ფეხბურთი

23:55 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფონიავამ იგოლავა – გოლი, საგოლე და ავტოგოლიც...

 

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ცხინვალის „სპარტაკს“ 25–ე ეროვნული ჩემპიონატის სტარტზე უხერხულ მეტოქესთან მოუწია დაპირისპირება. ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებს თვალს თუ გადავავლებთ, ცხინვალელებს მარტვილელებთან აქამდე თამაში არ მოუგიათ. ამჯერად, ვლადიმერ ხაჩიძის გუნდს ნავსის გატეხვისთვის ერთგვარი უპირატესობა ჰქონდა, რადგან „მერანს“ საკუთარი არენის მოწესრიგებამდე, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე უწევს საშინაო მატჩების ჩატარება. მოკლედ, მასპინძლები ნეიტრალურ მოედანზე დაუხვდნენ ცხინვალელებს, მაგრამ, „სპარტაკთან“ მოგებათა სერიის გაგრძელება მაინც შეძლეს.

ჩემპიონატის სტარტს ორივე ეს გუნდი ახალწვეულებით შეხვდა. მარტვილელებმა მცველი თეიმურაზ ფარულავა, შუახაზელი ზვიად ლობჯანიძე, შემტევი ნახევარმცველი შოთა ბაბუნაშვილი და ასევე შემტევი შალვა კვანტალიანი დაიმატეს. კვარტეტიდან ამ უკანასკნელმა შეცვლაზე ითამაშა, პირველი ორი ახალწვეული კი სასტარტოში იყო. ცხინვალელთა გუნდის სასტარტოშიც ოთხი ახალწვეული გახლდათ: შემტევი ნახევარმცველები - ნიკა კვეკვესქირი, გიორგი თექთურმანიძე და ლაშა ჩაფიძე. კიდევ ერთმა ახალწვეულმა, ფორვარდმა ვახტანგ ფანცხავამ კი შეცვლაზე ითამაშა. 

მოსამზადებელი პერიოდი „სპარტაკმა“ დაუმარცხებლად ჩაატარა, რასაც ვერ ვიტყვით „მერანზე“, მაგრამ ცხინვალელებმა ახალი სეზონი მაინც მარცხიანად დაიწყეს. სამტრედიაში გამართული ამ მატჩის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ცხინვალელებისგან განსხვავებით, მარტვილელები მოგებას ნამდვილად იმსახურებდნენ. მალხაზ ჟვანიას გუნდის თამაშშიც არა ერთი წუნი იყო, მაგრამ მთლიანობაში „მერანმა“ „სპარტაკზე“ უფრო აქტიურად ითამაშა, ორგანიზებულად და მწვავედ უტევდა მეტოქეს და მოგებაც დაიმსახურა. ამ გამარჯვების მთავარი გმირი კი პაპუნა ფონიავა გახლდათ, რომელმაც ამ შეხვედრაში გოლიც მიითვალა, საგოლე პასიც და ავტოგოლის ავტორიც კი შეიქნა.

მარტვილელებმა მატჩის სტარტზევე გამოაჩინეს ბრჭყალები და პირველად სწორედ მათ ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, მაგრამ მე–9 წუთზე გივი ქარქუზაშვილის დარტყმისას ცხინვალელთა კარი ხარიხამ იხსნა. ხაჩიძის ბიჭებმა ნელ–ნელა იწყეს თამაშის დალაგება და მეტოქისთვის უპირატესობის წართმევასაც შეეცადნენ. მაგალითად, 25-ე წუთზე ლაშა ჩაფიძე უტევდა ძალიან სახიფათოდ, მაგრამ გატანა ვერ მოახერხა. „მერანმა“ კი  მოწინააღმდეგეს აგრძნობინა, რომ არაფრის დათმობას აპირებდა. ცხინვალელთა მცდელობამ თავისი შედეგი მაინც გამოიღო და ტაიმის შუაწელს თამაში გათანაბრდა. ის–ის იყო მოწინააღმდეგეები უგოლოდ უნდა გასულიყვნენ შესვენებაზე, რომ „მერანი“ ე.წ. „გასახდელის გოლით“ დაწინაურდა. სტუმართა შეცდომებით კარგად ისარგებლა პაპუნა ფონიავამ, რომელმაც მარცხენა ფრთხიდან მეკარის მოედანზე დაბალი ბურთი ჩააწოდა, იქ კი ყველას აკაკი შულაიამ დაასწრო და ანგარიშიც გახსნა - 1:0.

მეტოქეებმა მეორე ნახევარი იგივე შემადგენლობებით, საშუალო ტემპში დაიწყეს. თუმცა, „მერანმა“ „სწრაფი გოლით“ ფორის შექმნა მოახერხა. 53–ე წუთზე, აქტიურმა პაპუნა ფონიავამ საგოლე პასს თავისი გოლი მიაყოლა. მეორე მიღებულმა გოლმა სტუმრები ფსიქოლოგიურად გატეხა და მარტვილელებს კიდევ ორჯერ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ შოთა კუჭუხიძისა და აკაკი შულაიას დარტყმებისას  „სპარტაკის“ მეკარე გიორგი ნადირაძემ რთული ბურთები აიღო. სტუმართა მეკარის დამაჯერებელი თამაში  გუნდსაც გადაედო. სხვათა შორის, ნადირაძე ნიკა კვეკვესქირთან ერთად, ცხინვალელთაგან საუკეთესო გახლდათ, მასპინძელთაგან კი სხვებზე უფრო პაპუნა ფონიავა და შოთა ბაბუნაშვილი ყოჩაღობდნენ. „სპარტაკს“ დროც საკმაოდ ჰქონდა თამაშის გადასარჩენად და მათაც შეუტიეს. ცხინვალელთა გუნდის თავკაცმა ვლადიმერ ხაჩიძემ მოედანზე ვახტანგ ფანცხავა და ლევან ქურდაძე შეუშვა. მოგვიანებით კი ლაშა კუმუხტაშვილიც ჩართო თამაშში. შეცვლებს მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამაც მიმართა, მაგრამ თავისი გუნდის თამაში დაცვით სტილზე არ გადაუწყვია. „მერანმა“ შემტევი ტაქტიკა არ შეცვალა, თავის მხრივ „სპარტაკიც“ უტევდა ამან შედეგიც გამოიღო. 63–ე წუთზე, პაპუნა ფონიავამ მეკარეს დაუბრუნა ბურთი, მარტვილელთა გუნდის კაპიტანი, კიპერი ჯონი შეროზია ბურთის წინ დარტყმისას შეცდა, ბურთს ფეხი ააცილა, მისი შეჩერება ვეღარ შეძლო  და ანგარიშიც ასე შემცირდა - 2:1.

„სპარტაკს“ თამაშის გადარჩენის შანსი მიეცა. ცხინვალელები გააქტიურდნენ, მაგრამ მარტვილელები დაცვაში ყურადღებით თამაშობდნენ. მიუხცედავად ამისა, სტუმრებს 85–ე წუთზე შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა. თუმცა, ლევან ქურდაძის დარტყმულს შეროზია გადაეფარა, მეკარის მოგერიებული ბურთი ზვიად მეტრეველმა კარში დაარტყა, მაგრამ, ამჯერად მცველმა თეიმურაზ ფარულავამ იმარჯვა და თავისი გუნდი იხსნა. საბოლოოდ, „მერანმა“ სასურველი ანგარიში შეინარჩუნა და ახალი სეზონი სტარტზე პირველი 3 ქულა მიითვალა.

მერანი (მარტვილი) – სპარტაკი (ცხინვალი) – 2:1 (1:0)

10 აგვისტო 2013 წ. 17:30. სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“. 200 მაყურებელი.

მერანი: ჯ. შეროზია, ლ. გეგეჭკორი, ქარქუზაშვილი, ფარულავა, ხუბუა, ლობჯანიძე, გ. მელქაძე, ბაბუნაშვილი, ფონიავა (შ. კვანტალიანი, 68), შულაია (მელიავა, 55), კუჭუხიძე.

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

სპარტაკი: ნადირაძე, შონია, მგელაძე, კილასონია, კ. ხიზანეიშვილი, კვეკვესქირი, ჩაფიძე (ქურდაძე, 57), თექთურმანიძე (ფანცხავა, 57), ბურძენაძე, თუხარელი (კემუხტაშვილი, 76), მეტრეველი.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

გოლები: 1:0 აკაკი შულაია (45+1. პაპუნა ფონიავას პასით), 2:0 პაპუნა ფონიავა (53), 2:1 პაპუნა ფონიავა (63. საკ. კარში)

გაფრთხილება: ზ. ლობჟანიძე (21), კილასონია (34), შულაია (50), ბურძენაძე (75)

არბიტრი: თორნიკე გვანცელაძე (სამტრედია)

 

0.137321