... 1969 წლის ივლისის ცხელი საღამო იყო. თბილისის “დინამო” მონტევიდეოს “ნასიონალთან” საერთაშორისო მატჩს ატარებდა. ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივრებმა “ლოკომოტივის” სტადიონის ტრიბუნები, თამაშამდე კარგა ხნით ადრე შეავსეს. ცხადია, ყველას აინტერესებდა, თუ როგორ ჩაივლიდა მათი საყვარელი გუნდის დაპირისპირება არა მარტო ურუგვაის, არამედ მთლიანად სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, მაგრამ ფეხბურთის ქომაგები მაინც უფრო სხვა მიზეზით ეწვივნენ სტადიონს. 1969 წლის 16 ივლისს, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის რიგებში უკანასკნელად თამაშობდა მათი სათაყვანებელი სპორტსმენი და ადამიანი - მიხეილ მესხი. დინამოელთა მეთერთმეტე ნომერმა პირველ ტაიმში თავისი საფირმო ფინტებით არაერთხელ ჩააგდო გამოუვალ მდგომარეობაში სამხრეთ ამერიკელი მცველები, პარტნიორებსაც მრავალი ხელსაყრელი სიტუაცია შეუქმნა შეტევის გასაგრძელებლად თუ “ნასიონალის” კარის დასალაშქრად. ამასობაში ასპარეზობის საწყისი ნახევარი დასრულდა და თანაგუნდელებმა მხრებზე შესმული მიშა მინდვრიდან გაიყვანეს. ცხადია, ურუგვაელები საქმის კურსში არ იყვნენ და მათმა მწვრთნელმა თქვა, ქართველებს ეს რა მშვენიერი ტრადიცია გქონიათ – ყოველი ტაიმის დასრულების შემდეგ საუკეთესო მოთამაშეს ამგვარად რომ აფასებთო. როდესაც მონტევიდეოელთა დამრიგებელს აუხსნეს საქმის ვითარება, მან გაოცება და იმავდროულად აღშფოთება (იმ ამბის თვითმხილველები დაგვიდასტურებენ სტუმართა ბრაზილიელი დამრიგებლის ზეზე მორეირას განწყობას) ვერ დამალა და გულწრფელად იკითხა – კი, ბატონო, მაგრამ მეთერთმეტე ნომერი ფეხბურთიდან თუ მიდის, სხვები რატომ რჩებიანო. “დინამოს” მარცხენაფლანგელი მინდორზე საუკეთესო იყო და მისთვის საფეხბურთო კარიერის დასრულება აშკარად ნაადრევიაო. რა იცოდა უშორესი გზიდან მოსულმა უცხოტომელმა, რომ მიშა მესხის სამოთამაშო კარიერა სპორტულ ჩინოვნიკთა ინტრიგას შეეწირა...
როდესაც სპორტისა და კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს შორის პარალელს ავლებენ ხოლმე, უპირველესად იმას გულისხმობენ, რომ ორივე სფეროში მომუშავე დიდოსტატებს ხალხი გამორჩეულად აფასებს და საყოველთაო სიყვარულით გარემოცავს. მოგეხსენებათ, სპორტში წარმატების უპირველესი საზომი, მოპოვებული ჯილდო თუ ტიტულია. ამ მხრივ მიშა მესხს, მისი წინა თაობის ქართველ ფეხბურთელთაგან შედარებით, გაუმართლა. მის მიერ დამსახურებულ რეგალიათა სრული ნუსხა რომ არ შემოგთავაზოთ, მხოლოდ 2 წოდების გახსენებაც კმარა. მიშამ 1960 წელს, საბჭოთა ნაკრებთან ერთად ევროპის თასი (კონტინენტის ჩემპიონატის წინამორბედი და ტოლფასი ტურნირი) მოიგო (სსრკ-ის ნაკრების ცენტრფორვარდმა, ვიკტორ პონედელნიკმა ფინალში გადამწყვეტი ბურთი მესხის ფლანგური გარღვევისა და ზუსტი გადაცემის შემდეგ გაუტანა იუგოსლავიელებს), ხოლო 1964 წლის გვიან შემოდგომაზე მან ჩვენი “დინამოს” “ოქროს თაობის” სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქართულ ფეხბურთს პირველი და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო ტიტული მოუპოვა – საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა. მაგრამ, დაგვერწმუნეთ, გაცილებით მნიშვნელოვანია ის სიყვარული, რომლითაც მეთერთმეტე ნომრიანი მაისურით მოასპარეზე ფეხბურთელი ქართულ საზოგადოებაში დღემდე სარგებლობს.
მიხეილ მესხს თამაშის განუმეორებელი მანერა ჰქონდა. იგი აქცენტს ეფექტურ ასპარეზობაზე აკეთებდა და თავბრუდამხვევი საფირმო ფინტების მეშვეობით შიშის ზარს სცემდა და აბითურებდა მოწინააღმდეგეთა მცველებს. ამასთან, მიშა უსწრაფესი მოთამაშე გახლდათ და როდესაც სიჩქარეს აკრებდა, მის დაწევას თითო-ოროლა უკანახაზელიღა თუ ახერხებდა. მაგრამ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მესხის ასპარეზობა მხოლოდ მაყურებელზე გათვლილი არ იყო. ცხადია, მან რამდენიმე თაობის გულშემატკივარს თავისი განუმეორებელი გამოსვლით დიდი ესთეტიკური სიამოვნება მიანიჭა, თუმცა, მხოლოდ ეფექტური თამაში დინამოელთა მარცხენაფლანგელის თვითმიზანი სულაც არ ყოფილა. სტაჟიანი გულშემატკივარი გაიხსენებს, ფრთაზე განხორციელებული გარღვევის შემდეგ, რამდენი საგოლე გადაცემა შეუსრულებია მესხს. შორს რომ არ წავიდეთ, მარტო მესხი-ზაურ კალოევის ტანდემის გახსენებაც კმარა. სწორედ შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული იუველირული სიზუსტის გადაცემების შემდეგ, ბურთი დინამოელთა ცენტრფორვარდს “თავზე აჯდებოდა” და ამის შემდეგ კალოევსაც მეტოქის კარის დალაშქვრა აღარ უჭირდა ხოლმე. ფეხბურთში, სპორტის რამდენიმე სახეობის მსგავსად, გატანილ ბურთებთან ერთად საგოლე პასებიც რომ ითვლებოდეს, მიშა მესხს პლანეტის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ექნებოდა. უამრავი შედეგიანი გადაცემის პარალელურად, მესხი ხშირად გოლის გატანას თავადაც ახერხებდა, რის დასტურადაც მხოლოდ საკავშირო ჩემპიონატების მატჩებში მიშას მიერ მოწინააღმდეგეთა კარში შეგდებული 54 ბურთიც გამოდგება. ამასთან, მესხი ერთი თავისებური რეკორდის მფლობელიცაა. მან ლენინგრადის “ზენიტს” 7 წუთის განმავლობაში ჰეთ-თრიკი შეუსრულა. ჩვენ მიერ ნახსენებ 54 გოლთაგან კი, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც 1964 წლის 18 ნოემბერს, ტაშკენტის “ოქროს მატჩში” მოსკოვის ტორპედოელ სერგეი შაპოვალენკოს კარში გატანილი ბურთია. იმ ეპიზოდში მიშას ავტორიტეტმა მცველ ანდრეიუკს თავგზა აუბნია, დინამოელთა ფორვარდმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და მაღალ კუთხეში ძლიერად და ზუსტად შესრულებული დარტყმის შემდეგ ანგარიში 3:1 გახადა, რითაც შეხვედრაში და მთლიანად საკავშირო პირველობაში გამარჯვებულის ვინაობა საბოლოოდ გაარკვია.
ზემოთ მესხისადმი გულშემატკივრის დამოკიდებულება ვახსენეთ, მაგრამ აუცილებლად იმასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ მიშას დაფასება არც უშუალოდ მოწინააღმდეგეთა მცველთაგან აკლდა. ისინი ერთხმად აღიარებდნენ, რომ მესხის განეიტრალება პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო და ბევრი უკანახაზელი მას უყოყმანოდ აყენებდა პლანეტის უძლიერეს ფორვარდთა რიგებში. მიშა მესხის სიდიადეზე 2 მაგალითის მოყვანაც სრულიად საკმარისია. გასული საუკუნის 60-იან წლებში თბილისს ბრაზილიის “ბაია” ეწვია. ჩვეულებისამებრ, მესხმა თავისი ფლანგი აიკლო. მისი სამხრეთამერიკელი მეურვე, თამაშის მსვლელობისას (მატჩი ქართველებმა 4:0 მოიგეს) რომ ვერაფერი გააწყო, როდესაც შეხვედრაში პაუზა იყო, მესხს მიეჭრა, ხელში აიტაცა და აკოცა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობს საფეხბურთო წრეებში ალფრედო დი სტეფანო. მიშა მესხის ფენომენალური ასპარეზობა არც მადრიდის “რეალის” არგენტინელ ლეგენდარულ ფორვარდს გამოჰპარვია და ქართველ ჟურნალისტებთან ერთ-ერთი კერძო საუბრისას (1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას) დაადასტურა, ქართველი მარცხენაფლანგელის დარი სწრაფი და ტექნიკური მოთამაშე ბუენოს აირესს არ უნახავსო.
მიშა მესხის თამაში კი არგენტინის დედაქალაქმა 1961 წლის 18 ნოემბერს იხილა. იმ დღეს “რივერ პლეიტის” სტადიონზე 110 ათასი ექსპანსიური ქომაგის თანდასწრებით, საბჭოთა ნაკრები მასპინძელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრა ადგილობრივი დროით 5 საათზე იყო დანიშნული. როდესაც მინდორზე წითელმაისურიანი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, ტრიბუნებიდან კანტი-კუნტად გაისმა ტაში, ხოლო გვირაბიდან არგენტინელი მოთამაშეების გამოჩენის შემდეგ, სტადიონი ვულკანის კრატერს დაემსგავსა. “არ-გენ-ტინა, არ-გენ-ტინა” – ერთხმად გაჰკიოდა მრავალრიცხოვანი აუდიტორია. ჩილიელი არბიტრის, რობლესის სასტარტო ნიშნამდე მიშა მესხი სლავა მეტრეველთან მივიდა და რაღაც გადაულაპარაკა. სლავამ დასტურის ნიშნად თავი დაუქნია, მესხმა კი მზერა არგენტინელთა მარჯვენა მცველის სიმეონესკენ გააპარა. იგი ცენტრალურ უკანახაზელ რამონ დელგადოსთან ერთად ვარჯიშობდა. ასპარეზობის დაწყებისთანავე, მასპინძელთა ფორვარდებმა პიცუტიმ, სანფილიპომ და არტიმემ მწვავე შეტევები მიიტანეს ლევ იაშინის კართან. არგენტინელები მოკლე პასებით, შეუცდომლად ათამაშებდნენ ბურთს და თამაშის სადავეებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკონტროლებდნენ. ამასობაში მარცხენა ფლანგზე მესხმაც მიიღო ბურთი. მის წინააღმდეგ ზანტად გამოემართა მეტოქის მცველი. ქართველმა თავდამსხმელმა მოახლოებული მეურვე მოხდენილი ფინტით უკან ჩამოიტოვა და ბურთი კარის სიახლოვეს, სახიფათო ზონაში ჩააწოდა. არგენტინელთა მეკარე რომამ შეტევა გაჭირვებით ჩაშალა და მაყურებელმაც შვებით ამოისუნთქა. მალე მიშა კვლავ ბრწყინვალედ გაიჭრა მარცხენა ფრთაზე, რასაც სლავა მეტრეველის მარჯვენაფლანგური გარღვევაც მოჰყვა. ტრიბუნებზე სიჩუმემ დაისადგურა. თანდათან კი არგენტინელმა ფანებმა აპლოდისმენტებით დაიწყეს სტუმარ ფეხბურთელთა დაჯილდოება. როგორც კი ბურთს მიშა მესხი იღებდა, სტადიონზე გუგუნის ხმა ერთი-ორად ძლიერდებოდა, ხოლო ქართველი ფორვარდის მიერ შესრულებული მოხდენილი ფინტისა თუ ილეთის შემდეგ ომახიანი შეძახილები და ტაშისცემა გაისმოდა. აი, რას წერს თავის წიგნში - “საჯარიმო მოედანი” იმ მატჩის მონაწილე ვიკტორ პონედელნიკი: “იმ საღამოს განსაკუთრებით ძლიერად მესხი თამაშობდა. მიშას ყოველგვარი ცრუმოძრაობა გამოსდიოდა, ხოლო მისმა საფირმო ფინტებმა თავგზა აუბნია არგენტინელთა განაპირა მცველს, სიმეონეს. მან უხეშობით სცადა ფონს გასვლა, მაგრამ ვერც “ბინძური მეთოდით” მოახერხა მიშას წონასწორობიდან გამოყვანა. ცენტრალური უკანახაზელი დელგადო დაზღვევაზე ხშირად გადადიოდა, მესხთან პირისპირ დარჩენილ პარტნიორს ეხმარებოდა, მაგრამ ქართველს არგენტინელი მცველები ვერც წყვილად აჩერებდნენ. დაახლოებით 25-ე წუთზე, ვალერი ვორონინმა ბურთი მესხს მიაწოდა. მიშამ მერამდენედ აუარა გვერდი სიმეონეს. ამის შემდეგ ქართველის წინ სტოპერი დელგადო აღიმართა. მესხი მასაც დაუსხლტა და ბურთი ჩემი მიმართულებით დაჰკიდა ზედ საჯარიმო მოედნის ცენტრში. არგენტინელთა კიპერი რომა არ ელოდა მოუმზადებლად, შეუჩერებლად რომ დავარტყამდი, ამიტომაც მან ბურთს თვალი მხოლოდ ბადეში აფართხალების შემდეგ შეავლო. მესხისკენ გავვარდი, ერთმანეთს ჩავეკარით, ზემოდან ივანოვი და ნეტოც დაგვახტდნენ. კინაღამ სული შეგვეხუთა”.
ორიოდე წუთის შემდეგ ბურთი კვლავ მესხს მიუვიდა. მის წინ ისევ არაქათგამოცლილი სიმეონე იდგა. მიშამ თავისი ფინტების არსენალიდან ყველაზე კარგი ილეთი ამოიღო – ბურთმა არგენტინელს გაწვრთნილი ცხოველივით შემოუარა და ისევ მესხს მიუვიდა! მიშას “მსხვერპლი” კი მწვანე გაზონზე მოცელილივით დავარდა. ქართველმა გემის კაპიტანივით გაიხედა და ბურთი მარჯვენა ფლანგზე მეტრეველს მიაწოდა. სლავამ დიდი სიჩქარით ჩაუქროლა გაოგნებულ ვიდალს და თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მყოფ პონედელნიკს უპასა. როსტოველმა თავდამსხმელმა (ცნობისთვის, ბავშვობის წლები ვიკტორს თბილისში აქვს გატარებული) ჰაერში ყირამალა ამოატრიალა და უკუდარტყმით ბურთი კარში გადაგზავნა - 2:0. მეორე ნახევარში არგენტინელებმა მინდორზე 3 ახალი ფეხბურთელი - რატინი, პანდო და პაგანი გაიყვანეს, თუმცა, მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანით დაკმაყოფილება მოუხდათ. ასე და ამგვარად, საბჭოთა ნაკრები პირველი ევროპული გუნდი შეიქნა, რომელმაც ბუენოს აირესში არგენტინელთა ძლევა შეძლო, ამ საქმეში კი ლომის წილი მიშა მესხმა დაიდო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, არგენტინელმა გულშემატკივრებმა მავთულის ღობე გადალახეს, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და მესხსა და მეტრეველს დაედევნენ. მიშამ თავს გაქცევით “უშველა”, სლავას კი მაისური შემოახიეს და სუვენირად დაინაწილეს.
1961 წლის 19 ნოემბრის არგენტინული გაზეთები აღმატებითი ხარისხის ეპითეტებით მოიხსენიებდნენ მესხისა და მისი პარტნიორების თამაშს, ერთ-ერთმა სპორტულმა გამოცემამ კი დაბეჭდა თბილისელი ფორვარდისა და სიმეონეს ორთაბრძოლის ამსახველი ფოტო, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა: “ფინტი, რომელმაც არგენტინა დაამარცხა”. ბუენოს აირესში გამომავალი “ელ გრაფიკოს” პირველ გვერდზე კი დასტამბული იყო სცენა, როდესაც მესხი ხელში აყვანილი ჰყავთ არგენტინელ ქომაგებს, გვერდით კი გაშიშვლებული სლავა მეტრეველი მირბის. ფოტოს კი შემდეგი რამ ეწერა: “საბჭოთა კავშირის ნაკრები ქართულ ფრთებზე”.
საყოველთაო აღიარებისა და სიყვარულის მიუხედავად, მესხისთვის გულიც არაერთხელ დაუწყვეტიათ. თავი დავანებოთ იმას, რომ მიშა ფეხბურთიდან ნაადრევად გაისტუმრეს. 1963 წელს, ფიფამ ინგლისური ფეხბურთის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავ მატჩში მონაწილეობის მისაღებად, მსოფლიოს სხვა საუკეთესო მოთამაშეებთან ერთად მიხეილ მესხსაც უხმო, მაგრამ ფეხბურთის საკავშირო ფედერაციიდან მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ წერილი მიიღო, მესხი სათანადო ფორმაში არაა და მისი ლონდონში გამგზავრება მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთო...
აგერ უკვე 41 წელია, რაც მიშა მესხი მინდორზე სათამაშოდ არ გადის. ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოს თუ ქართული საფეხბურთო ცის კაბადონზე არაერთი უმაღლესი კლასის ვარსკვლავი გამოჩნდა, მაგრამ დრომ თბილისის “დინამოს” ლეგენდარული მარცხენაფლანგელის ელვარებას ვერაფერი დააკლო და ძველი თაობის გულშემატკივართა სათაყვანებელი გუნდის მეთერთმეტე ნომერი დღესაც იმ ახალგაზრდა თაობების გულშემატკივართა კერპია, რომელთაც მესხის თამაში მხოლოდ კინოფირის მეშვეობით აქვთ ნანახი.
ორ თვეში მიხეილ მესხის გარდაცვალებიდან 20 წელი შესრულდება...
გოჩა კაჭარავა