ინტერვიუები

9:56 | 27.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ფრანც ბეკენბაუერი: “ვან გაალი ახლოს მიკარების საშუალებას არასდროს მოგცემს”

დღეს მიუნხენის “ბაიერნში” ერთი ერა სრულდება. კლუბის პრეზიდენტს, ფრანც ბეკენბაუერს, ჩაანაცვლებს ული ჰიონესი, რომელიც აქამდე გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული ფაქტის გამო გერმანულმა “ბილდმა” გადაწყვიტა ამ ორ პიროვნებასთან ერთობლივი ინტერვიუს ჩაწერა.
- ხომ არ გეჩვენებათ, რომ ახლა უმაღლეს ეშელონებში ცვლილებების განსახოციელებლად არცთუ შესაფერისი დროა?
- ჰიონესი: ჩვენ რა თქმა უნდა გვსურს, რომ გუნდმა ბუნდესლიგის მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მეტოქის ჩამოტოვება მოახერხოს. გუნდში ნამდვილადაა რთული მდგომარეობა, მაგრამ ეს დროებითი პრობლემაა. ეკონომიკურად კლუბი ფეხზე მყარად დგას და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება ძალგვიძს.
- სიტუაციის გამოსწორებას ზამთრის სატრანსფერო სეზონზე განხორციელებული შენაძენებით აპირებთ?
- ჰიონესი: არა, ახალი შენაძენები არ იქნება. შესაძლოა გამოვემშვიდობოთ რამდენიმე იმ ფეხბურთელს, რომლითაც უკმაყოფილონი ვიქნებით. 18-19 ფეხბურთელთან მუშაობა უფრო იოლია, ვირდე 24-თან.
-ჰერ ბეკენბაუერ, შექმნილ ვითარებას თქვენც მშვიდად უყურებთ?
- ბეკენბაუერი: ჩვენი კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა გვაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას. სამწუხაროდ ამ ეტაპზე ეს სპორტულ შედეგებზე არ აისახება.
- როგორც ფილიპ ლამის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი, გუნდში არცთუ მშვიდი გარემოა შექმნილი...
- ბეკენბაუერი: ვფიქრობ, რომ ლამმა ემოციების მოზღვავების გამო გააკეთა ეს სკანდალური განცხადება. ასეთი საკითხების გუნდში განხილვა ყოველთვის შესაძლებელია.
- ნუთუ ლამთან საუბარი დადებით შედეგს არ მოიტანს?
- ჰიონესი: თუ ლამი იმითაა უკმაყოფილო, რომ ნახევარმცველებთან საერთო ენის გამონახვა უჭირს, მაშინ მას სასაუბრო თავის თანაგუნდელებთან ჰქონია. რამდენადაც ვიცი, ლამს და სხვა ფეხბურთელებს შორის საუბარი უნდა გაიმართოს.
- გაქვთ იმის შეგრძნება, რომ განცდილმა წარუმატებლობამ ვან გაალი, როგორც მწვრთნელი, შეცვალა?
- ბეკენბაუერი: ვან გაალი კლუბში მოსვლის პირველივე დღიღან ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას. იგი ახლაც ეძებს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის ოპტიმალურ გზას. მწვრთნელს არ გაუმართლა, რომ ტრავმირებულია ფრანკ რიბერი.
- რიბერის ტრავმა ბევრი რამის ახსნა შეიძლება იყოს, მაგრამ არა ყველაფრის...
- ჰიონესი: ჩვენ ხომ ლაზარეთში რიბერის გარდა არიენ რობენიც გვყავს. როდესაც “ვოლფსბურგთან” თამაშის დროს მოედანზე რობენი გამოჩნდა გუნდმა სულ სხვაგვარად დაიწყო თამაში. მაგრამ მას შემდეგ გუნდს ასე აღარ უთამაშია, რადგან რომელიმე ფეხბურთელი ყოველთვისაა ტრავმირებული.
- მოასწრებს რობენი პირველი წრის რომელიმე თამაშში მონაწილეობის მიღებას?
- ჰიონესი: დიახ. სამედიცინო შტაბის მიერ დიდი სამუშაო იქნა გაწეული. იმედი მაქვს, რომ იგი უკვე მომდევნო კვირიდან განაგრძობს ვარჯიშს.
- როდესაც რობენი და რიბერი მწყობრში არიან, 4-3-3 სისტემის დროს შეტევაში ერთი ადგილი რჩება თავისუფალი, მის დასაკავებლად კი ბრძოლა კლოზეს, გომესს და ტონის უწევთ...
- ჰიონესი: ასეა. სანამ რობენის ტრანსფერს განვახორციელებდით, ვან გაალთან გვქონდა საუბარი. ჩვენ გვსურს, რომ გუნდმა ითამაშოს 4-4-2 სისტემით! ჩვენი სურვილია მოედანზე იყოს ორი ფლანგზე მოთამაშე შემტევი, ერთი დაცვითი ფუნქციების შემსრულებელი ნახევარმცველი და ორი თავდამსხმელი. საშინაო შეხვედრებში ორი თავდამსხმელით თამაში სრულიად შესაძლებელია. 4-4-2 სისტემა შემთხვევების 80%-ში გაამართლებს. ვან გაალი ჩვენს ამ მოსაზრებას ეთანხმება.
- რობენის შეძენა ვან გაალის სურვილი იყო?
- ჰიონესი: როდესაც მადრიდიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ “რეალი” მზად იყო შელეოდა რობენს, ვან გაალთან საუბარი გავმართეთ. ლუისმა თავად დაურეკა რობენს და ჰკითხმა, მზად იყო თუ არა იგი ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე სათამაშოდ. როგორც კი ფეხბურთელმა დადებითი პასუხი გაგვცა, მაშინვე დავიწყეთ ტრანსფერის განხორციელებაზე ზრუნვა.
- მომდევნო ზაფხულში რომელი იქნება ჯერ კიდევ კლუბში, ლუის ვან გაალი, თუ ლუკა ტონი?
- ჰიონესი: რთული სათქმელია. ამჟამად ფეხბურთელს და მწვრთნელს შორის გარკვეული პრობლემები არსებობს. განსაკუთრებით ლუკა ტონის განცხადების შემდეგ. გუნდს წინ ბუნდესლიგაში კიდევ ხუთი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ერთი მატჩი ელის. ვნახოთ რა მოხდება.
- ბოლო პერიოდში კრიტიკული დამოკიდებულება გქონდათ ვან გაალის მიმართ...
- ჰიონესი: კლუბის მმართველობას და ვან გაალს ერთმანეთთან მეგობრული და კონსტრუქციული, თუმცა კრიტიკული დამოკიდებულა აქვთ. როდესაც “ბაიერნი” სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზე იმყოფება, ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა.
- ბატონო ბეკენბაუერ, იცნობთ ახლოს ვან გაალს?
- ბეკენბაუერი: შესაძლებელია კი საერთოდ მისი ახლოდან გაცნობა? პირადად მე ვფიქრობ, რომ ვან გაალი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავთან ახლოს მიკარების საშუალებას არასდროს მოგცემს.
- ჰიონესი: არა ფრანც! არსებობს ერთი ვან გაალი, რომელსაც საზოგადოება იცნობს და არსებობს მეორე ვან გაალი, რომელსაც მე ვიცნობ. როდესაც საღამოს ლუისი შენთან ერთად წითელ ესპანურ ღვინოს შეექცევა, იგი აბსოლუტურად გახსნილია. არ იქნებოდა ურიგო, რომ იგი ერთხელ მაინც წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე ამგვარი სახით.
- ბეკენბაუერი: შესაძლოა მას არც სურს ამის გაკეთება, რადგან ურჩევნია ჰქონდეს ავტორიტარული პიროვნების იმიჯი.
- ჰიონესი: შესაძლოა ასეც იყოს.
- რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვან გაალიც ისევე მალე განიცდის წარუმატებლობას, როგორც ეს კლინსმანის შემთხვევაში მოხდა?
- ბეკენბაუერი: ადრეც არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მწვრთნელი “ბაიერნში” მცირე ხნით გაჩერებულა. მაშინ მე განვაცხადე: “მივდივარ ბავარიის ტყეში იმისათვის, რომ მწვრთნელი ხისგან გამოვთალო”. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც შეუძლებელია “ბაიერნის” გაწვრთნა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მოსაზრება მცდარია. “ბაიერნში” მუშაობა ძალზე ადვილია, რადგან შენ გმართებს მხოლოდ და მხოლოდ მოიგო თამაშები.
- ჰიონესი: თავს ვიმტვრევ იმაზე ფიქრით, თუ რატომ აქვს “ბაიერნს” ყოველთვის პრობლემა მწვრთნელთან დაკავშირებით. ჯერჯერობით პასუხს ვერ მივაგენი. ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ იგი ყველაფრის რეგულირებას მოახერხებს. მაგალითად ავიღოთ ტონისთან წარმოქმინილი პრობლემა, რომლის მოგვარებაც მას პირადად სურს. მაგრამ ყველა საკითხის მოგვარება მას მარტო არ შეუძლია.
- ბეკენბაუერი: ვან გაალმა უნდა ისწავლოს სხვებისთვის ნდობის გამოცხადება და პასუხისმგებლობის გაზიარება. სამწვრთნლო საქმიანობის დასაწყისში მეც ასეთივე მოუთმენელი ვიყავი და მსურდა ყველაფერი თავად გამეკეთებინა.
- არც ერთი სხვა კლუბის ხელმძღვანელობას ამხელა კომპეტენცია არ გააჩნია...
- ჰიონესი: დიახ, ვან გაალს ასეთი სიტუაცია არც ერთ კლუბში არ დახვედრია. შესაძლოა, იგი მას ამის გამო გარკვეული პრობლემებიც ჰქონდეს. ჩვენ მხოლოდ გვსურს, რომ მას ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით დავეხმაროთ. მაგრამ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მოედანზე თამაშის წარმართვას ეხება, მან დამოუკიდებლად უნდა მიიღოს.

მიშა ზაქარეიშვილი

0.133188