უკვე ოფიციალურად გარკვეულია იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში იასპარეზებენ. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, გადაწყდა რომ უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდები 16 მდე გაიზრდება და მათ შორის იქნება ფოთის “კოლხეთიც”.
მეგრული კლუბი ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა, ფოთელები პარასკევ საღამოს თურქეთში გაემგზავრნენ და იქ გაივლიან შეკრებას, “მსოფლიო სპორტი” “კოლხეთის” მთავარ მწვრთნელს ზაზა ინაშვილს თურქეთში გაგზავრებამდე ესაუბრა.
- უპირველესად უმაღლეს ლიგაში ოფიციალურად დაბრუნებას გილოცავთ. როგორ ემზადებით უმაღლესი ლიგისთვის?
- გმადლობთ მოლოცვისთვის. მზადება 20 ივნისს დავიწყეთ, გვქონდა ორჯერადი ვარჯიშები, ვითამაშეთ ოთხი საკონტროლო თამაში, ქობულეთის “შუქურასთან” წავაგეთ 1-2, “მაჭახელასთან” ფრე 4-4, “სამტრედია” დავამარცხეთ 1-0 და ასევე გავიმარჯვეთ აზერბაიჯანის “ქარადაღთან” 2-1.
- გუნდში ახალწვეულები გამოჩნდნენ, მათ შორის უცხოელი.
- დიახ, ყველა რგოლში სჭირდებოდა გუნდს გაძლიერება და ამას ეტაპობრივად მივყვებით. “მეტალურგიდან” დავიმატეთ მეკარე კოკა სეფიაშვილი, “ლოკომოტივიდან” ამირან გუგუშვილი, “ზუგდიდიდან” ლუკა გუგუჩია, ცხინვალის “სპარტაკიდან” ირაკლი ეხვაია. “ტირასპოლიდან” კი ჩარლზ ნევუჩე. სასიამოვნოა, რომ ნევუჩემ ამხანაგურ შეხვედრებში უკვე ორჯერ მოახერხა გოლით თავის გამოჩენა. აზერბაიჯანის “ქარადაღთან” სწორედ მან გაიტანა გადამწყვეტი მეორე გოლი. ასევე საუბარია უკრაინელ მცველზე და განელ ნახევარმცველზე, რომლებიც თურქეთში შეკრებაზე შემოგვიერთდებიან.
- რამდენ ხანს დაყოფთ თურქეთში და სავარაუდოდ რომელ გუნდებთან მოგიწევთ სპარინგ მატჩების ჩატარება?
- 31 ივლისს დავბრუნდებით საქართველოში, ირანის მეათე ადგილოსან გუნდთან გავმართავთ სავარაუდოდ პირველ შეხვედრას, მეორე მატჩი თურქულ “მალათიასპორთან” გვექნება. იმედია ნაყოფიერი შეკრება გამოგვივა თურქეთში და ეროვნულ ჩემპიონატს მომზადებულები შევხდებით.
- გვერდს ვერ ავუვლით ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რა ხდება სტადიონთან დაკავშირებით? რომელ სტადიონზე მოუწევს “კოლხეთს” ამ სეზონში ასპარეზობა?
- უახლოეს ხანში უნდა გამოცხადდეს ტენდერი და განახლდება მშენებლობა, თამაშებს ალბათ განმუხურში ან ლანჩხუთში ჩავატარებთ. ჯერ ზუსტად არ არის გადაწყვეტილი.
ედემი ელერჯია