ბელარუსის საფეხბურთო პრემიერლიგაში პირველი ქულა აიღო ბრესტის “დინამომ”, რომელშიც უჩა გოგოლაძე, ოთარ ჩაფიძე და დათა სიჭინავა ირიცხებიან.
მე-4 ტურში, ბრესტელებმა “გომელს” უმასპინძლეს და ფრეს (1:1) გამორჩნენ. “დინამო” 53-ე წუთზე დაწინაურდა, ხოლო თავის კარში გოლი 89-ე წუთზე მიიღო. გოგოლაძე სასტარტოში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. “დინამო” ერთი ქულით 12-გუნდიანი სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება.
სამხრეთ აფრიკის უმაღლესი ლიგის 25-ე ტურში, “მოროკა სვოლოუვსი” გასვლაზე “ჩიპა იუნაიტედთან” 1:2 დამარცხდა. გიორგი ნერგაძე “მოროკას” სასტარტოში არც ამჯარდ იყო და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს, მაგრამ 28-ე და მე-40 წუთებზე გოლები გაუშვეს და ქულა ვერ აიღეს. “მოროკას” 32 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
აზერბაიჯანის თასის 1/2-ფინალის პირველ დაპირისპირებაში, “ბაქიმ”, რომლის ღირსებასაც გიორგი ფოფხაძე იცავს, შინ “ხაზარ ლენქორანს” 1:0 აჯობა. ბაქოელებმა გამარჯვების გოლი 84-ე წუთზე გაიტანეს. ქართველმა მარცხენა მცველმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. შეგახსენებთ, რომ “ხაზარ-ლენქორანს” ცნობილი უელსელი სპეციალისტი ჯონ ტოშაკი წვრთნის.
უნგრეთის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში, “დიორმა”, სადაც რატი ალექსიძე და გიორგი ქვილითაია გამოდიან, გასვლაზე “ვიდეოტონს” 2:0 მოუგო. ქართველებს არ უთამაშიათ.