სტატიები

11:17 | 8.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფიქრები სისტემატურ უსისტემობაზე...

ეს ბოლო პერიოდია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები დიდ ამბავში არიან - ეროვნული ჩემპიონატის რეგლამენტი არ აძლევთ მოსვენებას. ამიტომაა, ხან კლუბებს შეხვდა ბატონი სიჭინავა და მისი რაზმი, ხან კლუბების მესვეურებს, ხან ორივეს ერთად და ეს-ესაა, პროფლიგის რეანიმაციაც ჩაიფიქრა.
იმ პროფლიგისა, ასე დაუნანებლად რომ გააუქმა სულ ცოტა ხნის წინ.
ეროვნული ჩემპიონატი, ბავშვთა ფეხბურთთან ერთად, ყველაფრის საფუძველია - ნაკრები, მოთამაშე, მწვრთნელი, მასმედია, სპორტული მედიცინა... ვის რა შავ ქვად უნდა რომელიმე მათგანი, თუკი საფეხბურთო სკოლა და ქვეყნის პირველობა არ იარსებებს.
პრობლემა ისაა, ასეთ არსებობას დაახლოებით ჰამლეტისეული სარჩული უდევს - ყოფნაა თუ არყოფნა, მართლა საკითხავია.
საკითხავი რომაა, სწორედ ამიტომ ველოდებით ამდენი ხანია მავან „ყარაჩოხელს“, ფიცხელასავით ომახიანად რომ დასძახებს, „ყოფნა, წრუწუნ-ჯან, ყოფნა!-ო“. სულ ერთია, ვინც იქნება ის დალოცვილი „მდიდარი თუ ღარიბი, ჭკვიანი თუ სულელი, მტერი თუ მოყვარე“ - მთავარია, „კაფენტი“ ჰქონდეს და ქართულ ფეხბურთს რამე უშველოს.
პოლიციის, გუბერნიის, მოქმედი და ყოფილი, პოლიტიკაში და პოლიტიკით გამდიდრებული ადამიანების, მუნიციპალიტეტის, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბიზნესისა და ორიოდ მდიდარი, კერძო მოხალისის იმედზე მყოფი ქართული ფეხბურთი დღემდე სულს ღაფავს. რამდენიც უნდა იძახონ ქართული ფეხბურთის სახლში ყველაფერს ბიზნესის თვალსაზრისით ვუყურებთო, ყოველთვის უხერხულ მდგომარეობაში დარჩებიან.
რომელ ბიზნესზეა საუბარი, როცა ნორმალური სტადიონი არ გაქვს, გარიგებული მატჩების შესახებ ათიდან ცხრა კაცი საუბრობს, კლუბების უმეტესობას ყოველი წლის დასაწყისსა და ბოლოში ელემენტარული საარსებო პირობების პრობლემა უდგას და ყველაზე მთავარი, აგერ, ამდენი წელიწადია, ვერ ჩამოყალიბდა ნორმალური სისტემა, რომელიც საერთო თამაშის წესებს დაუქვემდებარებდა ყველას.
შესაბამისად, ჩემპიონატის ბოლოს მაქსიმუმ ერთი ჩემპიონი გვეყოლებოდა და ფედერაციის შემადგენლობაც ერთი სეზონის გადაგორებაზე მეტად ზოგადად ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებაზე იფიქრებდა.
პირადად მე იმ ადამიანთა რიცხვში ვარ, ვინც ფიქრობს, რომ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, მინიმუმ, 16 კლუბი უნდა გამოდიოდეს, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ეს ვერ ხერხდება. გაწელეს-გამოწელეს და ამ ეტაპზე ოპტიმალურად 12 გუნდი მიიჩნიეს.
ირონიის გარეშე ვამბობ, ისე ამ კლუბების უმრავლესობას დაუმშვენდა ცხვირი, ფიფასა და უეფას სტანდარტებს რამეთი არ პასუხობდეს, მაგრამ არჩევანიც რომ არ გვაქვს?! წესებს და კანონებს რომ მიჰყვე, სამ-ოთხგუნდა უმაღლესი ლიგა შეგვრჩება და ეს კი ნიშნავს ასობით სამუშაოდაკარგულ ადამიანს - მწვრთნელს, ჩინოსანს, მსაჯს, მოთამაშეს, სამეურნეო მუშაკს...
მოკლედ, როგორც გვიჭირს, ისე გვილხინს და ამიტომ გადაწყდა თორმეტი.
გუნდების რაოდენობას მოევლო, მაგრამ დადგა სხვა პრობლემა - ტურების რაოდენობა და ჩემპიონატის გამართვის სისტემა.
წლევანდელმა საცოდაობამ ნათლად დაგვანახა - კარგად მოფიქრებული და განსაზღვრულ წესებს დამორჩილებული შეჯიბრების გარეშე, ჩვენი შინაური ჩემპიონატი აჯაფსანდალს ემგვანება. ამიტომ ახლავე გვმართებს ფიქრი, რა სახის, რამდენტურიანი სისტემა გვჭირდება.
თორმეტი გუნდი ორ წრედ (თითო თამაში შინ და გარეთ) ოცდაორ ტურს ნიშნავს და ეს ძალიან ცოტაა...
თორმეტი გუნდი ოთხ წრედ (ორ-ორი თამაში შინ და გარეთ) ორმოცდაოთხ ტურს ნიშნავს და ეს ძალიან ბევრია...
დანარჩენი - სამი წრე (ერთი თამაში ნეიტრალურ მოედანზე), ქულების განახევრება, ქულების გაორმაგება, გამოკლება და მიმატება პირდაპირ ეწინააღმდეგება ფეხბურთის ძირითად პრინციპს - ყველა მონაწილის ერთნაირ მდგომარეობაში ჩაყენების შესახებ და ეს წლევანდელმა გათამაშებამაც დაგვანახა. რაც უნდა ავსტრიული, შვეიცარიული, შოტლანდიური მაგალითები მოვიყვანოთ, სამართლიანობის პრინციპი ირღვევა.
ავსტრიული ძეხვია კარგი, შვეიცარიული საათი, შოკოლადი და ყველი, შოტლანდიური ვისკი და აქ სადაო არაფერია, მაგრამ როცა საქმე ფეხბურთზე მიდგება, ამ ქვეყნების მაგალითზე რაიმეს გამართლება ან გაქარწყლება ტყუილი მცდელობაა.
მოკლედ, სანამ კლუბების ასეთი სიმეჩხრე გვაწუხებს, ქართული ვარიანტი უნდა დაიხვეწოს და დალაგდეს და ამის მერე რამდენიც გნებავთ, იმდენი ვიფიქროთ ვისკიზე და დასაყოლებელზე.
პრობლემა კი მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როცა რეგულარულ ჩემპიონატში 16 კლუბი მაინც იმონაწილევებს - ეს სეზონში 30 ტურია, რაც სავსებით საკმარისია.
მანამდე კი უნდა ვიწვალოთ, მათემატიკაში უნდა ვიმეცადინოთ.
გამომდინარე იქიდან, რომ რამდენი კაციცაა, იმდენი აზრი არსებობს და ყველა აზრსა აქვს არსებობის უფლება, გადავწყვიტე, ქართული ფეხბურთის სახლსა და ზოგადად მკითხველს ეროვნული ჩემპიონატის გამართვის საკუთარი ვარიანტი შევთავაზო. იგი მოიცავს როგორც რეგულარულ, ასევე საპლეიოფო სისტემას და ამასთან, როგორც ვფიქრობ, მაქსიმალურად დაცულია სამართლიანობის პრინციპი. ზოგადად წერას კი აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ სისტემაზე გადავალ - სავარაუდოდ, ასე უფრო გაადვილდება ყველაფრის გაგება.
პირველი ეტაპი - რეგულარული ჩემპიონატი უნდა გაიმართოს ორ წრედ, მიმოსვლით. მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, გუნდებს 22 ტურის გამართვა მოუწევთ.
მეორე ეტაპი - რეგულარულ ჩემპიონატში დაკავებული ადგილების მიხედვით გუნდები დაიყოფიან ორ, მოზრდილ და მცირე ჯგუფად. პირველიდან მერვე ადგილის ჩათვლით განლაგებული კლუბები პლეიოფის სისტემით ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ და მეცხრე-მეთორმეტე ადგილის დამკავებლები კი პლეიაუტში ანუ არგავარდნისათვის შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
მესამე ეტაპი - ორივე სისტემაში, ისევე, როგორც ამერიკულ სინამდვილეშია, კლუბები დაწყვილდებიან „ზედა-ქვედა“ პრინციპით - ანუ პირველი შეხვდება მერვეს, მეორე - მეშვიდეს, მესამე - მეექვსეს, მეოთხე-მეხუთეს.
რაც შეეხება არგავარდნისთვის მებრძოლებს, აქაც იგივე პრინციპი იმუშავებს - მეცხრე მეთორმეტე ადგილოსანს გაეჯიბრება, მეათე - მეთერთმეტეს.
იმისთვის, რათა მკითხველისთვის უფრო იოლად და ბოლომდე გასაგები იყოს ყველაფერი, შევეცდები სტატიაში ავაგო სქემა, სადაც  გათვალისწინებული იქნება ეს ყველაფერი. ამიტომ თამაშებს დავნომრავ.

„ზედა ჯგუფი“
პირველი რაუნდი - მეოთხედფინალური
წყვილი 1 - შეხვდებიან პირველი და მერვე...
წყვილი 2 - შეხვდებიან მეორე და მეშვიდე...
წყვილი 3 - შეხვდებიან მესამე და მეექვსე...
წყვილი 4 - შეხვდებიან მეოთხე და მეხუთე

მეორე რაუნდი - ნახევარფინალური
წყვილი 5 – 1 გამარჯვებული და 4 გამარჯვებული
წყვილი 6 – 2 გამარჯვებული და 3 გამარჯვებული
წყვილი 7 – 1 დამარცხებული და 4 დამარცხებული
წყვილი 8 – 2 დამარცხებული და 3 დამარცხებული
მესამე რაუნდი - ფინალი ანუ ადგილების საბოლოო გადანაწილება
წყვილი 9 – 5 გამარჯვებული და 6 გამარჯვებული (გამოვლინდებიან ჩემპიონი და მეორეადგილოსანი)
წყვილი 10 – 5 დამარცხებული და 6 დამარცხებული (გამოვლინდებიან მესამე და მეოთხეადგილოსნები)
წყვილი 11 – 7 გამარჯვებული და 8 გამარჯვებული (გამოვლინდებიან მეხუთე და მეექვსეადგილოსნები)
წყვილი 12 – 7 დამარცხებული და 8 დამარცხებული (გამოვლინდებიან მეშვიდე და მერვეადგილოსნები)

„ქვედა ჯგუფი“
პირველი რაუნდი
წყვილი ა - მეცხრე და მეთორმეტე...
წყვილი ბ - მეათე და მეთერთმეტე
მეორე რაუნდი
წყვილი გ - ა გამარჯვებული - ბ გამარჯვებული (გამოვლინდებიან მე-9-მე-10 ადგილოსნები)
წყვილი დ - ა დამარცხებული - ბ დამარცხებული (მე-11 და მე-12 ადგილოსანი)

მესამე რაუნდი ანუ ადგილების საბოლოო გადანაწილება
     წყვილი გ-ს, როგორც უმაღლესი ლიგის პლეიაუტის გამარჯვებული იკავებს მეცხრე ადგილს.
     წყვილი გ-ს დამარცხებული (ანუ საბოლოოდ მეათეადგილოსანი) უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ხვდება პირველი ლიგის მესამეადგილოსანს.
     წყვილი დ-ს გამარჯვებული (ანუ საბოლოოდ მეთერთმეტეადგილოსანი) უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ხვდება პირველი ლიგის მეორე ადგილოსანს.
     წყვილი დ-ს დამარცხებული ტოვებს უმაღლეს ლიგას.
თუკი „ქვედა ჯგუფის“ სისტემას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ უმაღლეს ლიგაში გადმოსვლა პირდაპირ მხოლოდ პირველი ლიგის რეგულარული გათამაშების გამარჯვებულს შეუძლია და მეორე და მესამე ადგილოსნებმა კი ეს შანსი უმაღლესი ლიგის ოთხგუნდა პლეიაუტში მეორე და მესამე პოზიციის დამკავებელ გუნდებთან სერიაში უნდა მოიპოვონ.
ეს კი იქნება სამართლიანიც (პირველი ლიგის გამარჯვებულის მთელი წლის გარჯა ფასდება, მოწინავეებმა კი უმაღლესი ლიგის ჩამორჩენილებთან სიძლიერე უნდა დაამტკიცონ) და სპორტულიც - გუნდები მხოლოდ ერთმანეთთან შეჯიბრებაში გაარკვევენ საკუთარ ბედს.
რაც შეეხება „ზედა ჯგუფს“...
როგორც ვხედავთ, ბრძოლას აგრძელებენ არა მხოლოდ წყვილებში გამარჯვებულები, არამედ - დამარცხებულებიც. მათი მოტივაცია არა მარტო სეზონში ჩატარებული მატჩების რაოდენობის გაზრდაა, არამედ რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება - განვითარებულ და საშუალო საფეხბურთო ქვეყანაში ხომ ნებისმიერი ადგილი ფულად ფასობს ანუ სეზონის ბოლოს კლუბი ანაზღაურებას იღებს იმის მიხედვით, თუ რომელი ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება რეგულარულ ჩემპიონატში უკეთესი ადგილის დამკავებელი გუნდების მოტივაციას (რათა წლევანდელივით წყალში არ ჩაეყაროთ ნაშრომი) - ისე, როგორც საკალათბურთო და ჰოკეის ლიგებშია:
უკეთესი ადგილის დამკავებელი გუნდი შინაური თამაშით იწყებს სერიას და თუკი გადამწყვეტი თამაში გახდა საჭირო, მასაც შინ ჩაატარებს. სწორედ ეს იქნება რეგულარული ჩემპიონატის უმთავრესი მოტივაცია.
ამასთან გუნდი ყოველ რაუნდში შეხვდება იმ მეტოქეს, რომელსაც რეგულარულ ჩემპიონატში დაკავებული ადგილი განუსაზღვრავს: რაც უფრო მაღალი ადგილი დაიკავა მან, მით მეტად დაბალი ადგილის დამკავებელი დაუპირისპირდება.
ეს ნორმალურადაა ნაჩვენები ზემოთ მოყვანილ განრიგში.
ასე რომ, სამართლიანობისა და სპორტული პრინციპი აქაც დაცულია. ნებისმიერი მეტოქე თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ყველაფერი გაწერილი იქნება მხოლოდ მისივე დამსახურების მიხედვით.
რაც შეეხება სერიებს, ვთვლი, რომ თითოეული რაუნდი სამ მოგებამდე უნდა გაგრძელდეს - შესაბამისად, თითო ეტაპზე მეწყვილეებს მინიმუმ სამი (თუ რომელიმემ 3-0 მოიგო) და მაქსიმუმ ხუთი (თუ ორ-ორჯერ მოიგეს და მეხუთე თამაში გახდა საჭირო) მატჩის ჩატარება მოუწევთ. რაკი ეტაპი სამია, საბოლოო ჯამში, კლუბებს მინიმუმ სამჯერ სამი ანუ 9 და მაქსიმუმ სამჯერ ხუთი ანუ 15 მატჩის ჩატარება მოუწევთ.
ამას დაუმატეთ რეგულარული ჩემპიონატის 22 ტური და გამოვა, რომ ფლეიოფიანად კლუბები მინიმუმ 22+9 ანუ 31 და მაქსიმუმ 22+15 ანუ 37 შეხვედრას ჩაატარებენ.
ეს კი თამაშების დაახლოებით ისეთივე რაოდენობაა, რამდენსაც ისინი ჩაატარებდნენ უმაღლეს ლიგაში 16 ან 18 გუნდი რომ ყოფილიყო.
ორადორი გამონაკლისი არსებობს - პლეიაუტის გამარჯვებული და დამარცხებული (შესაბამისად მეცხრე და მეთორმეტე ადგილოსნები) ერთი რაუნდით ანუ 3-5 მატჩით ნაკლებს ჩაატარებენ, მაგრამ თითოეულ მათგანს მინიმუმ 28, მაქსიმუმ კი 32 მატჩის ჩატარება მაინც მოუწევს.
ეს კი ნამდვილად არ არის საგანგაშო - მით უმეტეს, ერთს სიხარულის პერიოდი და მეორეს კი უმაღლესი ლიგის დატოვებით გამოწვეული იმედგაცრუება ელის.
მაშასადამე, სეზონი გამართული გამოდის მატჩების რაოდენობის თვალსაზრისითაც. ეს მათემატიკა სოლიდური გახდება მას შემდეგ, თუკი ზემოხსენებული მატჩების რაოდენობას სათასო შეხვედრებსაც დავუმატებთ.
რაც შეეხება დროს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ორ ნაწილად, შემოდგომასა და გაზაფხულზე მიმდინარეობს, ვფიქრობ, სასურველი იქნება, თუკი რეგულარული ჩემპიონატის დაახლოებით ორი მესამედი (16-17-18 ტური) შემოდგომაზე გაიმართება, დანარჩენი ნაწილი კი (შესაბამისად 6-5-4 მატჩი) გაზაფხულზე - თებერვლის ბოლოსა და მთლიანად მარტში.
შემოდგომაზე გასამართი ტურები პრობლემას არ ქმნიან - სამი თვე ან მეტი საკმარისზე მეტიცაა 16-18 მატჩისათვის (თვეში ექვსი შეხვედრა საშუალოდ) და საგაზაფხულო ნაწილს რაც შეეხება, კლუბებს 35-40 დღეში 6 ან 7 ტურის ჩატარება მოუწევთ ანუ საშუალოდ ტურზე ხუთი-ექვსი დღე დაეხარჯებათ.
ბუნებრივია, ეს კვირაში ერთი თამაშის გრაფიკს გამორიცხავს, მაგრამ ხუთი და ექვსი დღე შუალედიც საკმაოდ მოსახერხებელია და ინგლისური „ბოქსინგ-დეი“-ები ნურავის გაახსენდება.
რატომ ვამახვილებ ყურადღებას ამაზე: იმიტომ, რომ სამ მოგებამდე სპარინგების შემთხვევაში, თითოეულ საპლეიოფო რაუნდს სადღაც თხუთმეტდღიანი ციკლი სჭირდება. ეს საჭიროა, რათა თითო ეტაპზე მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ხუთი მატჩის ჩატარებაც მოხერხდეს და გარდა ამისა, რაუნდებს შორის პაუზა არც ძალიან მცირე, არც ძალიან ხანგრძლივი გამოდგეს.
ყველაფერთან ერთად, სასურველი იქნება, თუ საპლეიოფო სერიის მატჩები „საფეხბურთო დღეებში“ - სამშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს და კვირას გაიმართება. ამასთან, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ასცდება საეკლესიო დღესასწაულებს.
საბოლოოდ კი, პლეიოფის სამი ეტაპი პლუს გათვალისწინებული ნებისმიერი პაუზა ორმოცდაათდღემდე პერიოდს მოიცავს. ანუ ლამის მთელი აპრილი და მაისის 20-22 დღე - რათა ტრადიციას, 26 მაისს საქართველოს თასის ჩატარებას არც ხელი შეეშალოს და იმ დროისთვის ჩემპიონის ვინაობაც გარკვეული იყოს.
ჩემის მხრიდან, უბრალოდ, მაგალითისთვის, მთელი საპლეიოფო ციკლი გასული წლის აპრილ-მაისზე დავაგანრიგე - ვფიქრობ, ასე უფრო ნათლად გამოჩნდება მისი შუქ-ჩრდილები და მკითხველიც უფრო იოლად გაიგებს ყველაფერს.
ჩემი ანგარიშით, 2013 წლის პლეიოფს დავიწყებდი აპრილის პირველ სამშაბათს ანუ 2 აპრილს და დანარჩენი კი როგორც ცხრილშია:
პირველი რაუნდი
2 აპრილი - სამშაბათი, 6 აპრილი - შაბათი, 10 აპრილი - ოთხშაბათი, 13 აპრილი - შაბათი, 16 აპრილი - სამშაბათი...
მეორე რაუნდი
20 აპრილი - შაბათი, 24 აპრილი - ოთხშაბათი, 28 აპრილი - კვირა, 1 მაისი - ოთხშაბათი, 4 მაისი - შაბათი...
მესამე რაუნდი
8 მაისი - ოთშაბათი, 12 მაისი - კვირა, 16 მაისი - ხუთშაბათი, 19 მაისი - კვირა, 22 მაისი - ოთხშაბათი
როგორც ხედავთ, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გუნდმა პირველ ან მეორე რაუნდში მეტოქეს პირველი სამი მატჩიდან სამივე და შესაბამისად სერია 3-0 მოუგო, მაქსიმალური პაუზა 10 დღეს არ აღემატება და იმ შემთხვევაში კი თუ 5 მატჩი დასჭირდა სამი მოგების დასაგროვებლად, მინიმუმ სამი დღე მაინც აქვს მოსამზადებლად.
ამასთან კვირაში ორი მატჩის მეტს არცერთი რაუნდი არ მოიცავს და ეს მაშინ, თუკი მოხდა სასწაული და ყველა სპარინგი ხუთ შეხვედრამდე გაგრძელდა ანუ 3-2 დამთავრდა.
ამ სისტემის დადებითი მხარეა ისიც, რომ საბოლოო ჯამში და უმეტესწილად, ყველა გუნდის ბედი საკუთარ ხელში იქნება, ბოლო მოეღება ეგრეთ წოდებულ „დაწოლებს“, გადანაწილებებს, სატელიტი გუნდების ინსტიტუტს და ფეხბურთელების თხოვება-გადამალვას.
შემცირდება გასასეირნებელი მატჩები, დაძაბულობა საშუალო და მაქსიმალური იქნება და გაიზრდება ნებისმიერი შეხვედრის მნიშვნელობა. რაღა თქმა უნდა, არ და ვერ მოიწყენს გულშემატკივარიც.
რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული და გამორჩეული ფეხბურთელი ცალკე პრიზებით დაჯილდოვდებიან.
...მოკლედ, მე ჩემი ვთქვი. სხვების აზრი ეგება უკეთესი იყოს. იმედია, დადგინდება სისტემა, როცა ყველაფერი ჩატარდება სამართლიანად და ობიექტურად.
გვეყო ეს სისტემატური უსისტემობა!!!
 

კონსტანტინე გოგიშვილი
 

0.126145