ინტერვიუები

16:04 | 14.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი: “რომასთვის” პრობლემა არასოდეს ვიქნები”

ფრანჩესკო ტოტიმ, რომელიც მასმედიასთან საუბრისგან თავს დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა, დუმილი დაარღვია და რომაული დერბის (“ლაციო”-“რომა”) წინ პრესკონფერენცია ჩაატარა.  
- თავს როგორ გრძნობ?
- სამწუხაროდ, დერბიში ვერ ვითამაშებ. არ ვიცი, მოედანს როდის დავუბრუნდები. ჩემს მდგომარებას დღიდან დღემდე დავაკვირდებით და იმედი მაქვს, რომ “პალერმოს” წინააღმდეგ თამაშს შევძლებ.
- კლუბის ახალ პროექტზე რას ფიქრობ?
- ეს დიდი პროექტია. ვფიქრობ, ამერიკელებს დიდი საქმეების გაკეთება და დიადი გუნდის შექმნა სურთ. ისეთ ქალაქში, როგორიც რომია დიადი გუნდი უნდა არსებობდეს. ჩვენ მათ ყველაფრით დავეხმარებით რაც შეგვიძლია.
- რა კომენტარს გაუკეთებთ ზაფხულში ბალდინის ნათქვამ სიტყვებს თქვენი სიზარმაცის შესახებ?
- გასაგებია, რომ მაწყენინეს, მაგრამ თითოეულს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს. ფრანკოსთან ყოველთვის საუცხოო ურთიერთობა მქონდა, მაშინაც კი, როდესაც ის წავიდა. ვფიქრობ, ის მალე დაბრუნდება და ვთხოვ, დააზუსტოს რას გულისხმობდა, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა. თუმცა, “რომას” კეთილდღეობისთვის ეს ყველაფერი უკვე გვერდზე გადავდე. ბალდინი ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო მენეჯერია და სასიამოვნოა, რომ აქ იმუშავებს. იმედია, ჩვენ ერთად კიდევ შევძლებთ რაიმეს მოგებას.
- რატომ საუბრობ პრესასთან იმ მატჩის შესახებ, რომელშიც არ ითამაშებ?
- პრეკონფერენციის ჩატარება როდესაც გადავწყვიტე, ვფიქრობდი, რომ ვითამაშებდი. თუმცა, ახლა მიცემული სიტყვის შესრულება და კითხვებზე პასუხის გაცემა მიწევს, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე არ გავალ.
- დერბიში შენს მაგივრად ვინ ითამაშებს?
- ამას მწვრთნელი გადაწყვეტს, რომელმაც მის მიერ შემოთავაზებულ დიდ სიურპრიზებს მიგვაჩვია.  
- შენ გრძნობდი, რომ შეიძლება “რომასთვის” პრობლემა გამხდარიყავი?
- იმედია, “რომასთვის” პრობლემა არასოდეს ვიქნები. თავდაპირველად, ეს ყველაფერი მძაბავდა, როდესაც ერთს მეუბნებოდნენ, ხოლო შემდეგ მეორეს აკეთებდნენ. ვალტერ საბატინის ვესაუბრე და მან დამარწმუნა, რომ ახალი პროექტის ცენტრალურ ნაწილად განვიხილებოდი. თუმცა, პრესკონფერენციაზე მისმა ნათქვამმა ძალიან დამძაბა.
- ლუის ენრიკესთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- ის საკუთარ არჩევანს აკეთებს, რომელსაც პატივს ვცემ. “სლოვანთან” მატჩის დროს რომ შემცვლიდა, არ ველოდი, რადგან თავს კარგად ვგრძნობდი და სათამაშოდ მზად ვიყავი. პირველ შეხვედრაში კი, თამაშის საშუალება საერთოდ არ მომცეს. ასე რომ, მე მოვითხოვე ახსნა-განმარტება, მართლა მთვლიდნენ თუ არა პროექტის ნაწილად. მწვრთნელთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.
- შეიძლება ეს პროექტი უკვე ახლა ჩაითვალოს წარმატებულად? მოგწონს თუ არა მოედანზე შენზე დაკისრებული როლი?
- ეს ხუთწლიანი პროექტია და გუნდი განახლებისთვის დროა საჭირო, რათა ყველა მიეჩვიოს იტალიის ჩემპიონატს. ჩვენ გუნდში ბიჭური სულისკვეთება სუფევს, მათ შორის ჩემშიც და საკუთარი სიტყვის თქმა კიდევ შეგვიძლია. ხუთი წლის შემდეგ კონტრაქტი ამომეწურება – ან მისი გახანგრძლივება მომიწევს ან კიდევ იქამდე რაიმეს მოგება. არ შეეხება მოედანზე ჩემს პოზიციას, თავს კარგად ვგრძნობ, მაშინაც კი, როდესაც გოლი ვერ გამაქვს. გუნდის კეთილდღეობისთვის ყველაფერს ვაკეთებ და ასე თამაში მომწონს. მწვრთნელს ვესაუბრე და მას სურს, რომ ყველა რეკორდი მოვხსნა და მეტოქის კარის სიახლოვეს ვითამაშო. რა თქმა უნდა, უცნაურია, რომ უკვე ხუთი ტური ჩატარდა და ჯერ არ გამიტანია.
- “ლაციოსთან” გასამართ შეხვედრაზე რას ფიქრობ?
- ჩემთვის ეს განსაკუთრებული შეხვედრაა, რადგან რომში დავიბადე და გავიზარდე. ამასთანავე, ბოლოს და ბოლოს კიდევ სამი მნიშვნელოვანი ქულა გვაქვს ასაღები. არა აქვს მნიშვნელობა, მეხუთედ მოიგებ თუ მეექვსედ. ორშაბათიდან ჩვენი ახალწვეულები გაიგებენ დერბი რა არის.
- “რომაში” დარჩენას აპირებ?
- თუ ახალი მეპატრონეები არ გამაგდებენ, მაშინ დავრჩები. აქ უკვე 20 წელიწადია ვარ და ახლა რატომ უნდა წავიდე?!
- იმ თვეების განმავლობაში, როდესაც პრესასთან ურთიერთობა არ გქონდა, რაზე ფიქრობდი?
- ჩემ საქმეს ვაკეთებდი. რისკონეში ჩემი პრესკონფერენცია იგეგმებოდა, მაგრამ ბალდინის სიტყვების შემდეგ, ის გადავდე. ვფიქრობდი, რომ საკუთარ საქმეს მოედანზე გავაკეთებდი და ფაქტებით ვილაპარაკებდი.  
- თქვენ კარიერაში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმა რომაულმა დერბიმ დატოვა?
- ბოლომ, როდესაც დუბლი პირველად შევასრულე. ამდენი კრიტიკის შემდეგ, როდესაც ყველა საუბრობდა, რომ “რომასთვის” უკეთესია, მე თუ არ ვთამაშობ... ეს ერთ-ერთი იყო იმ მატჩებიდან, რომელთა ჩატარებაზე ყოველთვის ოცნებობ.
- იმ პერიოდში რასაც თქვენზე ლაპარაკობდნენ, ყველაზე მეტად რამ გაგანაწყენათ?
- როდესაც ამბობდნენ, რომ “რომას” პრობლემა ვიყავი და კლუბში ამერიკელების მოსვლას ვეწინააღმდეგებოდი. ყოველთვის რაღაცას საუბრობდნენ. ახლა ყველაფერს მივეჩვიე და გულთან ახლოს არ მიმაქვს. თუმცა, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, შინაგანად მაინც განვიცდი.
-კასანომ და იბრაჰიმოვიჩმა განაცხადეს, რომ დაიღალნენ და უახლოეს წლებში კარიერის დასრულება სურთ...
- ეს ჩრდილოეთის კლიმატის ბრალია. ცოტა ხნის წინ, ვთქვი, რომ თამაში 40 წლამდე მსურს. თავს კარგად ვგრძნობ და მოედანზე გასვლა მსიამოვნებს. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და მინდა მას ყველაფერი მივცე, რაც მაქვს. როდესაც დავინახავ, რომ საქმეს თავს მეტად ვერ ვართმევ, მაშინ შევეშვები. თუმცა, ჯერ ამაზე არ ვფიქრობ.
- კარიერის ბოლოს მენეჯერი გახდები?
- ეს სხვა კონტრაქტია, მას მერე, რაც მოთამაშის კონტრაქტი ამომეწურება. მათ შეუძლიათ ჯიხურის დარაჯად ან კიდევ სადმე სხვაგან გამიშვან. კიდევ ხუთი წელიწადი მათთან მუშაობის საშუალება მექნება. ამის შესახებ ჯერ არ მისაუბრია და არც ვისაუბრებ, რადგან ახლა მხოლოდ თამაში მინდა.   
- იმ მწვრთნელებიდან, რომლებთანაც გიმუშავიათ ლუის ენრიკეს ვის შეადარებდით?
- ლუჩანო სპალეტისა და ზდენეკ ზემანს. ორივე მათგანი უპირატესობას შემტევ ფეხბურთს ანიჭებენ. უფრო მეტს ფიქრობენ, რომ თავად ითამაშონ, ვიდრე ყურადღება მეტოქეს დაუთმონ. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანონ. ორსაათანხევრიანი ვარჯიშის ჩატარება შესაძლებელია, მაგრამ ეს ძალიან ბევრია. ზემანის დროიდან მოყოლებული მსგავსი რამ არ ყოფილა.  
- ზემანი ამბობს, რომ “ლაციო” ფავორიტია, ხოლო ლუის ენრიკეს გუნდი კარში ძალიან იშვიათად ურტყამს...
 - ჩვენ ვიცნობთ ზემანს. ამ შემთხვევაში მხოლოდ ლუის ენრიკეზე ვსაუბრობ და ვფიქრობ, რომ ის წარმატებას მიაღწევს. მისი სათამაშო სტილი იტალიურისგან განსხვავდება. მწვრთნელს სურს “ბარსელონასავით” ვითამაშოთ, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ეს იოლი არ იქნება. მას ნათელი და ინოვაციური იდეები აქვს. ისეთ რამეს გვასწავლის, რასაც იტალიაში არავინ აკეთებს.
- დერბის სად უყურებთ?
- სიამოვნებით დავჯდებოდი სათადარიგოთა სკამზე სათამაშო ფორმის ჩაუცმელად. თუმცა, მახსოვს, რომ წინა დერბის დროს, როდესაც ტრავმირებული ვიყავი, ამასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა შეიქმნა. ასე რომ, არც კი ვიცი, წავალ თუ არა სტადიონზე. მითუმეტეს, დერბის სტუმრად ვატარებთ. თუმცა, კვირა დილამდე შევეცდები, რომ ბიჭებთან ერთად ვიყო და დავეხმარო რითაც შემიძლია.
 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა



 

0.133149