25 აგვისტოს “უდინეზე” სერია A-ში თავის სასტარტო მატჩში ფლორენციის “ფიორენტინას” შეხვდება. ღა განწყობით ხვდებიან ფრიულები ახალ სეზონს, ამას უდინელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის ფრანჩესკო გვიდოლინის ინტერვიუდან შეიტყობთ.
- როგორ დაისვენეთ?
- სამწვრთნელო საქმეებიდან გამოთიშვა, ვფიქრობ, სასარგებლო იყო. აქტიურად დავისვენე – ბევრი ვომოგზაურე და ველოსიპედზე ჯდომითაც მიჯერე გული. ამასთან, ოჯახის წევრებთან ერთად დიდი დრო გავატარე და რამდენიმე საინტერესო წიგნიც წავიკითხე. შემდეგ კი ოლიმპიური თამაშების ჯერი დადგა და მიუხედავად იმისა, უკვე აქტიურად რომ ვემზადებოდით ახალი სეზონისთვის, ლონდონში მიმდინარე სპორტულ მოვლენებს თვალ-ყურს ინტერესით მივადევნე.
- ლონდონის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას ფეხბურთი გაზეთების პირველი გვერდებიდან გაქრა. რამდენად სამართლიოანად მიგაჩნიათ ეს ფაქტი?
- ფეხბურთი სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კალჩიოს ხშირად ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობენ ხოლმე, რითაც თუნდაც, მძლეოსნობა ზარალდება. ჩემი აზრით, ეს არასწორია, ოლიმპიადის დროს კი სპორტის სხვადასხვა სახეობებისადმი გამოჩენილი ყურადღება ნორმალური მგონია.
- ერთგვარი “საფეხბურთო სიჩუმის” ფონზე მაინც იყო ერთი საკითხი, რომელიც გულშემატკივართა და მასმედიელთა მხრიდან მოჭარბებულ ინტერესს იწვევს. Aნტონიო კონტეს ათთვიანი დისკვალიფიკაციით დასჯას ვგულისხმობთ. თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანია ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის მისამართით გამოტანილი ვერდიქტი?
- სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაში ნამდვილად ვერ ჩავერევი, კონტე კი ჩემი კოლეგაა და ანტონიოს გულწრფელად ვუთანაგრძნობ.
- პორტუგალიურ “ბრაგასთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩით თუ ვიმსჯელებთ, “უდინეზე” სეზონისთვის ურიგოდ არ მომზადებულა. როგორ გგონიათ, დაძლევთ პორტუგალიურ ბარიერს?
- წინასასეზონოდ ბევრი ვიშრომეთ, სამწვრთნელო შტაბი გავაძლიერეთ, რაც სასიკეთო ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. მხოლოდ ის მადარდებს, რომ სტარტზე ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. საერთაშორისო და საშინაო ასპარეზზე ლამის ყოველ 3 დღეში პრინციპული მატჩის ჩატარება გვიწევს. მესმის, რომ მაყურებელს თვალსასეირო ასპარეზობების ხშირად ხილვა სურს, მაგრამ ეს ფეხბურთს აზარალებს. დავამატოთ ამას სანაკრებო მატჩებიც, რომლებშიც ჩვენი 9 ფეხბურთელია გამოძახებული. თუმცა, კმაყოფილებით შევხვდი “სკუადრა აძურაში” დიეგო ფაბრინის მიწვევას. ჩეზარე პრანდელი არჩევანში არ შემცდარა.
- გუნდში ბევრი უცხოელი მოთამაშე გყავთ. არ გიჭირთ მათთან მუშაობა?
- არა. სწორედ ამიტომ გავაფართოვეთ სადამრიგებლო შტაბი და შედეგიც სათანადოდ დადებითი მივიღეთ.
- სპეციალისტთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ იტალიური ფეხბურთი კრიზისშია...
- კატეგორიულად ვერ დავეთანხმები ამ თვალსაზრისს. ბოლო 6 წლის განმავლობაში “სკუადრა აძურამ” მუნდიალი მოიგო და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ეს კალჩოს ძლიერებაზე მიუთითებს. მაღალიო კლასის მოთამაშეები საკმარისად გვყავს, აი, ინფრასტრუქტურული ასპექტით კი წამყვან საფეხბურთო ქვეყნებს ჩამოვრჩით. Pირველ რიგში ახალი კომფორტული სტადიონებია ასაშენებელი. რამდენიმე მათგანზე ხომ თამაში შეუძლებელია.
- “უდინეზეს” დავუბრუნდეთ. რა მიზანს ისახავთ ახალ სეზონში?
- შეძლებისდაგვარად წინ წავიწიოთ ჩემპიონთა ლიგაში, სერია A-ს რაც შეეხება, 40 ქულის სწრაფად დაგროვება გვსურს, რაც დაბალ ლიგაში დაქვეითების საფრთხეს აგვაცილებს თავიდან. შესაძლოა, ჩემი სიტყვები სიმხდალედ იქნას ჩათვლილი, მაგრამ “ჯანსაღი შიშის” გარეშე პროგრესი არ არსებობს.
- თქვენი ძირითადი კოზირი კვლავინდებურად ანტონიო დი ნატალე იქნება?
- ტოტო ჩვენი მთავარი იარაღია. იმედს ვიტოვებ, დი ნატალე “ბრაგასთანაც” გამოიჩენს თავს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას შევძლებთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ანტონიო სამაგალითო მოთამაშეა და მასთან ერთად მინდორზე ყოფნა მათთვის მეტად მნიშვნელოვანია. დი ნატალესთან პარტნიორობით ახალგაზრდები უფრო მეტი თავდაჯერებით ასპარეზობენ.
გოჩა კაჭარავა