ფორმულა 1-ის ხელმძღვანელი ბერნი ეკლსტოუნი განსაკუთრებით ხელგაშლილი და გულღია ადამიანი არასოდეს ყოფილა, მაგრამ აქამდე ვერავინ იტყოდა, რომ თავის ორ ქალიშვილს რამეს აკლებდა. პირიქით, შვილებისათვის სპეციალური საბანკო ანგარიშიც კი შექმნა, სადაც ყოველთვიურად საკმაოდ დიდ თანხებს რიცხავდა და ეს ფული 22 წლის პეტრასა და 28 წლის ტამარას ფუფუნებაში ცხოვრების საშუალებას აძლევდა.
ყველაფერი უმცროსის, პეტრას გათხოვების შემდეგ შეიცვალა. როგორც აღმოჩნდა, ბერნი ეკლსტოუნის უმცროს ქალიშვილს გათხოვების შემდეგ მადა ზომაზე მეტად გაეხსნა და მამამისს სულ უფრო და უფრო ბევრ ფულს თხოვდა. ეს მაშინ, როდესაც შვილის გრანდიოზული ქორწილი, ევროპული პრესის ცნობით, მისტერ ბერნის ათ მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა.
მოკლედ, შვილების მფლანგველობამ და ხელგაშლილობამ, ფულის ყადრის კარგად მცოდნე ბერნი ეკლსტოუნი წყობიდან გამოიყვანა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ ამიერიდან წელიწადში მილიონ დოლარზე მეტს არცერთ შვილს არ გადაურიცხავს და სამემკვიდრეო ქონების გადანაწილების დროსაც გვარიანად დაფიქრდება. ერთი ძველი ქართული სპექტაკლისა არ იყოს, როდესაც პეტრასა და ტამარას ჯიბეებში “თაგვები პოლკა-მაზურკას ცეკვას დაიწყებენ”, იმედია, მერე მაინც დაფიქრდებიან საკუთარ შეცდომებზე.