“რომას” ფორვარდ ფრანჩესკო ტოტის აზრით, რომაულმა კლუბმა იტალიის ჩემპიონობის შანსი თითქმის დაკარგა. შეგახსენებთ, სერია A-ს დასრულებამდე 10 ტურით ადრე მეორე ადგილზე მყოფი რომაული კლუბი ლიდერ “იუვენტუსს” 14 ქულით ჩამორჩება.
“ჩემპიონობა? ჩვენ ძალიან ჩამოვრჩით ლიდერს და 99 პროცენტით ტიტული დავთმეთ, მაგრამ თუ ამ შემადგენლობას და მწვრთნელ რუდი გარსიას შევინარჩუნებთ, დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ოქროს მედალს მოვიპოვებთ – ციტირებს ტოტის სიტყვებს “რომას ოფიციალური ვებ-გვერდი.
37 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატთან დაკავშირებითაც გააკეთა რამდენიმე საინტერესო განცხადება.
“რომას” კაპიტანი იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჩეზარე პრანდელის სამუნდიალე განაცხადში “პარმას” თავდამსხმელ ანტონიო კასანოს შეყვანას ურჩევს.
“ჩემი აზრით, კასანო ამას იმსახურებს. რაც შემეხება მე... თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს და კარგ ფორმაშიც ვიქნები, რატომაც არა. მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ყველას ოცნებაა” – დასძინა ფრანჩესკო ტოტიმ.