ინტერვიუები

9:38 | 21.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ფლორან მალუდა: “მსურს, ნაკრებში “ჩელსი” გავიმეორო”

ფლორან მალუდა ერთ-ერთი იმათგანია, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებში ზინედინ ზიდანთან, ტიერი ანრისთან და ფრენკ რიბერისთან ერთად მრისხანე შემტევ ოთხეულს რომ ქმნიდა. “ჩელსის” მარცხენა გარემარბისთვის, გასული სეზონი ერთ-ერთი საუკეთესო იყო კარიერაში – პრემიერლიგის 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და რაც მთავარია, ჩემპიონი გახდა. ამასთან, ინგლისის თასიც მოიგო.
სხვათა შორის, მალუდა და “არისტოკრატების” ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი დიდიე დროგბა, ერთად თამაშობდნენ ფრანგულ “გენგამშიც”, მაგრამ მერე ფლორანი “ლიონში” გადავიდა და ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, კოტ დივუარელმა კი “მარსელს” მიაშურა. 29 წლის მალუდას, “მამლების” მაისურით 51 მატჩში 3 გოლი გაუტანია, აქედან ერთი კი, საქართველოს ნაკრებთან შეაგდო 2006 წელს თბილისში.
“რაც 2006 წელს გერმანიაში ვერ მოვახერხეთ, ახლა უნდა შევძლოთ. სამხრეთ აფრიკაში ჩემპიონობისთვის მივდივართ”, – განაცხადა გარემარბმა  fifa–ს საიტთან ინტერვიუში.
- მდიდარი სეზონი გქონდათ. “ჩელსიმ” დუბლი შეასრულა ინგლისში და თქვენც გუნდის წამყვანი ფეხბურთელი იყავით. რას იტყვით?
- ყველა ამბობდა, რომ ჩემპიონობა და თასის აღება ერთ წელიწადში უმძიმეს დატვირთვებს უკავშირდება. ასეცაა და მშვენიერია, რომ ეს შევძელით. პირადად მე, პირველად ავიღე ერთ სეზონში ორი ტიტული. 2007 წელს, “ლიონში” თამაშისას, ახლოს ვიყავი, მაგრამ თასის ფინალი წავაგეთ “ბორდოსთან”. ახლა კი საოცარი შეგრძნება მაქვს. “ჩელსიმ” დაამტკიცა, რომ ინგლისში საუკეთესოა. იმედია, ეს, კლუბისთვის ახალი ერის დასწყისია.
- როგორ ფიქრობთ, კარიერაში საუკეთესო სეზონი წლეულს გქონდათ?
- დიახ, ბრწყინვალე სეზონი გამომივიდა. დიდი პასუხისმგებლობა და დატვირთვა ვიკისრე “ჩელსიში” – არა მარტო ვუტევდი, დაცვაშიც ბევრს ვმუშაობდი. სეზონის ბოლო რამდენიმე მატჩი მარცხენა მცველადაც კი ვითამაშე, რასაც ადრე ვერ წარმოვიდგენდი. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ჯონ ტერი, ფრენკ ლამპარდი და დიდიე დროგბა არიან, გარკვეულწილად, ჩემს იმედზეც იყვნენ. ეს ცოტას არ ნიშნავს. თანაგუნდელებისგან დიდი ნდობით ვსარგებლობ.
- “ჩელსის” ფეხბურთელების გამოკითხვით, გუნდში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მალუდა გახდა. ალბათ, ძალიან ამაყობთ.
- რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია. ისინი საუკეთესო შემფასებლები არიან – ფეხბურთელებზე, თანაც თანაგუნდელებზე კარგად ვინ უნდა იცოდეს, თუ ვინაა საუკეთესო.
- მაინც, რატომ აგირჩიეს? თქვენი ინდივიდუალურად ძლიერი თამაშის დამსახურებაა?
- არა, ეს მხოლოდ ადამიანური ნატურაა. წინა ორ სეზონში, “ჩელსიში” მქონდა ჩავარდნები და ვატყობდი, ისე ვერ ვთამაშობდი, როგორც შემეძლო. როგორც სკოლაში ხდება, მოსწავლე გამოცდას რომ აბარებს – ასე ვიყავი მეც. წარმატებით ჩავაბარე და ნდობა მოვიპოვე. “გენგამში” და “ლიონში” ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი და ეს მაკლდა “ჩელსიში”. ახლა აღარ მაკლია და მხოლოდ მიხარია. შემიძლია, გუნდში საკუთარი აზრი გამოვთქვა და ამ დროს ფეხბურთელები მისმენენ.
- მსოფლიო ჩემპიონატზეც თუ იქნებით საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი?
- ეს, მგონი, ერთადერთი თემაა, რაზეც ბოლო დროს მესაუბრებიან. 2008 წელს ლიდერობა ვცადე და... როცა გუნდი იგებს, ლიდერი ყველას ცაში აჰყავს, მაგრამ როცა მარცხდება, ყველაზე დიდ წნეხშიც ის ექცევა. ვიცი, რომ ჩემი სათამაშო თვისებები, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში მოქმედებასაც აუვა. თუმცა არ მინდა, ნაკრებში მარკირებულად ჩამშლელი ტიპის ფეხბურთელი ვიყო.
- “ჩელსიში” მშვენიერი სეზონის მერე, ალბათ, საკმაოდ თავდაჯერებული მიდიხართ სამხრეთ აფრიკაში.
- ბუნებრივია. 2006 წლის მუნდიალის წინაც ერთი კვირა ვზეიმობდი “ლიონის” ფრანგულ ტრიუმფს. გერმანიაში ჩასვლის წინ ტრავმაც კი მქონდა და ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად, მთლად ბოლომდე არ ვიყავი მზად. ეს, მუნდიალის დაწყებამდე, თორემ მერე, მალე შევედი სრულყოფილ ფორმაში. ამჯერად კი, უფრო მწყობრში და ბრწყინვალე ხასიათზე ვხვდები ჩემპიონატს.
- ნაკრების მარცხენა ფლანგზე ფრენკ რიბერი და ტიერი ანრი უფრო ხშირად თამაშობენ. ამ პოზიციაზე თქვენი დაყენება, უმჯობესი არ იქნებოდა? მითუმეტეს, მშვენიერი სეზონის მერე.
-  “ჩელსიში” ჩემი კარგი თამაში ნაკრების მარცხენა ფლანგზე ადგილს დამიმკვიდრებს თუ არა? არ ვიცი, ამის განსჯა ჩემი მოვალეობა არაა. ჩემი სამუშაო ფეხბურთის თამაშია. თუმცა იმედი მაქვს, რომ “ჩელსიმ” მაღლა ასწია ჩემი პროფილი. რა თქმა უნდა, ამაში “დამნაშავე” “ჩელსის” ტიტულებია. ლაპარაკია ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდზე და არა “ქარხნის კლუბზე”.
- საფრანგეთის ნაკრების სამუნდიალო სიაში ვერ  მოხვდნენ კარიმ ბენზემა, პატრიკ ვიეირა და სამირ ნასრი. რას იტყვით ამ ფაქტზე?
- ძნელი სალაპარაკოა. ვიცი, რომ ისინი ძალიან გაწბილებულები არიან. ჩვენ კი უფრო დიდი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე. გარწმუნებთ, არანაირი საფუძველი არ გვაქვს იმისა, რომ სამხრეთ აფრიკაში თავდახრილები წავიდეთ. საფრანგეთს მსოფლიო ჩემპიონობა შეუძლია. “ჩელსიში” წარმატების კოპირება უნდა მოვახდინო ნაკრებში. მე და ანელკა თავმოყვარეები ვართ, გუნდურ ტიტულებს, სანაკრებო ტიტულიც გვინდა დავამატოთ.     

მოამზადა ილია ნანობაშვილმა

 

0.118416