ინტერვიუები

19:10 | 22.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენტინიო პერესი: “მოურინიო ნომერი პირველია”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინიო პერესი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის დამრიგებელი ჟოზე მოურინიო, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტია. მას სწამს, რომ “სამეფო კლუბი” წლიდან-წლამდე განვითარდება და პლანეტის უძლიერეს გუნდად იქცევა.
“რეალის” პრეზიდენტი AS-სს ესპანეთის თასის ფინალური მატჩის შემდეგ ესტუმრა. ის შეხვედრა “რეალმა” “ბარსელონას” დამატებით დროში, კრიშტიანუ რონალდუს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოუგო.

-   გწამთ, რომ ეს ახალი ციკლის დასაწყისია?
-    მეტოქის გათვალისწინებით, თასის აღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ორი წლის წინათ, “ბარსელონამ” ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა, ტიტულს გასულ წელსაც დაეუფლა და ვფიქრობ, ლა ლიგას წელსაც მოიგებს. “რეალმა” კარგი ნახტომი გააკეთა და ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე ესპანურ ფეხბურთში მოწინავე პოზიციებს დავიბრუნებთ.
-   შემდეგი ნაბიჯი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება?
-    დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მაქსიმუმს გააკეთებენ. მაგრამ, უწინარესად, საჭიროა, რომ “ბარსელონა” დავამარცხოთ. ეს იოლი ამოცანა არ იქნება, თუმცა, ვაჩვენეთ, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია.
-   გუნდის გაუმჯობესების რა ნიშნებს ხედავთ?
-    ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ახალგაზრდები არიან და გამოცდილება არ ყოფნით. გვყავს ბრწყინვალე მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთელების მოტივირება შეუძლია და ამას კარგად აკეთებს. “რეალს” ყველა წინაპირობა გააჩნია საიმისოდ, რომ მომდევნო შვიდ-რვა წელიწადში კიდევ უფრო განვითარდეს.
-   მაინც რამდენად განსაკუთრებულია მოურინიო?
-    მისი პირადი თვისებები უნიკალურია. არავის არ ეწყინოს, მაგრამ ეჭვგარეშეა - მოურინიო მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია.
-   ფინალში კრიშტიანუ ძალიან კარგი იყო...
-    ჩემი აზრით, ის საუკეთესოა და ამის დემონსტრირება მოისურვა. კრიშტიანუ მთელი მატჩის განმავლობაში გვარწმუნებდა ამაში და გამარჯვების გოლი გაიტანა, რითაც მადრიდელები ფეხზე დააყენა. როგორი ემოცია იყო! ის სტადიონზე უნდა შეგეგრძნო, საუცხოო განცდა იყო.
-   რონალდუ მესის გაუტოლდა?
-    ორივე დიდებულია, თუმცა, პირადად ჩემთვის, კრიშტიანუ უკეთესია.
-   “რეალის” გულშემატკივრებისთვის რაიმეს თქმა ხომ არ გინდათ?
-    მხოლოდ ერთს - წამდეთ ჩვენი. ისეთ გუნდს ვაშენებთ, რომელიც მსოფლიო ფეხბურთში ლიდერი იქნება. ახლა აქცენტს ჩემპიონთა ლიგაზე ვაკეთებთ. ძალიან გვსურს “უემბლიზე” თამაში.

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა

0.130543