მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა ყოველთვის განებივრებულია ყოფილ ან ამჟამინდელ მეგა-ვარსკვლავთა სტურობით, გამონაკლისი არც სამხრეთ აფრიკაა. ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში მუნდიალის მომგები, ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარე იყო, ხოლო ამჟამად სამხრეთ აფრიკაში საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფება. ბუნებერივია, ასეთი პერსონების მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია და მათ აზრს ყველა ანგარიში უწევს. მითუმეტეს, მასმედიის წარმომადგენლებისთვის ბეკენბაუერის დონის ფიგურებთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც წარმოშობით არგენტინელმა ჟურნალისტმა “კაიზერ ფრანცს” ჩამოართვა.
- ჰერ ფრანც, რატომ ხდება ასე - გერმანია მსოფლიოს ჩემპიონატზე მეკარე ადლერისა და კაპიტან ბალაკის გარეშე წავიდა, მაგრამ პირველი მატჩის შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი იოახიმ ლიოვის მიერ ჩამოყალიბებულ ანსამბლში ზედმეტი იყვნენ?
- სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი საიდუმლოება – ხალხი. თითოეულ ფეხბურთელს, ვინც იოახიმმა ნაკრებში მიიწვია, გათვითცნობიერებული აქვს, რომ ეს ტურნირი მისთვის ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი სახელის ჩაწერის შანსია. ჟურნალისტები ბევრს აკრიტიკებდნენ კლოზეს, პოდოლსკის, ვიცი, რომ ისინი აღშფოდნენ, როდესაც კაპიტნის სამკლავური ფილიპ ლამს გადასცეს. იმედია, ახლა არავისთვის არაფრის ახსნა საჭირო არაა – გუნდმა აზრიანი და რაც მთავარია შედეგიანი ფეხბურთი აჩვენა. მჯერა, გუნდი მომავალშიც ასევე გააგრძელებს თამაშს.
- მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩატარებული საწყისი შეხვედრები მოგეწონათ? ხომ არ მოიწყინეთ?
- ასეთი ხმაურის ფონზე რა დაგაძინებს (იცინის). გუნდების ასეთ არცთუ შთამბეჭდავ თამაშს, ცოტა გატანილ გოლებსა და დასამახსოვრებელი მომენტების ნაკლებობას, ფეხბურთელების უდიდეს მღელვარებას ვუკავშირებ. ჯერჯერობით, მხოლოდ გერმანიამ დაძლია მღელვარება, ხოლო სხვები ძალიან უსახურად გამოიყურებოდნენ.
- არგენტინაც?
- მესის ერთი გოლი მაინც რომ გაეტანა სხვაგვარად ჩავთვლიდი. ჩანდა, რომ ნიგერიასთან მატჩის შედეგზე ყველა ნერვიულობდა – მარადონაც და ფეხბურთელებიც. თუმცა, უდავოა, რომ სამხრეთამერიკელებს უდიდესი პოტენციალი აქვთ.
- სხვათა შორის, ჟურნალისტებმა დიეგო მარადონას შეახსენეს, რომ შანსი აქვს თქვენ და ბრაზილიელ მარიო ზაგალოს გაგიტოლდეთ - ხალხს, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში მოიგეს...
- და მან რა უპასუხა?
- თქვა, რომ სჯობს ის თქვენ არ შეგადარონ...
- ის მართლაც სხვაა.
- ირონიას გაჭირვებით მალავთ. რატომ?
- ეს თუ შეამჩნიეთ, ბოდიშს ვიხდი. არგენტინელები ძალიან მალე ღიზიანდებით. შესაძლოა, ჩემთან საუბარი აღარ მოინდომოთ (იცინის). მარადონას, როგორც პიროვნებას ფეხბურთში ვაფასებ, მაგრამ ეჭვი მეპარება მან მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში საუცხოო შემსრულებლები ჰყავს.
- მაშინ ის გვითხარით, როგორ უნდა მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი? ამისთვის მარადონას რა არ ჰყოფნის?
- ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მას ამისთვის საჭირო გუნდი არ ეყოლება. ვარსკვლავებისგან შემდგარ გუნდს გამოცდილმა დირიჟორმა უნდა უხელმძღვანელოს, ხოლო მარადონამ ჯერ ვერ ისწავლა ხელში სადირიჟორო ჯოხის ჭერა. მას კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, ხოლო მანამდე არგენტინის წარმატების იმედი, მხოლოდ გუნდის ფანატებს უნდა ჰქონდეთ.
- აბა, ფავორიტებს შორის რომელი ნაკრებები არიან?
- პირველყოვლისა - ესპანეთი, გუნდი, რომლის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. ვერსად გაექცევი ბრაზილიელებს. ისინი ყოველთვის ძლიერები არიან და ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ეს ნაკრები ძალიან მაღლა იქნება. არ შემიძლია გერმანია არ დავასახელო - ვოცნებობ, რომ მსოფლიო თასი ჩვენ ქვეყანაში გაემგზავროს, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან ძნელია.
- ინგლისელებისა და ფრანგების თაობაზე რას ფიქრობთ?
- საფრანგეთთან დაკავშირებით არაფერს. უფრო სწორად - არაფერ კარგს, რადგან ამ გუნდისგან თამაში ვერ დავინახე. ინგლისელები... მათ არ გაუმართლათ, მაგრამ იმედი მაქვს, ფაბიო კაპელო ჯგუფური ტურნირის დარჩენილ მატჩებში მდგომარეობას გამოასწორებს.
- სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული სამხრეთ ამერიკის კონტინენტის წარმომადგენელი უნდა გახდეს. ამ მოსაზრებას ეთანხმებით?
- თუ სტატისტიკოსებმა ყველაფერი იციან, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას რა აზრი აქვს? ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც სხვებზე უკეთ ჩაატარებს შვიდ შეხვედრას - სწორედ ამდენია საჭირო ჩემპიონობისთვის. მსოფლიოს ჩემპიონატი განსაკუთრებული ტურნირია. მასზე შემთხვევით საუკეთესო ვერავინ გახდება, რადგან მოქმედი პირების ყველა თვისება ვლინდება – მწვრთნელის, მოთამაშის, გუნდის მენეჯერის, მასაჟისტის. თითოეული ნიუანსი მნიშვნელოვანია – ცხელი კერძის ტემპერატურიდან დაწყებული, მშობლიურ ენაზე გამოცემული გაზეთებით დამთავრებული. ნებისმიერი “ჩავარდნა” კატასტროფის ტოლფასია. ჩემს გამოცდილებას ენდეთ – სამხრეთ აფრიკაში ნამდვილად საუკეთესო გაიმარჯვებს.
- აფრიკაში გულშემატკივრები ადგილობრივი ნაკრებებისგან “გარღვევას” ელიან. მათგან რომელიმეს შეუძლია სენსაცია შემოგვთავაზოს?
- პირველყოვლისა - სამხრეთ აფრიკამ, რომელიც საბრძოლოდაა განწყობილი. ნიგერიის ხასიათი მომეწონა მიუხედავად იმისა, რომ წააგო. თუმცა, ზოგადად აფრიკული ნაკრებების პერსპექტივის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ისინი მეოთხედფინალზე შორს ვერ წავლენ.
- ვუვუზელებმა, რომელთაც ადგილობრივი გულშემატკივრები სიამოვნებით ახმაურებენ, მოთამაშეებისა და ჟურნალისტების სხვადასხვაგვარი შეფასება მიიღო. საერთო აზრი იქამდე მიდის...
- ბოდიში, თქვენი კითხვა გავიგე – ისინი ძალიან ხმაურობენ. სჩანს, მე უკვე ნელ-ნელა შევეჩვიე და ეს ღრიანცელი ნაკლებად მაღიზიანებს. თუმცა, გეთანხმებით, რომ სამხრეთ აფრიკაში მართლაც თავისებური გულშემატკივრობის კულტურაა. ვუვუზელას საჩუქრად სახლშიც წავიღებ, რადგან ეს მეგობარმა ძალიან მთხოვა. თუმცა, მას მხოლოდ ერთი პირობით მივცემ, რომ სტადიონზე არ ატაროს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა