ესპანური “სევილიას” თავდამსხმელმა, ალვარო ნეგრედომ, შესაძლოა, კარიერა იტალიურ “ფიორენტინაში” განაგრძოს.
როგორც ცნობილია, ანდალუსიურ კლუბს ვალები აქვს და დავალიანების შემცირების მიზნით, ხელმძღვანელობა გუნდის ლიდერის გაყიდვაზე უარს არ იტყვის. გასულ ზაფხულში, “სევილია” ნეგრედოს 18 მილიონ ევროდ აფასებდა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ახლა, ესპანელები ფასის შემცირებას დასთანხმდებიან.
თუ Football Espana-ს დავუჯერებთ, ნეგრედოს შეძენის სურვილს “ფიორენტინა” გამოთქვამს. დიდი ალბათობით, უახლოეს ზაფხულში, ფლორენციულ კლუბს სტევან იოვეტიჩი დატოვებს. თუ ასე მოხდა, ვინჩენცო მონტელას განკარგულებაში 2 თავდამსხმელი დარჩება – დიდი ხნის უთამაშებელი ჯუზეპე როსი და იმ დროისთვის უკვე 36 წლის ლუკა ტონი.