზადებაში ხელი გვარიანად შეუშალა. ფინალურ ეტაპზე, ნებისმიერი ნაკრების შემადგენლობა და სათამაშო ფორმა ხშირად განსხვავდება იმისგან, რომელსაც ელიტრაუნდის მატჩებში ვხედავთ.
- ამჟამინდელი ნაკრების 2010 წლის ფორმაციის გუნდს შეადარეთ...
- ეს ორი სრულიად განსხვავებული გუნდია. ინდივიდუალური თვისებებისა და მოთამაშეთა შერჩევის მხრივ, მათი შედარება ძალიან რთულია. ჩვენ 1991 წელს დაბადებული ფეხბურთელების თაობასთან, რომელიც 2010 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, 4 წელი ვმუშაობდით. ამჟამინდელ გუნდთან კი, მხოლოდ წელიწად-ნახევარია ვშრომობთ. მუშაობის მეთოდები აბსოლუტირად განსხვავებულია.
1991 წელს დაბადებულ მოთამაშეებთან ერთად, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, სადაც ფინალში გავედით და ესპანეთთან წავაგეთ. მაშინ, ჩვენ დიდ ხანს ვემზადებოდით და მოთამაშეებს უკეთესად ვიცნობდით. ამჯერად, უდიდესი მოცულობის სამუშაო ჩავატარეთ, რათა ნაკრების კანდიდატების შესაძლებლობები შეგვესწავლა. გარდა იმისა, რომ ყურადღებას გუნდში ახალი მოთამაშეების ურთიერთობას ვაქცევდით, ასევე, ისინიც გავიხსენეთ, რომლებიც სელექციის დროს გამოგვრჩა. ამ სამუშაოს ჩასატარებლად მხოლოდ წელიწადზე მეტი დრო გვქონდა, როდესაც იმ თაობასთან ოთხი წელი ვმუშაობდით.
- ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ასეთ მაღალ დონეზე ასპარეზობა რამდენად მნიშვნელოვანია?
- უდავოა, რომ მომავალი მატჩები მოთამაშეებისთვის კარგი სტიმული იქნება. გარდა ამისა, დიდ საერთაშორისო ტურნირზე ოთხეულში მოხვედრა, ეს ევროპის ჩემპიონატი იქნება თუ მსოფლიოსი, ბიჭებს პრაქტიკულად საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბებში მოხვედრის გარანტიას აძლევს. ეს გაბრწყინების საუცხოო შესაძლებლობაა. გუნდის გამოსვლას თვალს არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ადევნებენ. ფეხბურთელებმა ეს იციან და კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ნახევარფინალში გასვლა.
- თქვენთვის ფინალური ტურნირები უკვე რუტინა გახდა, თუ ისინი ყოველთვის განსაკუთრებულია?
- რუტინა მომზადებაში გვეხმარება, მაგრამ ჩვენს მიერ ნაჩვენებ შედეგებთან არავითარი საერთო არ აქვს. ყოველთვის ახალი ჯგუფი და მატჩი გველოდება, ამიტომ, წინასწარ არ ვიცით, რა მოხდება. თუმცა, ახალი ჩემპიონატის სტარტამდე, წინა ფინალურ ტურნირზე თამაშის გამოცდილების ქონა ძალიან სასურველია.