ინტერვიუები

15:58 | 16.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფოფხაძე უპირატესობას “მეტალისტს” ანიჭებს

ავსტრიის გრაცის “შტურმის” მარცხენა მცველმა გიორგი ფოფხაძემ უკრაინულ ინტერნეტ-გამოცემა sport.segodnya.ua-სთან საუბარში განაცხადა, რომ “მეტალისტისა” და “ზალცბურგის” წყვილში, 1/8-ფინალში გასვლის მეტი შანსი ხარკოველებს აქვთ. 

გიორგი ფოფხაძე: “მინდა გაგაფრთხილოთ, რომ “ზალცბურგი” გაცილებით ძლიერია “აუსტრიაზე”, რომელსაც “მეტალისტმა” ჯგუფში ორჯერ მოუგო. თავად განსაჯეთ, “ზალცბურგმა” “აუსტრიას” 3:0 სძლია...”.
- თქვენ რას ელით?
- 1:1 ზალცბურგში, ხოლო ხარკოვში 1:0 “მეტალისტის” სასარგებლოდ ან კვლავ 1:1 და პენალტების სერიას. ჩემი აზრით, 60/40-ზეა, რომ 1/8-ფინალში უკრაინული კლუბი გავა. 
-  ყველაზე მეტ ხიფათს “ხარების” რომელი მოთამაშისგან ელით?
- ზამთარში “ზალცბურგმა” “ბარსელონას” დუბლშემადგენლობიდან კარგი თავდამსხმელი იყიდა, სორიანო, რომელიც სწრაფი და ტექნიკურია. ავსტრიელებს 202 სანტიმეტრის სიმაღლის მაირხოფერიც ჰყავთ, რომელიც თავად კარგად თამაშობს, მაგრამ სიმაღლე მისი ერთადერთი პლუსია. არც ტექნიკა აქვს და არც სისწრაფე. ფლანგები როგორც კი ჩაიკეტება, ის ხიფათს აღარ წარმოადგენს. “ზალცბურგს” კარგი ნახევარდაცვა ჰყავს. მარჯვნიდან ლეონარდო მოქმედებს, რომელიც ადრე “აიაქსში” გამოდიოდა და ჩემი აზრით, გუნდის საუკეთესო მოთამაშეა. “ზალცბურგს” კარგი მეკარე ჰყავს და არცთუ ცუდი ცენტრალური ნახევარმცველები. თუმცა, დაცვა სუსტია. განსაკუთრებით მცველებს მაშინ უჭირთ, როდესაც მათ წინააღმდეგ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები თამაშობენ. 
- “ზალცბურგის” სათამაშო სტილს როგორ დაახასიათებდით?
- “მეტალისტის” მსგავსად, ეს გუნდი მოედანზე კი არ წვალობს, არამედ ფეხბურთს თამაშობს. ავსტრიაში ასეთი ოთხი კლუბია: “რაპიდი”, “ზალცბურგი”, “შტურმი” და “აუსტრია”. “ზალცბურგი” თავის ფეხბურთს თამაშობს და როდესაც გოლი ვერ გააქვს, ნერვიულობას იწყებს. ასეთ დროს, “მეტალისტს” შანსი ექნება, კონტრშეტევებზე მეტოქის დაცვის ხაზში შექმნილი პრობლემებით ისარგებლოს. 
- ამ მატჩის ირგვლივ ავსტრიაში როგორი განწყობაა?
- “ზალცბურგის” პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მისი გუნდი 1/8-ფინალში აუცილებლად უნდა გავიდეს. ის ამბობს: “გინდოდათ გუნდისთვის მოთამაშეების ყიდვა და გიყიდეთ”. ფული ბევრი აქვს. თუმცა, გუნდს ცოტა გულშემატკივრები ჰყავს. თუ “შტურმის” თითოეულ თამაშზე 20000 გულშემატკივარი დადის, “ზალცბურგისაზე” -7000-8000. მაქსიმუმ 11000. ყინვის გამო, არა მგონია, თამაშს ბევრი ხალხი დაესწროს.
 
მოამზადა ლაშა თაბაგარმა 
 
0.120167